ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული გაზი და ბელარუსული ღვეზელი


გაზპრომმა მინსკს გაზის მიწოდება შეუმცირა

რუსეთსა და ბელარუსს შორის მორიგი სკანდალი დაიწყო. მიზეზი ისევ გაზია. მოსკოვმა მინსკს დავალიანების გადაუხდელობის გამო გაზის მიწოდება შეუზღუდა. რუსეთის ტელევიზიამ პრეზიდენტ მედვედევის და „გაზპრომის“ შეფის ალექსეი მილერის შეხვედრის კადრები გადასცა.

მილერის განცხადებით, რუსულმა გაზკომპანიამ ბელარუსს გაზის მიწოდება 15 პროცენტით შეუმცირა და ეს შემცირება თანდათანობით 85 პროცენტამდე მიაღწევს. ეს კი მანამდე გასტანს, ვიდრე ბელარუსი გაზის დავალიანების საფასურს არ გადაიხდის.

„გაზპრომის“ განცხადებით, ბელარუსის დავალიანება კომპანიის მიმართ დაახლოებით 200 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მილერის თქმით, ბელარუსი ვალს აღიარებს და თანხის სანაცვლოდ მინსკმა „გაზპრომს“ გარკვეული ტექნიკური აღჭურვილობით შესთავაზა ვალის გადახდა. პრეზიდენტმა მედვედევმა მინსკის ამ შეთავაზებას შეიძლება ითქვას, რომ დასცინა.

მისი თქმით, ბელარუსმა ვალი ფულით უნდა დაფაროს და ღვეზელით, კარაქით და ყველით ამ ვალის გადახდა რუსეთისთვის მიუღებელია

აღსანიშნავია, რომ გაზის შემცირებამ შესაძლოა ვითარება გაურთულოს ევროპას, რომელიც გაზის გარკვეულ ნაწილს რუსეთიდან სწორედ ბელარუსის გავლით იღებს. გასულ წელს, მოსკოვმა გაზის მიწოდება უკრაინას შეუწყვიტა. ამ ქმედების შედეგად ევროპის ბევრი ქვეყანა სუსხიან ზამთარში გათბობის გარეშე დარჩა. რუსეთის ეროვნული ენერგიის უსაფრთხოების ფონდის ხელმძღვანელის კონსტანტინე სიმონოვის თქმით, ამჟამად ბელარუსისთვის გაზის შეწყვეტამ შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს. მისი თქმით, უკრაინასთან გაზის სკანდალი რუსეთს შარშან გარკვეულ პოლიტიკურ ფასად დაუჯდა, რადგან ამან „ნაბუკოს“ გაზსადენის პროექტის ფორსირება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა, რის მიზეზსაც წარმოადგენს მინსკის უარი ერთიან საბაჟო კავშირში შესვლაზე. ბელარუსი მოითხოვს, რომ პირველ რიგში საბაჟო მოთხოვნები რუსეთმა ნავთობზე გააუქმოს.

ბელარუსმა ასევე თავშესაფარი მისცა ყირგიზეთიდან განდევნილ პრეზიდენტს კურმანბეკ ბაკიევს, რომელიც რუსეთიდან მხარდაჭერილი მოძრაობის დახმარებით დაამხეს.

XS
SM
MD
LG