დღეს შეერთებულ შტატებში რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის ვიზიტი იწყება. ის ვაშინგტონში 16 სექტემბრამდე დარჩება და თავის ამერიკელ კოლეგასთან რობერტ გეითსთან გამართავს შეხვედრას. სერდიუკოვი ასევე მოინახულებს ანაპოლისის სამხედრო-საზღვაო აკადემიას და შეერთებული შტატების ერთერთ სახმელეთო სამხედრო ბაზას. რა იქნება ორი მინისტრის შეხვედრის მთავარი თემები და სერდიუკოვის ვიზიტის მოსალოდენლი შედეგი? ამ კითხვებზე პასუხების გარკვევას „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია შეეცადა. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპოდენტს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ როუზ გეტემიულერმა განუცხადა, შეხვედრაზე მთავარი განხილვის საკითხი ბირთვული შეიარაღების ახალი ხელშეკრულება არ იქნება, არამედ მხარეები საკითხების უფრო ფართო სპექტრს განიხილავენ. თავის მხრივ, სააგენტო „იტარ-ტასს“ იგივე ვერსია დაუდასტურეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრშიც.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეფ მორელიმ განაცხადა, რომ ორივე ქვეყანა შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესში იმყოფება და ამავდროულად მათ წინაშე დგას „რთული ეკონომიკური და ფინანსური ამოცანები, ასევე გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები“. მორელის თქმით, მინისტრები სწორედ ამ საკითხებს შეეხებიან. მისივე თქმით, რასაკვირველია განხილული იქნება ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საკითხებიც, თუმცა ეს თემა შეხვედრის მთავარი მიზანი არ იქნება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტი ახალი მოვლენა არ არის. სერდიუკოვის წინამორბედი სერგეი ივანოვი ამერიკას 2002 და 2005 წლებშიც ეწვია. 2002 წელს რუსი და ამერიკელი მინისტრების განხილვის მთავარი თემა ავღანეთში ანტიტერორისტული საერთაშორისო ოპერაცია იყო. ასევე მაშინ რუსულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის გამო. 2005 წელს კი, განხილული იყო საერთო საკითხები მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი მოვლენები, კერძოდ, „ნარინჯისფერი“ და „ვარდების“ რევოლუციები. სერდიუკოვის ამჟამინდელ ვიზიტთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმას“ ვაშინგტონში მოქმედი შეიარაღების კონტროლის ასოციაციის დირექტორი დერილ კიმბელი ესაუბრა.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ამ ეტაპზე იქნება სამუშაო და ამავე დროს ოფიციალური ვიზიტი. შეხვედრის დროს რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება არ გაფორმდება. როდესაც პრეზიდენტი მედვედევი ივნისში ვაშინგტონს ეწვია, მხარეებმა მაშინ განაცხადეს, რომ სტრატეგიული დიალოგი მაღალ დონეზე გაგრძელდება, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, განიარაღება და გლობალური სტაბილურობა. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ობამა-მედვედევის პერიოდში დაიწყო და შესაძლოა დიდი დრო გავიდეს, ვიდრე ჩვენ რაიმე შედეგს ვიხილავთ. რაც შეეხება ბირთვული იარაღში შემცირების ხელშეკრულებას, ორივე ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მათი ქვეყნის კანონმდებლებმა რაც შეიძლება მალე მოახდინონ ამ შეთანხმების რატიფიცირება,“ - აცხადებს კიმბელი.
კანზასის უნივერსიტეტის პროფესორი დეილ ჰესპრინგი საბჭოთა კავშირის და რუსეთის შეიარაღების საკითხებზე მუშაობს და ამ თემაზე ბევრი წიგნის ავტორია. ის დარწმუნებულია რომ შეერთებული შტატების და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
„როდესაც მარშალი ახრომეევი შეერთებულ შტატებს ეწვია, მან თან ჩამოიყვანა მაღალი დონის ოფიცრები. მან განაცხადა, რომ ნაკლებად აინტერესებდა ამერიკის სამხედრო სისტემა და უნდოდა უფრო მეტად გაეგო თუ როგორ მუშაობდა დემოკრატიული სისტემა. თუკი სერდიუკოვი შეეცდება ასეთი სახის ინფორმაციის მიღებას, ვფიქრობ ეს მას დაეხმარება რუსეთში არსებული სპეციფიური პრობლემების გადაჭრაში. როგორც ჩვენ ვიცით რუსეთის სამხედრო რეფორმის სფეროში ქაოტური ვითარებაა შექმნილი,“ - განუცხადა „ამერიკის ხმას“ დეილ ჰესპრინგმა.
ის თვლის, რომ ანატოლი სერდიუკოვი და რობერტ გეითსი საერთო ენის პოვნას მოახერხებენ. ჰესპრინგი ამბობს, რომ რობერტ გეითსი რუსეთის საკითხზე საკმაოდ დიდი ხანი მუშაობდა. ამდენად, ისიც თავის მხრივ დაინტერესდება რუსული სპეცდანაყოფების მუშაობის სპეციფიკით და თუ როგორ მიმდინარეობს რუსეთში შეიარაღებული ძალების გარდაქმნა ბრიგადულ სისტემაზე. თავსი მხრივ, სერდიუკოვიც გაეცნობა ამერიკულ სამხედრო განათლების სისტემას. ამდენად ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ ეს ვიზიტი უფრო მეტად გაცნობითი და შეფასებითი ხასიათის იქნება.