ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომბუდსმენი: „არადამიანური მოპყრობის ფაქტები მრავლად იყო“


2010 წელს ისევ აღინიშნა არადამიანური და წამების შემცველი მოქმედებები, როგორც პოლიციის, ისე სასჯელაღსრულებითი სისტემის თანამშრომელთა მხრიდან

სახალხო დამცველის აპარატს თითქმის მზად აქვს 2010 წლის შემაჯამებელი ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. უკვე ცნობილია, რომ სქელტანიან ნაშრომში ტრადიციული თემები მოხვდება, რომლებიც წლებია, ქართული დემოკრატიის აქილევსის ქუსლად იქცა.

2010 წელს ისევ აღინიშნა არადამიანური და წამების შემცველი მოქმედებები, როგორც პოლიციის, ისე სასჯელაღსრულებითი სისტემის თანამშრომელთა მხრიდან. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს:

„არადამიანური და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, საკმაოდ მრავლად იყო დაფიქსირებული სასჯელაღსრულებით სისტემაში წლის განმავლობაში. იყო არაერთი მძიმე ფაქტი.

მე ვერ გეტყვით, რომ წამება დღემდე გავრცელებული დანაშაულია მაინცდამაინც საქართველოში. იმიტომ, რომ გარკვეული კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს მოპყრობამ ადამიანის მიმართ, რათა მას მიეცეს წამების კვალიფიკაცია.

რაც შეეხება არადამიანურ და ღირსების შემლახველ და არასადანადო მოპყრობას და დასჯას, ჩვენ გვქონდა რამდენიმე ფაქტი პოლიციაში და უფრო მეტი ფაქტი გაცილებით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა ნაწილში.“

ციხეებსა და საპატიმროებში შექმნილი მძიმე მდგომარეობა 2010 წლის ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი თემაა. სახალხო დამცველი კვლავ აყენებს ბათუმის, ზუგდიდისა და ხონის ციხეების ლიკვიდაციის საკითხს, იმის გამო, რომ ეს დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს.

ციხეები კვლავაც გადატვირთულია, ხოლო პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი.სახალხო დამცველი იმ სამედიცინო ექსპერტებთან ერთად, რომლებიც მას კონკრეტული საქმეების შესწავლისას ეხმარებოდნენ ასკვნის, რომ მაღალი სიკვდილიანობა, სისტემაში, "არასათანადო მოპყრობისა" და "სამედიცინო სამსახურების დაბალპროფესიული მუშაობის პირდაპირ პროპორციულია":

„პატიმართა სიკვდილიანობას რაც შეეხება, ამ წლის განმავლობაში, დაახლოებით 90 პატიმარია სისტემაში გარდაცვლილი. ყოველწლიურად, დაახლოებით იღუპება ასამდე პატიმარი.

სისტემაში, სადაც 23 ათასზე მეტი პატიმარია შეიძლება, რომ ვინმე გარდაიცვალოს. როცა სახალხო დამცველი საუბრობს გარდაცვლილ პატიმრებზე, იგი ყოველთვის აანალიზებს თითოეული გარდაცვლილი პატიმრის მიზეზს. იგი უყურებს იმას, გაუარესდა თუ არა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.

როდესაც სამედიცინო ესპერტები, რომლებიც მე მეხმარებიან სწავლობენ კონკრეტულად გარდაცვალების ფაქტებს, ჩვენ საკმაოდ მძიმე დასკვნებამდე მივდივართ.

მინდა ხაზი გავუსვა ისევ ტუბერკულიოზს და ჰეპატიტს, ეს ორივე ავადმყოფობა მძვინვარებს სისტემაში. ძალიან ხშირად ჩვენ ვაწყდებით დაგვიანებულ ჩარევას, ასევე პრობლემებს მედიკამენტებთან, მათ ხარისხთან, მიწოდებასთან, სპეციალისტებთან. ძალიან ხშირად არის არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების ფაქტები.“

ომბუდსმენის ანგარიშში ასევე მოხვდება ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის და მათზე ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ფაქტი. სახალხო დამცველი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ სფეროში არ იქნა მისი რამოდენიმე წინა რეკომენდაცია შესრულებული, რომელიც მან 2009 წლის ანგარიშში დააყენა.

კერძოდ, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ, ბათუმელი ჟურნალისტის თედო ჯორბენაძის შანტაჟისა და დაშინების ფაქტის გამოძიებაზე. მაშინ ჟურნალისტს ემუქრებოდნენ, რომ თუ პოლიციასთან თანამშრომლობას არ დათანხმდებოდა საჯაროს გახდიდნენ მის სექსუალურ ორიენტაციას:

„ბოლო ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს, არის ის, რომ დაწყებული იყო გამოძიება ჯერ კიდევ მაშინ, როცა სახალხო დამცველმა ოფიციალურად მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, თუ არ ვცდები, ერთი წელია უკვე გასული, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ არ დამდგარა ამ ფაქტის გამო.

საქმე არ არის ჯეროვნად გამოძიებული ან არის გაჭიანურებული გამოძიება, რომელიც ახლა მიმდინარეობს. დამთავრებული ნამდვილად არ არის.“

სახალხო დამცველის აპარატში ამტკიცებენ, რომ ე.წ „გახმაურებულ დაპატიმრებებთან“ დაკავშირებით, რომლებიც მრავალმილიონიანი საპროცესო გარიგებებით სრულდება, დაკავებულთა ადვოკატები სახალხო დამცველს თითქმის არ მიმართავენ.

ომბუდსმენი ასევე ამბობს, რომ სერიოზული პრობლემებია წინა წლებში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების გამოძიებასთან დაკავშირებითაც.

პირველ რიგში ეს ეხება, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს მზვერავის, უფროსი სერჟანტის როინ შავაძის დაპატიმრებას, წამებასა და დახვრეტას. ამ სკანდალური საქმის მასალებს დღემდე არ აცნობენ მოკლულის ოჯახის ადვოკატს, თავად ოჯახი კი დაზარალებულადაც არ არის ცნობილი:

„სერიოზული პრობლემებია ამ ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით და რამდენადაც ვიცი, რეალურად არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

როდესაც გავხდი სახალხო დამცველი და გადმოვიბარე დაწესებულება, ნაწილს საქმეებისას, მით უმეტეს ისეთ საქმეს, როგორიც როინ შავაძის საქმეა გავეცანი. როდესაც არ არის ნება, რომ კონკრეტული საქმე იყოს გამოძიებული, შესაბამისად შედეგი არ დგება და აქ სავარაუდოდ, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

როდესაც, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს კონკრეტული უფლებადარღვევა ჩადენილია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლების მიერ, ეს იქნება პოლიციელი, სპეცნაზელი თუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი თუ სხვა რომელიმე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ერთადერთი უფლებამოსილი სტრუქტურა, რომელმაც უნდა გამოიძიოს აღნიშნული ფაქტები არის პროკურატურა.“

2010 წლის ანგარიშში ყურადღება ასევე გამახვილდება დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უმძიმეს ყოფაზე, ფსიქიატრიულ და შესაძლებლობა შეზღუდულ პირთა სპეციალიზირებულ დაწესებულებებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. საქართველოში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების და ზოგადად, სოციალურ სფეროში შექმლილ პრობლემატიკაზე. ასევე იმ საქმეებზე, რომლებსაც სახალხო დამცველის აპარატი წლის განმავლობაში სწავლობდა.

ორგანული კანონის მიხედვით, რომელიც სახალხო დამცველის მუშაობას განსაზღვრავს, ომბუდსმენი პარლამენტის წინაშე ამ ანგარიშით 2011 წლის მარტში წარსდგება.

XS
SM
MD
LG