ათასობით დემონსტრანტი ქაიოროს თაჰრირის მოედანზე უკვე მე-12 დღეა მოითხოვს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის 30 წლიანი მმართველობის დასრულებას.
დღეს დილით, მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა, თუმცა მსხვერპლის შესახებ არაფერია ცნობილი.
ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, მუბარაქი დღეს თავისი ახალი მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდა, რომლის დროსაც ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური სიტუაცია განიხილეს. მთავრობის მტკიცებით, ეგვიპტეში მიმდინარე არეულობა ქვეყანას 310 მილიონი დოლარი უჯდება დღეში.
პარასკევს დემონსტრანტებს არაბული ლიგის თავმჯდომარე ამრ მუსა შეუერთდა. სამხედროებმა ჰაერში სროლით აღკვეთეს მუბარაქის მომხრეების დემონსტრანტებთან მიახლოების მცდელობა.
მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები მთელ ეგვიპტეს მოედო. ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე ალექსანდრიაში, სუეცში, ისმაილიასა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში.