ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრთხე სახელად "გაჟონვა"


საფრთხე სახელად "გაჟონვა"

ანალიტიკოსები და სპეცსამსახურები „ვიკილიქსის“ წინააღმდეგ ზომების შემუშავებაზე ფიქრობენ

„ვიკილიქსის“ სკანდალი გრძელდება. ბევრი ადამიანი იმან უფრო გააკვირვა, რომ ეს საიდუმლო დოკუმენტები ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე თავად ამ ცნობების შინაარსმა. ასეთი ადამიანების რიცხვს ბრიტანელი პარლამენტარი მალკოლმ რიფკინდიც მიეკუთვნება. ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა გარი ტომასმა იმუშავა.

„საუბარია არა იმაზე, რომ ეს საჯაროდ ცნობილი გახდა, არამედ იმაზე, თუ ეს არხები რამდენად მგრძნობიარე მასალებს შეიცავდა. მე მართლა ძალიან გამაკვირვა და შემაშფოთა, იმ ფაქტმა, რომ ეს დოკუმენტები ათასობით ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. და რასაკვირველია, რაც უფრო მეტ ადამიანს ექნებოდა შეხება დოკუმენტებთან, გაჟონვის შანსიც უფრო მეტად გაიზრდებოდა,“ - ამბობს ბრიტანეთის პარლამენტის წევრი.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ „ვიკილიქსის“ სკანდალი შესაძლოა უკავშირდებოდეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომ ცვლილებებს, კერძოდ იმას, რომ მაშინ შექმნილმა სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ, მკაცრად გააკრიტიკა ამერიკული სპეცსამსახურები ერთმანეთთან ნაკლები კოორდინაციის გამო.

ამის შემდეგ პენტაგონმა შექმნა გასაიდუმლოებული კომპიუტერული ქსელი, რომელიც წარმოადგენს საიდუმლო ინტერნეტ კავშირს თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტებს შორის. ეს ქსელი მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთში გაცვალონ გრიფით „საიდუმლო“ ცნობები და ინფორმაციები. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ქსელი ნაკლოვანებებს აშკარად შეიცავს. ამას ოფიციალური პირების განცხადებაც ადასტურებს. მათი ინფორმაციით, შეერთებული შტატების არმიის მესამე რანგის ოფიცერმა ათასობით დოკუმენტი სწორედ ამ ქსელიდან ჩამოტვირთა და შემდეგ ის „ვიკილიქსს“ გადასცა. ივნისში კი დაზვერვის ანალიტიკოსი ბრედლი მანინგი დააპატიმრეს და მას ინფორმაციის გაჟონვის ბრალდება წაუყენეს.

ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილი მრჩეველის ჯეფრი სმიტის თქმით, ის ფაქტი, რომ დაბალი რანგის ოფიცრებს ასეთი სახის ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ, მრავალ კითხვას წარმოშობს.

„ეს მართლაც საკითხავია, თუ რატომ უნდა ქონდეთ დაბალი რანგის, თუნდაც დაზვერვის თანამშრომლებს ასეთი რაოდენობის მონაცემებთან შეხება, როდესაც მათ არც კი იციან, თუ რა არის მათი პასუხისმგებლობა. მეორეს მხრივ, კრიტიკის ობიექტი ხდება თავდაცვის და სადაზვერვო გაერთიანებები, რომლებმაც ვერ შექმნეს ინფორმაციის გაზიარების ადექვატური სისტემა. და მე ვეჭვობ რომ ამ ინფორმაციასთან კავშირი ქონდა იმ ხალხს, ვისაც არ გააჩნია შესაბამისი დაშვება,“ - ამბობს სმიტი.

კიბერნეტიკული დაზვერვის ექსპერტი ჯეფრი კერი ამერიკის მთავრობას მოსალოდნელი კიბერ საფრთხეების შესახებ ატყობინებს. ის ამბობს, რომ შოკში ჩავარდა, როდესაც გაიგო, რომ არ არსებობს მონიტორინგის და განგაშის სისტემა, რომელიც რეაგირებას მოახდენს, თუკი ვინმე დიდი რაოდენობით მონაცემთა ბაზას ჩამოტვირთავს. ახლა კი უკვე არსებობს შიში, რომ სამთავრობო უწყებები თავიანთ ჩვეულ გზას დაუბრუნდებიან. ეროვნული დაზვერვის დირექტორი რეიმონდ კლაპერი, რომლის მოვალეობაც სამთავრობო სააგენტოებს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტური სისტემის შექმნა იყო, ამბობს, რომ „ვიკილიქსის“ წინა სკანდალი სამთავრობო უწყებებს ერთმანეთში არსებული ბიუროკრატიული უნდობლობის გადალახვაში ვერ დაეხმარა. ჟურნალი „ტაიმი“ აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე დატოვა თავდაცვის დეპარტამენთან ერთად შექმნილი ქსელი, პენტაგონმა კი ამ ქსელის მომხმარებელთა შესახებ ახალი უსაფრთხოების ზომების შემუშავება დაიწყო.

XS
SM
MD
LG