ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Human Rights Watch საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს


დევნილების გასახლების არადამიანური პრაქტიკა ისევ ძალაშია
დევნილების გასახლების არადამიანური პრაქტიკა ისევ ძალაშია

გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ Human Rights Watch გუშინ გამოქვეყნებულ 2010 წლის შემაჯამებელ ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს.

ანგარიშში საქართველოს ხუთი გვერდი აქვს დათმობილი. ყურადღება გამახვილებულია პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, მედია საშუალებების კონტროლსა და ჟურნალისტების დაშინებაზე. ასევე, ციხეების გადატვირთულობასა და ძველი გახმაურებული ფაქტების ჩაფარცხვის მცდელობებზე.

მათ შორის ნახსენებია - 2006 წელს ციხის ბუნტის ჩახშობა, 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის და 2009 წლის 15 ივნისის ოპოზიციური შეკრების დარბევის შემთხვევები; ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი სამხედრო დანაშაუები.

„ჰიუმან რაითს ვოჩი“ განსაკუთრებით გამოყოფს დევნილების თბილისიდან რეგიონებში მასობრივი გასახლების ფაქტებს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს პროცესი საერთაშორისო სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების უხეში დაღვევით განახორციელა. იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამასთან დაკავშირებით ამბობს:

„ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკუთარი საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება გვაქვს. ასეთი არჩევანი დევნილი ოჯახებისთვის არავის მიუცია. მათ თუ შესთავაზეს რაიმე, ეს შეთავაზება ყოველთვის არის ერთადერთი და უალტერნატივო. ან მიბრძანდით, სადაც გნებავთ!

თავისუფლად საცხოვრებელი ადგილის არჩევის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება ამ შემთხვევაში ირღვევა. გარდა ამისა, ირღვევა დევნილი ოჯახების შვილების განათლების უფლება. იმიტომ, რომ ამ ოჯახებში ბევრია სკოლის მოსწავლე, რომელიც შუა სასკოლო წელს გაუგებარია რომელ სკოლაში მოხვდება, იქნება თუ არა იქ ადგილი; საბავშვო ბაღში იქნება თუ არა ადგილი, რომ მიიღონ ეს ბავშვი;

უმაღლესი სასწავლებელი შესაძლოა არ არის იმ ქალაქში განთავსებული, სადაც გადაყავთ დევნილები და ალბათ, არ არის. მაშინ რა უნდა ქნას სტუდენტმა-დევნილმა? ის უნდა ჩამოშორდეს ოჯახს და მის განთავსებაზე და დაბინავებაზე ოჯახმა ცალკე უნდა იზრუნოს. ეს ყველაფერი მთლიანობაში უკავშირდება განათლების უფლებას, რომელიც ამ შემთხვევაში ირღვევა.“

„ჰიუმან რაითს ვოჩი“ ანგარიშში აკრიტირებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, მინისტრის №747 ცვლილებების შეტანის გამო. ეს ცვლილება გასული წლის 2 აგვისტოდან პოლიციას უფლებას აძლევს, ადრე არსებული ხუთ დღიანი ვადის ნაცვლად, მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილოს დევნილი ოჯახები გამოსახლების თაობაზე.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ასკვნის, რომ გამოსახლებდე დევნილებთან არ მიმდინარეობდა რეალური კონსულტაცია; მათთვის არ შეუთავაზებიათ არჩევანის უფლება და არ გაუფრთხილებიათ გამოსახლების შესახებ. ამის გამო, გამოსახლებულთა ნაწილი საერთოდ ღია ცის ქვეშ დარჩა, ხოლო სოფლებში გადასახლებულთა ნაწილს ადგილზე უვარგისი, უშუქო და უგაზო საცხოვრებელი დახვდათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი „ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიშსს კატეგორიულად არ ეთანხმება.

„დევნილთა გამოსახლება მოხდა მხოლოდ იმ ობიექტებიდან, სადაც დევნილები თვითნებურად იყვნენ შესულები. ამ ობიექტებს ჰყავს მესაკუთრეები, რომლებიც ითხოვდნენ მათ დაცლას. ვიმუშავეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით: ევრომონიტორები იყვნენ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი იყო, ასევე ომბუდსმენის აპარატი.

ერთად შევისწავლეთ დევნილები. იქ შეჭრილი დევნილების ნაწილი უკვე დაკმაყოფილებული იყო საცხოვრებელი ფართით ან ფულად კომპესაციით სახელმწიფოს მიერ; იყო შემთხვევები როცა დევნილებს სხვაგან ჰქონდათ საცხოვრებელი კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში, რომელიც ჯერ არ ჰქონდათ დაკანონებული და ისინი უკანონოდ შევიდნენ ამ ობიექტებში;

იყო შემთხვევები, როცა დევნილებს ჰქონდათ პრობლემები განსახლებასთან დაკავშირებით, მათ შევთავაზეთ წინადადებები, სხვადასხვა ალტერნატივები რეგიონებში იმ მომენტისთვის რაც ხელმისაწვდომი იყო. პრობლემა არის ის, რომ პოლიტიზირება ხდება დევნილების თემის და თვითონ დევნილები დაბნეულები და ზეწოლის ქვეშ არიან. რა ხდება მათ თავს თვითონ ვერ ხვდებიან.

ჩემს გამოცდილებას გეტყვით, ხშირად ვხდები დევნილებს, მუდმივი კომუნიკაცია მაქვს მათთან - 99% დევნილებს აქვს ნდობა და გაგება იმის გაგება რას ვაკეთებთ. შეიძლება უკმაყოფილონი იყვნენ, ბედნიერები არ იყვნენ, რთულია, შეუძლებელია ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ მათ ბედნიერება მოუტანო, ამით მხოლოდ შეიძლება შეუმსუბუქო დევნილ ოჯახებს რაღაცა.“

საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად, მთავრობა 2011 წელსაც აპირებს, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, სხვის საკუთრებაში მცხოვრები დევნილების რეგიონებში გადასახლებას.

ამ მიზნით, რამდენიმე რაიონში უკვე დაიწყო 56 ძველი, კარკასული, დაუმთავრებელი შენობის დასრულება; ქალაქ ფოთში დევნილებისთვის შენდება 32 ახალი კორპუსი, რომელიც 1200 ბინაზეა გათვლილი; ხოლო, წყალტუბოში 350 ბინიანი ათი ახალი კორპუსი შევა ექსპლუატაციაში.

მთავრობა ასევე გეგმავს 55 ახალი კორპუსის მშენებლობას აჭარის რეგიონში და დევნილთა კიდევ 65 კომპაქტური თავშესაფრის რეაბილიტაცია-გაფართოებას. ამ პროცესს კვლავაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

ისინი მატკიცებენ, რომ დევნილთა დიდი ნაწილი, რომლებიც წლებია ოჯახებით, თბილისში ცხოვრობენ, უკვე ინტეგრირებულნი არიან თბილისის საზოგადოებაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ფოფხაძე კერძოდ ამბობს

„თბილისიდან დევნილების გადასახლება არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ, ეს ხალხი ინტერგრირებულნი არიან უკვე თბილისში. ისინი წლებია ცხოვრობენ თბილისში, აქვთ გარკვეული კავშირები, ეს ქინება სწავლა, ეს იქნება სამსახური თუ სოციალური გარემო. შესაბამისად მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი უნდა გამოძებნილიყო ან თბილისში ან თბილისთან ახლო-მახლო.“

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა უკვე 251 ათასს გადააჭარბა, რაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ექვსი პროცენტია. დევნილთა 40 პროცენტი, ქვეყნის მაშტაბით არსებულ 1658 დროებით თავშესაფარში ცხოვრობს. აქედან 515 თავშესაფარი თბილისის ტერიტორიაზეა.

თბილისის მიღმა, ყველაზე მეტი დევნილი ზუგდიდის რაიონშია - თითქმის 50 ათასამდე. შემდეგ მოდიან წალენჯიხის (10 000-მდე), სენაკის(9000-მდე), და გორის (7000-მდე) რაიონები, ასევე ქალაქები - ქუთაისი (12 500-მდე) და ფოთი ( 8000-მდე). ამჟამად, თბილისში დაახლოებით 70 000-მდე დევნილი ცხოვრობს. მთავრობას სწორედ ამ რიცხვის მკვეთრი შემცირება სურს.

XS
SM
MD
LG