ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ცივი ომის“ დასრულების სათავეებთან


„ცივი ომის“ დასრულების სათავეებთან
„ცივი ომის“ დასრულების სათავეებთან

1991 წელს პირველად ისტორიაში, ორი ზესახელმწიფო ბირთვული არსენალის შემცირებაზე შეთანხმდა

1991 წელი შეერთებული შტატების და საბჭოთა კავშირის ურთიერთობებში ისტორიული ცვლილების პერიოდად ითვლება. იმავე წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა. ასევე შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყოფილ საბჭოეთში ბირთვული არსენალის შემოწმება დაიწყო. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი ერის ისტორიული მომენტები „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა ჯეფრი იანგმა გაიხსენა.

ოცი წლის წინ, 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. იმავე წელს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ნახევარ საუკუნოვანი „ცივი ომის“ ეპოქა ახალი, ე.წ. „სტარტის“ ხელშეკრულებამ შეცვალა. პირველად ისტორიაში, ორი ზესახელმწიფო ბირთვული არსენალის შემცირებაზე შეთანხმდა.

კორპორაცია „რენდის“ ანალიტიკოსი ოლგა ოლიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში შეეცადა აეხსნა, თუ რა მოხდა 1991 წელს, რამაც ერთ დროს ორი მტრული ბანაკის თანამშრომლობას დაუდო სათავე.

„მოლაპარაკების პროცესი იყო იმის ნიშანი, რომ მხარეებმა გაანალიზეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ხელშეკრულება. და ეს იყო ის, რაც ორივე ქვეყანაში სურდა ხალხს. ყველა მიხვდა, რომ გამალებული შეიარაღების პროცესი კონტროლიდან გამოდიოდა.“

ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ეს ხელშეკრულება იყო ერთგვარი რეაქცია იმ საბჭოთა დეფექტებზე რაც უკვე მძიმე ტვირთი გახდა ყველასთვის. ამ მოსაზრებას პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკიც ეთანხმება.

„მათ არ ქონდათ ალტერნატივა. მათ გააცნობიერეს, რომ იმ სიტუაციაში, რომელშიც შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი აღმოჩნდნენ, უმჯობესი იყო გამალებული შეიარაღების დასრულება და ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის დაწყება,“ - ამბობს ბატონი ბზეჟინსკი.

სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულებას - იგივე სტარტს, ხელი 1991 წლის 31 ივლისს მოეწერა. ამ დოკუმენტით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ განთავსებული ბირთვული ქობინების რაოდენობა 6000-ზე მეტი არ იქნებოდა და მათგან მხოლოდ 1600 ერთეული იქნებოდა გადასატანი.

1991 წელს ასევე დაიწყო საკმაოდ ისტორიული მნიშვნელობის პროცესი, რომელიც „ნან-ლუგარის თანამშრომლობის და საფრთხის შემცირების პროგრამის“ სახელითაა ცნობილი.

ამ პროგრამის განსახორციელებლად შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ფინანსური თანხები გაიღო. ბატონი ბზეჟინსკის, განცხადებით ეს პროგრამა ითვალისწინებდა ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რაც დასავლეთისთვის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საფრთხეების წარმოქმნას შეუშლიდა ხელს. ა.წ. ნოემბერში პროგრამის ერთერთმა შემქმნელმა სენატორმა ლუგარმა ამ პროცესის მიღწევები გაიხსენა.

„ნან-ლუგარის პროგრამის მეშვეობით მოხერხდა 7 601 ბირთვული ქობინის განეიტრალება ყოფილ საბჭოთა კავშირში. ეს იყო იმაზე გაცილებით მეტი არსენალი, ვიდრე ერთად გააჩნიათ საფრანგეთს, ბრიტანეთს და ჩინეთს. ასევე პროგრამის მეშვეობით განადგურდა 2366 ბირთვული რაკეტა, სადაც ეს ქობინები უნდა ყოფილიყო მოთავსებული,“ - განაცხადა ლუგარმა.

სწორედ ნან-ლუგარის პროგრამის წყალობით, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები - ბელარუსი, უკრაინა და ყაზახეთი ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ქვეყნებად გადაიქცნენ.

XS
SM
MD
LG