ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გლობალური ნულის“ მისაღწევად


დემოკრატები ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ცდილობენ

დღეს ვაშინგტონში რუსეთის და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი. ხვალ კი სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი, რომელსაც დემოკრატი სენატორი ჯონ კერი ხელმძღვანელობს მიიღებს რეზოლუციას, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ რუსულ-ამერიკული ხელშეკრულების რატიფიცირებას ითვალისწინებს. ამის თაობაზე საინტერესო მასალა „ამერიკის ხმის“ რუსულმა რედაქციამ მოამზადა.

„მე მსურს გამოვთქვა იმედი და განვაცხადო, რომ უკვე გაგვაჩნია დადებითი იმპულსები ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესში. ჩვენ უზარმაზარ სამუშაოს წარვმართავთ ამ მიმართულებით, ვცდილობთ სენატორებს მივაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რათა მათ შეძლონ ახალი შეთანხმების რატიფიცირება,“ - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შეიარაღების კონტროლის საკითხებში როუზ გეტემიულერმა.

იმ შემთხვევაში, თუ სენატის კომიტეტი ხვალ მიიღებს რეზოლუციას, ეს უკვე ერთი დიდი ნაბიჯი იქნება, რათა სენატმა რუსულ-ამერიკული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინოს. როუზ გეტემიულერი იმედოვნებს, რომ შეფერხებები ამ გზაზე არ იქნება და ამერიკელი კანონმდებლები ხელშეკრულებას მხარს დაუჭერენ. ამ ოპტიმიზმს იზიარებს ორგანიზაცია „გლობალური ნულის“ ხელმძღვანელი და ყოფილი ამერიკელი ელჩი რიჩარდ ბერტი, რომელიც ბირთვული განიარაღების საკითხების სპეციალისტია. მისი თქმით, ადრე თუ გვიან ამერიკელი კანონმდებლების მიერ ამ დოკუმენტის რატიფიცირება აუცილებლად მოხდება და ეს ალბათ უფრო ადრე იქნება, ვიდრე გვიან. ბერტი მიიჩნევს, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მხარი უნდა დაუჭირონ ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას. ის ამბობს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესდა ბოლო ორი წლის მანძილზე, ვაშინგტონმა მიიღო მოსკოვის მხარდაჭერა ირანის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ასევე ავღანეთის საკითხში.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტები ერთმანეთს 18-ჯერ შეხვდნენ და ღიად დაუჭირეს მხარი ბირთვული იარაღის შემცირებას მთელ მსოფლიოში,“ - ამბობს რიჩარდ ბერტი.

ახლა კი რა იმის შესახებ, თუ ვითარებაა ამჟამად შექმნილი ამერიკელ კანონმდებლებში.

შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების რატიფიცირებას 100 სენატორიდან 67-ს თანხმობა სჭირდება. სენატში დემოკრატების რაოდენობა 57-ია, რომლებიც ხელშეკრულების რატიფიცირას ხმას აძლევენ. მაგრამ ეს საკმარისი არაა. მათ სულ ცოტა 8 რესპუბლიკელის მხარდაჭერა სჭირდებათ. ჯერჯერობით კი, რიჩარდ ლუგარი ერთადერთი რესპუბლიკელი სენატორია, ვინც ხელშეკრულების რატიფიცირებას ღიად უჭერს მხარს. თუმცა, შესაძლოა ეს არ იყოს საკმარისი. ზოგიერთი სენატორი რომელიც ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოდის, ამბობს, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა არასაკმარის თანხებს ახმარს ქვეყნის ბირთვული არსენალის მოდერნიზაციას.

როუზ გეტემიულერის თქმით, პრეზიდენტი სერიოზულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ მომავალში ამ სფეროში დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება. გეტემიულერი ამბობს, რომ ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების რატიფიცირება კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯი იქნება ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროსკენ, რასაც ზოგჯერ „გლობალურ ნულს“ უწოდებენ.

XS
SM
MD
LG