ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სიკვდილის ქარავნების“ მაღალი ფასი


„სიკვდილის ქარავნების“ მაღალი ფასი
„სიკვდილის ქარავნების“ მაღალი ფასი

ავღანელი ფერმერები ყაყაჩოს პლანტაციებში ბრუნდებიან

ავღანური ნარკობიზნესი მსოფლიო თანამეგობრობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ამასთან დაკავშირებით, გაერომ ახალი მოხსენება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით ავღანეთში ოპიუმის წარმოება წელს განახევრდა, რაც ყაყაჩოს პლანტაციებში დაავადების გავრცელებას უკავშირდება, თუმცა კულტივირების საერთო დონე არ შეცვლილა, სამაგიეროდ ფასები ოპიუმზე უკვე ორჯერ მეტია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამის პარალელურად ხორბალზე ფასები დაეცა, ავღანეთში საგანგაშო ტენდენცია იკვეთება - ავღანელი ფერმერები კარგავენ ხორბლის მოყვანის ინტერესს და ისევ ოპიუმის პლანტაციებში ბრუნდებიან.

გაეროს მოხსენების მიხედვით 2010 წლის ოპიუმის მოსავალი მცენარეთა იმ დაავადებამ შეამცირა, რომელიც ავღანეთს უკვე 2003 წლიდან მოედო. მიუხედავად ამისა, ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაციების რაოდენობა არ დაცემულა. პირიქით, ერთერთ პროვინციაში კულტივირების რაოდენობა გაზრდილიც კი არის. ოპიუმზე ფასების ზრდა კი ასევე იმას ნიშნავს, რომ ფერმერები ცუდი მოსავლის მიუხედავად, მაინც კარგ მოგებას ნახულობენ. ოპიუმით ვაჭრობა კი ოფიციალურად ავღანეთის ეკონომიკის ხუთ პროცენტს შეადგენს.

გაეროს ერთერთი მაღალჩინოსანი, რომელიც მოხსენების შედგენაში და შესაბამისად კვლევაში მონაწილეობდა ამბობს, რომ ყველა ეს ფაქტორი უაღრესად შემაშფოთებელია. ჟან ლუკ ლემიუ გაეროს ნარკობიზნესის და ორგანიზებული დანაშაულის ოფისის თანამშრომელია.

„ნორმალური საბაზრო პირობების მიხედვით, თუკი ავღანეთიდან მიწოდება აღარ არის და მოთხოვნა არ არის წარმოების შესაბამისი, ასეთ შემთხვევაში ფასები უნდა დაეცეს, თუმცა ეს ასე არ ხდება და ფასები იზრდება, რაც ძალიან შემაშფოთებელია,“ - ამბობს ჟან ლემიუ.

მსოფლიოში არსებული ოპიუმის საერთო რაოდენობის 90 პროცენტი ავღანეთზე მოდის. ოპიუმი კი ის ნივთიერებაა, რომელსაც ყაყაჩოსგან ღებულობენ და რისგანაც შემდეგ ჰეროინს ამზადებენ. 2010 წელს ოპიუმზე ფასმა კოლოსალურად მოიმატა. თუ ის ადრე 64 დოლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 169 დოლარს აღწევს. რასაკავირველია ეს ერთი კილოგრამი ჰერონის ფასია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნარკობიზნესიდან მიღებული თანხებით თალიბანის მოძრაობის ბიუჯეტი ივსება.

გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები უკვე აღარ ეჭვობენ, რომ ოპიუმზე ფასების ზრდა და შესაბამისად ხორბლის ფასების დაცემა ავღანელ ფერმერებს ისევ ოპიუმის პლანტაციებისკენ მიაბრუნებს. ეს კი ავღანელი გლეხებისთვის უბრალოდ ბიზნესია და სხვა არაფერი. რობერტ უოტკინსი ავღანეთში გაეროს ოფისის თანამშრომელია.

„როდესაც მიწოდება შემცირებულია, ფასებიც გაზრდილია, რაც ავღანელი გლეხებისთვის ძალიან მაცდუნებელი სტიმულია, რათა მათ ყაყაჩოს მოყვანა ისევ დაიწყონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა ისინი ალტერნატივის შესაძლებლობაში დავარწმუნოთ,“ - ამბობს უოტკინსი.

გაეროს პარალელურად ავღანეთში ნარკობიზნესთან ბრძოლას შეერთებული შტატების მთავრობაც ცდილობს. საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის ოფისის განცხადებით კონგრესმა უკვე გამოყო 153 მილიონი დოლარი ავღანეთში 2010 წელს ანტინარკოტიკული ღონისძიებებისთვის.

გაეროს მონაცემებით ორი წლის წინ ავღანეთის დაახლოებით 20 პროვინცია ყაყაჩოს პლანტაციებისგან თავისუფალ ტერიტორიებად გამოცხადდა, ხოლო ჰელმენდის პროვინციაში კი ყაყაჩოს წარმოება 7 პროცენტით დაეცა. თუმცა, იმავდროულად ყანდაჰარში ოპიუმის წარმოება ერთაბაშად 30 პროცენტით გაიზარდა. ფასების მომატება კი ვითარებას სხვა პროვინციებშიც უარესობისკენ შეცვლის. თუკი, გასულ წელს ოპიუმის ბიზნესმა ავღანელი ფერმერებისთვის 438 მილიონიანი მოგება მოიტანა, წელს ფასების ზრდის გათვალისწინებით ამ თანხამ 604 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპერტების განცხადებით ფასების ასეთი ზრდა 2004 წელსაც კი არ ყოფილა, როდესაც დაავადებამ ავღანეთში ყაყაჩოს პლანატაციების ნახევარი იმსხვერპლა.

მსოფლიოში ოპუმის ბაზრის მოთხოვნა წელიწადში 5 ათას ტონას შეადგენს. ავღანეთში ოპიუმის წარმოების პიკი 2007 წელს დაფიქსირდა და მან 8 200 ტონას მიაღწია. გასულ წელს ეს რაოდენობა 6 900 ტონამდე შემცირდა. ვითარება 2010 წელსაც არ შეცვლილა და იგივე რაოდენობა შენარჩუნდა. წლევანდელი მოსავლის განახევრება კი 2011 წლის სურათს აშკარად შეცვლის, თუმცა რამდენით შემცირდება ოპიუმის ბაზრის დაკმაყოფილება ჯერ უცნობია. ერთი რამ რაც ცნობილია, ის არის, რომ ავღანური ოპიუმით დატვირთული „სიკვდილის ქარავნები“ დასავლეთის ბაზრებისკენ ჯერ კიდევ დიდხანს იმოძრავებენ.

XS
SM
MD
LG