2012 წელი შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების წელიწადია. ნოემბრის არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო რჩება, მაგრამ აქამდე მთელი ყურადღება მხოლოდ ცალ მხარეს, რესპუბლიკელი კანდიდატების, მათი დებატების და პრაიმერების ირგვლივ იყო კონცენტრირებული. მარათონს ჯერჯერობით მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი და პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი ლიდერობენ.
პრეზიდენტ ობამას აქამდე საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა, რომ საარჩევნო კამპანიისთვის მომზადებულიყო. რომნი, სანტორუმი და მათთან ერთად ნიუტ გინგრიჩი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, დღემდე ერთმანეთის ანტირეკლამით არიან დაკავებული. ზოგიერთი ექსპერტის აზრით მათი უზომოდ ნეგატიური ტონი დემოკრატ პრეზიდენტს დიდ დახმარებასაც კი უწევს. სენატორმა ჯონ მაკეინმა რესპუბლიკელთა პრაიმერების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ასეთი „უხამსი“ მარათონი მას ცხოვრებაში არ უნახავს.
ასე ფიქრობს პიტერ ბრაუნიც, კვინიპაკის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მკვლევარი:
“პრეზიდენტს ალბათ დიდად ეხმარება ის ფაქტი, რომ ჯერ გინგრიჩი, რომნი, ახლა კი სანტორუმი და რომნი უზარმაზარ დროს ხარჯავენ სატელევიზიო რეკლამების ყიდვაში, რომლებიც ოპონენტების ლანძღვაზე უკან არ იხევენ“ - ამბობს ექსპერტი.
ბარაკ ობამას პოპულარობაც ამ დრომდე წამყვანი რესპუბლიკელი პრეტენდენტების რეიტინგებზე მაღალი იყო. მაგრამ უკანასკნელ თვეში საწვავზე ფასების ზრდის მატებამ საარჩევნო განწყობებზე დიდი ზეგავლენა იქონია. პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა და სპეციალისტების აზრით საწვავზე ფასების შემდგომი ზრდის პირობებში ეს ფაქტორი მისი ხელახალი არჩევისთვის შესაძლოა მთავარი გამოწვევაც კი გახდეს.
„ალბათ პრეზიდენტმა რაიმე უნდა იღონოს. ვიფიქრებდი, რომ მას უნდა გააჩნდეს ბერკეტები, რითაც საწვავზე ფასებს დაარეგულირებს“ - ამბობს მამაკაცი, რომელიც თეთრ სახლთან ახლოს ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში საწვავს ასხამს. საუბარში იქვე მდგომი ქალბატონიც ერთვება:
“მემგონი ეს ყოველივე დიდი დოზით ირანის და ისრაელის პრობლემას უკავშირდება. ყველა ამაზე ლაპარაკობს. არა მგონია პირადად პრეზიდენტ ობამას რაიმეს შეცვლა შეეძლოს“ - ამბობს ის.
რესპუბლიკელთა მარათონში მონაწილე ნიუტ გინგრიჩმა წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი აქცენტი საწვავზე ფასების ზრდაზე გადაიტანა და ცდილობს ეს ფაქტი დემოკრატი პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. ეკონომისტების აზრით აღნიშნული სვლა მხოლოდ არჩევნებზე გათვლილი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია. რეალურად საწვავის ფასს მსოფლიო ბაზარი არეგულირებს და პრეზიდენტ ობამას არ შესწევს იმის უნარი, რომ საწვავის ფასი ხელოვნურად გაყინოს ან დააგდოს.
“ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. ის, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, ელემენტარულად გამოსავალს არ ეძებს. ისინი ალბათ მხოლოდ პოლიტიკურ ტალღას არიან აყოლილნი“ - აცხადებს პრეზიდენტი ობამა.
ჰენრი ოლსენი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტიდან ამბობს, რომ პრეზიდენტს ნოემბრამდე ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს.
„ობამა ახლა იმ ეტაპზეა, როდესაც მისი გამარჯვება მაინც დამაჯერებლად გამოიყურება. თუმცა, გამოკვეთილად გარანტირებული მეორე ვადა არ არის. ობამა არჩევნებისთვის ალბათ ბედნიერად გრძნობს თავს, მაგრამ არც ისე თავდაჯერებულად“ - აღნიშნავს ექსპერტი.
უკანასკნელი გამოკითხვებიც იგივეს ადასტურებს. ამ მომენტში პრეზიდენტი ობამა რიკ სანტორუმს ნომინირების შემთხვევაში ძალზე იოლად დაამარცხებდა. თუმცა, მიტ რომნისთან მისი პოპულარობის კოეფიციენტი საკმაოდ ახლოს არის და ეს ფაქტი მას მოდუნების საფუძველს არ მისცემდა.