ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი დახმარების მიღების შემდეგ


საბერძნეთი დახმარების მიღების შემდეგ

„კარგი შეთანხმება“ და მოსალოდნელი რისკები

მას შემდეგ რაც, ევროკავშირის ქვეყნებმა საბერძნეთის ეკონომიკის გადასარჩენად 170 მილიარდიანი დახმარება გამოყვეს, ქვეყანაში ვითარება შედარებით საიმედო გახდა. საბერძნეთის მთავრობას შეეძლება ეს თანხა დავალიანების დასაფარად მიმართოს და ქვეყანას გაბანკროტება აარიდოს. საბერძნეთში არსებულ მდგომარეობას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მილ არსეგა არკვევდა.

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა სამშაბათს შეთანხმებას მიაღწიეს და საბერძნეთს 172 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყვეს. როგორც ევროპის ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ განაცხადა, „ეს ძალიან კარგი შეთანხმება“ იყო.

ამ შეთანხმებით შესაძლებელი ხდება ეკონომიკური ქაოსის თავიდან არიდება და საბერძნეთის დავალიანების 140 მილიარდით შემცირება.

ათენის უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრის კათსიკასი ევროზონის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

„ეს კარგი შეთანხმებაა. ამით 2020 წლისთვის დავალიანება მთლიანი შიდა პროდუქტის 120 პროცენტამდე შემცირდება. ამდენად ეს თანხვდება იმ მოთხოვნებს, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ველოდებოდით,“ - ამბობს პროფესორის კათსიკასი.

თუმცა, საბერძნეთის მოსახლეობისთვის სირთულეები გრძელდება. დახმარების მიღების პირობები სამთავრობო დანახარჯების, პენსიების და ხელფასების შემცირებას და ასევე 15 ათასი სამუშაო ადგილის გაუქმებას ითვალისწინებს.

დღევანდელი მდგომარეობით ყოველი ხუთი ბერძენიდან ერთი უმუშევარია. როგორც ბერძნები აცხადებენ, მდიდრების ცოდვების გამოსწორება საშუალო ფენას დააწვა კისერზე.

ბევრი ეჭვობს, რომ საბერძნეთის მთავრობა თავის პროგრამის შესრულებას არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში მოასწრებს. ამ მოსაზრებას ეკონომისტი მირა სეკურიტესი ემხრობა. თუმცა, არსებობს ოპტიმისტური შეფასებებიც. პლუტარქოს საკელარისი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტია.

„მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ დადებითი შედეგები გვექნება, რაც საბერძნეთის შესახებ ეჭვებს დაასრულებს, ფინანსური კლიმატი გაუმჯობესდება და საბერძნეთში ინვესტიციებიც გაიზრდება,“ - ამბობს საკელარისი.

საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას ინვესტორებიც მიესალმებიან. უოლ სტრიტზე დოუ ჯონსის ინდექსმაც აიწია. თუმცა საბერძნეთში და ევროპის ბაზრებზე გამოთქვამენ შიშს, რომ დახმარების ამოწურვის შემდეგ საბერძნეთს და შესაბამისად ევროზონას უფრო მასშტაბური ფინანსური კრიზისი ელის.

XS
SM
MD
LG