ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ძლიერდება, მაგრამ არა სასურველი ტემპით.
ტელეკომპანია "ენბისისთვის" მიცემულ ინტერვიუში, შაბათს პრეზიდენტმა კონგრესს სთხოვა მისი რამდენიმე წინადადების დამტკიცება. მათ შორისაა მცირე ბიზნესებზე სესხის გაცემის პროცედურების დაჩქარება და კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების მიცემა.
მისი თქმით:
"მე კონგრესისთვის უკვე გაგზავნილი მაქვს რამდენიმე შეთავაზება, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს. ეს ვთქვი შვებულებაში წასვლამდე და ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგაც ხშირად გავიმეორებ"
ბატონი ობამას თქმით, მსგავსი კანონმდებლობის არსებობის შემთხვევაში, ბიზნესებს ინვესტიციების ჩადებაზე მეტი წახალისება ექნებათ.
იმავე ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არ ადარდებს ის ფაქტი, რომ ამერიკელების ერთი მეხუთედი ფიქრობს, რომ ის მუსლიმანია. ბატონი ობამას თქმით, ის ქრისტიანია და მისი აღმსარებლობის შესახებ არა ერთხელ გამოსულა ის სიტყვით.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ არც იმ ადამიანების შეხედულებას აქცევს ყურადღებას, რომლებიც ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ამერიკაში დაბადებული არ არის. მან ისიც კი განაცხადა, რომ იმ ადამიანების ეჭვის გასაქარწყლებლად არ აპირებს საკუთარი დროისხარჯვას და მათთვის საკუთარი დაბადების მოწმობის ჩვენებას.