ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ დაასრულა მისი ვიზიტი საქართველოში. ამ ვიზიტის თაობაზე ჩვენი რესპონდენტი ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის უფროსი თენგო გოგოტიშვილი საუბრობს.
-„აპატურაი პირველად ჩამოვიდა ამ რანგით საქართველოში. თუმცა იქამდე მრავალჯერ ყოფილა, როგორც გენერალური მდივნის სპიკერი, ნატოს სპიკერი. სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი მას აძლევს ასე ვთქვათ რანგს, საქართველოს საკითხების კურატორისა ნატოში. მთავარი რასაც მე გამოვყოფდი ამ ვიზიტიდან არის ის, რომ ნატო კიდევ და კიდევ უსვამს ხაზს იმ ფაქტს , რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჩვენ ამას წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ და გვეუბნებოდნენ ყოველთვის , რომ საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული სტანდარტები, მაგრამ ახლა უკვე ბოლო პერიოდში ჩვენ გაცილებით უფრო ზუსტად ვიცით, გაცილებით უფრო კონკრეტულად ვიცით რა სტანდარტებზე არის საუბარი. ალიანსის მოთხოვნები ჩვენს მიმართა არის ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი. ეს აღარ არის რაღაცა ზოგადი დასავლური ფასეულობები, ყბა დაღებული სტანდარტები, რომელიც ხან არსებობს რეალურად ხან არ არსებობს. ეს არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნები. ასე ვთქვათ საშინაო დავალება, რომელსაც საქართველო იღებს ყოველი წლის დასაწყისში და ამ საშინაო დავალებას ნატოს აბარებს წლის განმავლობაში და შემდეგ უკვე წლის ბოლოს. ამ საშინაო დავალებას წლის განმავლობაში ჰქვია ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც ჩვენ გვიცვლის ეგრეთ წოდებულ მაპს, გაწევრიენების სამოქმედო გეგმას. ამ პროგრამას აქვს ზუსტად იგივე სტრუქტურული შემადგენლობა როგორიც აქვს მაპს უბრალოდ შედგენილია უფრო მოკლე პერიოდებად. წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელება დაიწყო 2009 წელს. წელს რამდენადაც გვეუბნებიან, რამდენადაც ჩვენც ვატყობთ ჩვენს თავს საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ. ზუსტად ამის დასადასტურებლად, ამის შესამოწმებლად იყო ჩამოსული ჯეიმს აპატურაი. 2011 წელს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ამ წელს შევცვლით საარჩევნო კოდექს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც ბატონმა აპატურაიმაც ისაუბრა, ესაუბრა კონკრეტულად ოპოზიციას, ოპოზიციურ რვიანს და უმრავლესობას. ეს არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ იკისრა ნატოს წინაშე და ამ ვალდებულებას რაღა თქმა უნდა შეასრულებს თუკი საქართველოს უნდა ნატოს წევრობა. ბატონმა აპატურაიმ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნატო კომპრომისზე არ წავა როდესაც საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ნატოს წევრი ქვეყნები არ აღიარებენ აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ-ოსეთს. მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის. ტერიტორიულ მთლიანობას რაც შეეხება ეს საკითხი შედის 2008 წლის შემდეგ ნატოს ყველა დადგენილებაში. მათ შორის უკანასკნელი დეკლარაციაც, რომელიც მიიღო ნატოს ბოლო სამიტმა ნოემბერში, პირდაპირ მოუწოდა რუსეთს უარი თქვას თავის მხრივ აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი, ძალიან სერიოზული კლუბის, ძალიან სერიოზული ქვეყნების სერიოზული მასშტაბი. რაც შეეხება ავღანეთში ჩვენს მონაწილეობას , ნატოს ყველა წევრი და ცხადია მთელი ალიანსიც აღნიშნავს, რომ საქართველო ამ შემთხვევაში უკვე იქცევა, როგორც პარტნიორი. არის რაღაც სფეროები, სადაც საქართველო იქცევა როგორც კანდიდატი ნატოსი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქცევით, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა იმიტომ, რომ მე შემიძლია დაგისახელოთ ათამდე ნატოს წევრი სახელმწიფო , რომელსაც გაცილებით ნაკლები კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში ვიდრე საქართველოს. საქართველო დღესდღეობით იქ წარმოდგენილია 1000-მდე სამხედრო მოსამსახურით, რომლებიც ძალიან რთულ რეგიონში მოქმედებენ, მოქმედებენ ამერიკელებთან ერთად, ბრიტანელებთან ერთად, ესტონელებთან ერთად და საუკეთესო დახასიათებას იღებენ არა მხოლოდ შემართებისთვის, არამედ ცოდნისთვის, პრაქტიკული ცოდნისთვის, რაც მათ შეიძინეს და ეს არის ავღანეთში ჩვენი ჯარის გაგზავნის ერთერთი მთავარი წინაპირობა, რომ ისინი ბრძოლის ველზე სწავლობენ ამ საქმეს."