ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთს ცეცხლის სტიქია უტევს


ხელისუფლება უძლურებას აღიარებს

ასობით ხანძარი და რეკორდული სიცხე რუსეთში უკვე ყოველდღიურ მოვლენად იქცა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, სტიქიას ჯერჯერობით 52 ადამიანი შეეწირა. დამწვარი და დანგრეულია ათასობით სახლი, ხოლო მარცვლეულის ყანები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განადგურებულია. რუსეთში ცეცხლის სტიქია მძვინვარებს. ანა კრილოვა მთლიანად გამურულია და ტალახში ამოსვრილი. ის ცეცხლის ალებს თავისი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით ებრძვის. ერთადერთი, რაც შესაძლოა ხანძარსა და მის კარმიდამოს შორის ბარიერი იყოს, ეს მამამისის მიერ გაკეთებული თხრილია. კრილოვა ახალგაზრდა ქალია. ის თვალებს წყლით იწმენდს და გვეუბნება, რომ ეს მისი ოჯახისთვის ღვისგან მოვლენილი განსაცდელია. ის გვეუბნება, რომ უშედეგოდ ცდილობდა სახანძროს გამოძახებას.

„ჩვენ მათთან დაკავშირება ტელეფონითაც კი ვერ შევძელით. ვერც ტყის მართვის სამსახურს დავუკავშირდით და ვერც სახანძროს. ისინი უბრალოდ არ პასუხობდნენ ჩვენს ზარებს. ათჯერ დავურეკეთ. ვურეკავდით ყოველ ნახევარ საათში.მერე მათ გვითხრეს, რომ უბრალოდ არაფერის გაკეთება შეეძლოთ, რომ მხოლოდ 2 მანქანა ყავდათ,“ - ამბობს კრილოვა.

ვალერი გევარდარსკი 110-სახანძრო ბრიგადაში მუშაობს. მას კრილოვას იმედგაცრუების მიზეზი კარგად ესმის. თუმცა, მისი ბრიგადა 7 რეგიონზეა პასუხისმგებელი. ამას მანქანების სიმწირეც ემატება. მის ბრიგადას მხოლოდ ოთხი მანქანა ყავს და აქედან ორია წყლით აღჭურვილი. ვითარებას ისიც ართულებს, რომ წყლის ასავსებად ეს მანქანები ჭასთან უნდა მიიყვანონ ხოლმე, რაშიც დიდი დრო იხარჯება. მისი თქმით, ეს ჭა სამი კილომეტრის მოშორებითაა, იქ არაფერია ახლოს. ეს კი ხანძრის ჩაქრობას ძალიან ართულებს. გევარდარსკი ასევე აღიარებს, რომ რუსეთს არ გააჩნია საკმარისად აღჭურვილი სახანძრო რაზმები, რათა ქვეყანაში 300-მდე ერთდროულად წარმოქმნილი ხანძრის ჩაქრობა მოხერხდეს. ის დარწმუნებულია, რომ უფრო მეტი ხალხი რომ ყავდეთ სახანძრო სამსახურში საქმე უკეთესად წავიდოდა. უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსეთში სულ 10 ათასი მეხანძრეა. ეს კი საკმარისი არაა. სტიქიასთან საბრძოლველად ხელისუფლებამ ასი ათასობით გაუწვრთნელი მოხალისის მობილიზება მოახდინა. ვალერი ტარასევი ერთერთი მათგანია. ის მოკლე შარვალში და სანდალებშია გამოწყობილი და წყლით სავსე ვედროებით ებრძვის კრილოვას სახლთან გაჩენილ ხანძარს. თუმცა, ჩვენთან საუბრისთვის მაინც იცლის და თან სიგარეტს უკიდებს.

„მე აქ ფიქრისთვის არ ვარ. აქ საქმე უნდა ვაკეთო. ჩვენმა პრეზიდენტმა დახმარებისკენ მოგვიწოდა და სწორედ ამიტომ ვარ აქ. მე ამ უბანს მოხალისედ ვიცავ და ამით ოჯახს და ნათესავებს ვიცავ,“ - ამბობს ტარასევი.

აქვე ისიც არ უნდა დაგვავიწყეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკვე აღიარა, რომ ვითარებაზე კონტროლს ვერ ახერხებს. თუმცა, საგანგებო ვითარებათა მინისტრი სერგეი შოიგუ არ აღიარებს, რომ არ გააჩნიათ სათანადო აღჭურვილობა, ინფრასტრუქტურა, არ ყავთ სათანადო კადრები და ცოცხალი ძალა ცეცხლის სტიქიის დასამარცხებლად. ის მხოლოდ იმაზე საუბრობს, თუ რა იქნება მომავალში. მისი თქმთ უახლოეს ორ წელიწადში ხელისუფლება რვა თვითმფრინავს და ასევე ვერტმფრენებს იყიდის. ამგვარად მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება სამი უდიდესი ესკადრონი, რაც იმას ნიშნავს რომ ის რაც ეხლა ხდება მომავალში აღარ განმეორდეს.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა შოიგუს ასევე ცალკე პროგრამის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც ყველა მეხანძრისთვის ტექნიკური აღჭურვილობის სფეროს დააფინანსებს. მედვედევის თქმით, კლიმატის ცვლილებასთან ერთად რუსეთს უფრო მეტი ტექნიკური აღჭურვილობა დასჭირდება. ისევ პავლოვოს დასახლებაში, ანა კრილოვასთან რომ დავბრუნდეთ, აქ ეს შეპირებები არავის აინტერესებს. მათ უკვე ეხლა სჭირდებათ გამართული სისტემა, რომელიც არ არსებობს. რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მკაცრად გააკრიტიკა და არასაკმარის მოქმედებაში დაადანაშაულა. პავლოვოში არც ეს აინტერესებთ. დამაიმედებელ პროგნოზს კი სინოპტიკოსები ვერ იძლევიან. მაღალი ტემპერატურა სულ ცოტა, კიდევ ერთი კვირა იქნება. წვიმის იმედიც ჯერჯერობით არ ჩანს.

იხილეთ ფოტოგალერეა, რომელიც ამერიკის ხმის რუსულმა რედაქციამ მოამზადა.

XS
SM
MD
LG