ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარემოს დამცველთა ახალი თავსატეხი


გარემოს დამცველთა ახალი თავსატეხი
გარემოს დამცველთა ახალი თავსატეხი

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ელექტრონული მოწყობილობების ჩვეულებრივ ნაგავში გადაყრა გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს.

ამერიკულ სახლებში თუ სამსახურებში ელექტრონული ნარჩენების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. ხალხმა არ იცის, თუ სად და როგორ გადაყაროს უვარგისი მოწყობილობა და მათ ჩვეულებრივ ნაგვის მანქანას ატანენ.

ჩაზ მილერი, მყარი ნარჩენების გადამუშავების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ელექტრონული ნარჩენების რაოდენობის ზრდა 21-ე საუკუნეში სავსებით ბუნებრივი მოვლენაა:

„ჩვენ უთვალავ ელექტრო მოწყობილობას ვიყენებთ. ზოგიერთი მათგანი ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ მალე ფუჭდება. ყოველ 2-3 წელიწადში ვიცვლით მობილურ ტელეფონს, თუ უფრო ადრე არა. იგივე ბედი უწერია ჩვენს კომპიუტერებს“ - ამბობს ის.

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ელექტრონული მოწყობილობების ჩვეულებრივ ნაგავში გადაყრა გარემოს მნიშვნელოვნად აბინძურებს. ისინი ისეთ მომწამლავ ნივთიერებებს შეიცავენ, როგორიცაა ვერცხლისწყალი და ტყვია. ეს ნივთიერებები ჩვეულებრივ ნაგავთან ერთად ნიადაგში ხვდება და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ამიტომ ამერიკაში სულ უფრო და უფრო მეტი რეგიონი კრძალავს მათ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი სამარხების მოწყობას. შტატების უმრავლესობა კი ცდილობს სპეციალური კანონმდებლობის და პროგრამების შექმნას, რომლებიც ელექტრონული ნარჩენების გარემოსთვის ნაკლებად მავნებელ გადაყრას და გადამუშავებას უზრუნველყოფს.

შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანა ყოველწლიურად საშუალოდ 400 მილიონზე მეტ საყოფაცხოვრებო ელექტრონიკას ყრის. მათ სპეციალური სახელიც შეარქვეს: „ელ-ნარჩენი“. გარემოს დამცველების მონაცემებით, მათი მხოლოდ 20 პროცენტის მეორადი გადამუშავება ხდება. 13 წლის წინ კი კიდევ უფრო ცოტა - 6 პროცენტი მუშავდებოდა.

მერილენდის შტატში მდებარე ქალაქ ბალტიმორში კომპანია „CDM E-Cycling” ელექტრონული ნარჩენების მეორად გადამუშავებას აწარმოებს. აქ შემოსულ ნახმარ მოწყობილობებს დეტალებად შლიან და აფასოებენ. კომპანიის ხელმძღვანელი, მაიკ ფენონი, ამბობს, რომ ბევრი კომპონენტი საკმაოდ ძვირფასია, ზოგი კი უვარგისია, მაგრამ მათი მიწაში დამარხვაც არ შეიძლება, რადგან გარემოს ტოქსინებით აბინძურებს. შარშან ამ კომპანიამ 9 მილიონი კილოგრამი ელექტრონიკა გადაამუშავა. ბატონი ფენონის თქმით, ვარგისი დეტალების ექსპორტი საზღვარგარეთ: კანადაში და აზიის ქვეყნებშიც ხდება.

„ამ ნარჩენებს უცხოეთში ვაგზავნით და მათ ადგილობრივი თითბერული საწარმოები მოიხმარენ. ელექტრონული სქემების დაფებზე ძალიან ძვირფასი მეტალებია. მათ შორისაა ოქრო და ვერცხლიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ტყვიაზე და ვერცხლისწყალზე, რომლებსაც აგრეთვე თავისი მომხმარებელი ჰყავს“.

წელს ამერიკის 26-მა შტატმა ნაგავში ელექტრონული მოწყობილობების გადაყრა აკრძალა. ხშირად ნახავთ სპეციალურ დიდი ზომის ნაგვის ყუთებს, სადაც ხალხი ელექტრონულ ნარჩენებს ყრის.

საკანონმდებლო რეგულირება მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ამბობენ გარემოს დამცველები. შემდეგი ეტაპი ხალხში ინფორმაციის გავრცელებაა. მოსახლეობამ ჯერ კარგად არ იცის ელექტრონული მოწყობილობის ჩვეულებრივ ნაგავში გადაყრის მავნებლობის შესახებ. უმრავლესობას ასევე არაფერი გაუგია მათი მეორადი გადამუშავებისთვის ჩაბარების გზებზე და საშუალებებზე.

XS
SM
MD
LG