ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზები


ევროპის ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზები
ევროპის ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზები

ევროპის სახელმწიფოები დანახარჯებს ამცირებენ საბიუჯეტო დეფიციტის შეკვეცისა და ევროს გაძლიერების მიზნით, რის ფონზეც სიტყვა ‘საგანგებო ზომები’ სულ უფრო ხშირად გაისმის ევროპის კონტინენტზე. ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს არც გერმანია.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მთავრობა დანახარჯების შემცირებაზე დათანხმდა ბიუჯეტის დეფიციტის შეკვეცის მიზნით.

ბერლინში ცოტა ხნის წინ გამართულ პრეს კონფერენციაზე გამოსვლისას კანცლერმა მერკელმა ახსნა თუ რით არის განპირობებული საგანგებო ზომების მიღება.

მისი თქმით, გერმანია რთულ ეკონომიკურ პერიოდს განიცდის. „თუ ჩვენ მომავალი გვსურს, ჩვენ ვერ დავაფინანსებთ ყველაფერს იმას რაც ჩვენ გვსურს,“ აღნიშნა კანცლერმა მერკელმა.

გერმანიის მთავრობის მიზანია 2014 წლისათვის დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის დაზოგვა. ამ გეგმას გერმანიაში უკვე უწოდებენ საგანგებო ზომების ყველაზე მნიშვნელოვან პაკეტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პოლიტიკური მიმომხილველი კორნელიუს ადებარი აღნიშნავს, რომ ევროპის მთავრობების ყურადღება საგანგებო ზომებზე მიმდინარე ფინანსური კრიზისით არის განპირობებული.

„საბერძნეთის მაგალითმა გვიჩვენა, რომ ჩვენ არ უნდა ვენდოთ საბერძნეთის მთავრობას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ბიუჯეტის შემცირება, ეროვნული დავალიანების აღმოფხვრა ან მასზე კონტროლის დაწესება. იმ ტენდენციას, რომელიც ამჟამად შეინიშნება, ძირითადად ბაზრებზე შექმნილი პირობები ამოძრავებს,“ აღნიშნავს კორნელიუს ადებარი.

როგოროც ცნობილია, ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ საბერძნეთის მთავრობა ვეღარ ისტუმრებდა ვალებს და შედეგად ქვეყანა გადაუხდელობის ანუ დეფოლტის პირას აღმოჩნდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ევროზონის ქვეყნებს.

საბერძნეთისთვის ფინანსური დამხარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიის წვლილს წარმოადგენს. მართალია გერმანიის ეკონომიკა საბერძნეთის ეკონომიკას ბევრად უსწრებს, იქაც საჭირო გახდა საგანგებო ზომების მიღება.

როგორც ჩანს, ბევრი გერმანელი საგანგებო ზომების მიღებას გაგებით ეკიდება. ამ გერმანელი მამამაკაცის თქმით:

„ფულის დაზოგვა გამართლებულად მიმაჩნია.“

მისი თქმით, ადამიანებს მაინც მოუხდებათ ვალების გადახდა და ეს ალბათ მომავალ თაობებს მოუწევთ.

გერმანია ტრადიციულად ფისკალურად კონსერვატიული პოლიტიკის წარმართვას ემხრობა და გერმანელები საკუთარ დანაზოგებს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. მაგრამ ამჟამად დღის წესრიგში საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებაა და ბუნებრივია, რომ გაისმის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეასუსტებს გერმანული საზოგადოების სოციალურ უსაფრთხოებას საგანგებო ზომების მიღება.

სოციალური უსაფრთხოების ზოგიერთი ელემენტი უკვე შემცირდა. მაგალითად, უმუშევართა კომპენსაცია და ჯანდაცვა. ამას გარდა, პენსიაზე გასვლის ასაკი გაიზარდა და, როგორც მოსალოდნელია, უფრო გაიზრდება მომავალში. მაგრამ ბევრ გერმანელს არ სურს, რომ საგანგებო ზომების მიღებამ მნიშვნელოვნად დააზარალოს სოციალური უსაფრთხოების სისტემა.

XS
SM
MD
LG