ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალიანსის დილემა


ალიანსის დილემა

ჩრდილო ატლანტიკური პრობლემები ატლანტიკურ საბჭოში

დღეს ვაშინგტონში, ატლანტიკურმა საბჭომ უმასპინძლა კონფერენციას სახელწოდებით „ნატო ავღანეთს მიღმა“. მთავარი საკითხები, რომლის გარშემოც კონფერენციის მონაწილებმა იმსჯელეს, იყო, თუ როგორ მოახდენს ავღანეთში საერთაშორისო მისია გავლენას ნატოს პოლიტიკის დინამიკაზე მომავალში. ასევე, თუ რას წარმოადგენს ავღანეთის მისია - შეერთებული შტატების პოლიტიკის მხარდაჭერას, თუ მართლაც ის სამხედრო ოპერაციაა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ალიანსის გაძლიერებას გლობალური მასშტაბით. ამ საკითხებზე მოხსენებით გამოვიდნენ ჯოზეფ ჯენინგი - ბერთელსმანის ფონდიდან, კურტ ვოკერი - შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში და რაფაელ ბარდახი, ესპანეთის მთავრობის ყოფილი მრჩეველი და ატლანტიკური საბჭოს მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ჯენინგის განცხადებით, ავღანეთში ალიანსის წარმატებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მისი აზრით, აქედან გამომდინარე, ნატო ავღანეთის მსგავს ოპერაციებში აღარ მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე კი, როგორც ვითარებამ აჩვენა, ნატოს ესაჭირეობა ახალ იდეაზე დაფუძნებული ახალი სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინა, რაც ამჟამად არ არსებობს. ახალმა იდეამ კი უნდა მოახდინოს მისი წევრების შეკავშირება და მეტი ინტეგრაცია. კურტ ვოკერის თქმით, ავღანეთის ოპერაციამ ნათლად წარმოაჩინა ის პრობლემები რომელთა წინაშეც ალიანსი აღმოჩნდა. ეს პირველ რიგში არის განსხვავებული შეხედულებები შეერთებულ შტატებსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის. ასევე ვოკერი ფიქრობს, რომ ალიანსის მომავალ განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს შეერთებულ შტატებში ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის არჩევნები, სადაც სავარაუდოდ დემოკრატები ვეღარ მოახერხებენ უმრავლესობის მოპოვებას საკანონმდებლო ორგანოში. ეს კი გამოიწვევს დემოკრატების გადართვას შიდა საკითხებზე და საზოგადობაზე უფრო მეტი აქცენტების გაკეთებას, რაც თავის მხრივ რესურსების შესუსტებას განაპირობებს. ყველაფერი ეს კი ნატოს ამოცანებს კიდევ უფრო ართულებს.

კონფერენციაზე ასევე შეეხნენ ნატოს გაფართოვების პროცესსაც. კურტ ვოკერის თქმით, რასაკვირველია გაფართოვება კვლავ დღის წესრიგშია და ნატოს კარი ყველასთვის ღიაა, თუმცა ნატოს ლიდერები უმთავრეს ყურადღებას სოციალური და ეკონომიკურ საკითხებს მიაქცევენ. ეს რასაკვირველია საქართველოსაც ეხება, რომლის საკითხიც, ბატონი ვოკერის აზრით, ნატოს გაფართოვების პროცესში ძალიან გართულებულია. ამის მიზეზი კი არის როგორც რუსეთის ფაქტორი, ასევე თავად საქართველოში არსებული ვითარება სოციალური და ეკონომიკური საკითხების ჩათვლით. შესაბამისად, ბატონმა ვოკერმა საქართველოს ხელისუფლებას შიდა საკითხებზე კონცენტრირება ურჩია.

XS
SM
MD
LG