ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში მუსლიმთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იზრდება


აშშ-ში მუსლიმთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იზრდება
აშშ-ში მუსლიმთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იზრდება

ობამას ადმინისტრაციის განცხადების თანახმად აშშ-ში კვლავაც გრძელდება მუსლიმ-ამერიკელთა დისკრიმინაცია და ისინი კვლავაც რჩებიან ზიზღის ობიექტად.

ეს ფაქტი ადმინისტრაციის აზრით ითხოვს განსაზღვრული ზომების გატარებას მთავრობის მხრივ. სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებით კაპიტოლიუმის ბორცვზე გაიმართა მოსმენები. აშშ-ში ადამიანის უფლებათა დარგში იუსტიციის მინისტრის თანაშემწემ თომას პერეზმა აშშ-ს სენატის სამოქალაქო უფლებებზე იურიდიულ ქვეკომიტეტს ჩვენება მისცა ამ პრობლემაზე:

-„სამწუხაროდ ჩვენ დღესაც ვხდებით იმის მოწმენი, რომ აშშ-ში ძალმომრეობასა და დისკრიმინაციას აქვს ადგილი მუსლიმების, არაბების სიკჰების და სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულთა მიმართ. ყველგან, სადაც კი შევხვედრივარ მუსლიმებისა და უმცირესობების ლიდერებს, პირველ რიგში რაც თვალში მომხვდა იყო ამ ადამიანების ცხოვრებაში ყოველდღიური შიში ძალმომრეობისა, დისკრიმინაციისა და ზიზღისა.“

როგორც პერეზმა აღნიშნა აქ გამონაკლისს არც ბავშვები შეადგენენ. მათ სკოლებში ტერორისტებს უწოდებენ, ხდებიან შევიწროვების ობიექტები და სხვა.

ფედერალური სტატისტიკური მონაცემებით 2001 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად იმატა ბოროტმოქმედებამ მუსლიმ ამერიკელთა მიმართ.

ილინოისელმა დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ დურბინმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

-„ კონგრესის ერთ-ერთმა ცნობილმა წევრმა პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ-ში ძალზე ბევრი მეჩეთი აშენდა. ხოლო ერთ-ერთმა ამერიკელმა რელიგიურმა ლიდერმა ისიც კი განაცხადა, რომ ისლამი ბოროტებაა. ცნობილი ამერიკელი პირების მიერ ამგვარი განცხადება ნოყიერ ნიადაგს ქმნის დისკრიმინაციისათვის.“

აშშ-ში რელიგიური თავისუფლების პარალელურად სიტყვის თავისუფლებაცაა დაცული. სწორედ ადამიანის უფლებებისა და მოვალეობის ბალანსის დაცვა თავისუფალ საზოგადოებაში გახდა სამხრეთ კაროლინელი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის სიტყვის მთავარი თემა. მან თვით მუსლიმებს მოუწოდა ბრძოლა გამოუცხადონ მათ წრეში რადიკალურ ისლამს.

-„ამერიკელო მუსლიმებო მე თვენთანა ვარ, თუ საქმე ეხება თქვენს რელიგიურ საქმიანობას და კონსტიტუციით გარანტირებულ ღვთის თაყვანისცემის უფლებას, მაგრამ არსებობს განსაზღვრული ზღვრები, რომლებიც არ უნდა დაირღვეს. ეს კარგად უნდა შეიგნონ ახალგაზრდა მუსლიმებმა. ვრცელდება რადიკალური მოწოდებები იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მზად არიან დახოცონ ზომიერი პოზიციის მქონე ყველა მუსლიმი, ებრაელი, არაებრაელი და თუნდაც აგნოსტიკი.“

დურბინმა იქვე აღნიშნა, რომ 2001 წლის სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერა გამოავლინეს მუსლიმმა ამერიკელებმა, რომელთაც უყვართ თავიანთი ქვეყანა და ხელს უწყობენ ამერიკის მთავრობას ამ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში.

2010 წელს გამოქვეყნებული შესწავლის შედეგების თანახმად ამერიკაში გრძელდება მუსლიმ-ამერიკელთა დისკრიმინაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა მუსლიმ-ამერიკელთა თემებმა შეიმუშავეს მეთოდები, რათა არ გავრცელდეს მათ წრეში რადიკალური იდეოლოგია. როგორც ამ შესწავლამ უჩვენა აშშ-ში რადიკალური პოზიციის მქონე მუსლიმთა რაოდენობა ძალზე მცირეა.

XS
SM
MD
LG