ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრთხე და დაცულობა კონფლიქტის ზონაში


საფრთხე და დაცულობა კონფლიქტის ზონაში
საფრთხე და დაცულობა კონფლიქტის ზონაში

ცხინვალისპირას ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის იმედად შეიძლება.

რთულია ისაუბრო დაცულობის თემაზე კონფლიქტის ზონასთან მიმართებაში. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხინვალისპირას ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის იმედად შეიძლება. პოლიციის საგუშაგო სოფლებში მართალია არის, თუმცა ინციდენტის შემთხვევაში, ყველამ კარგად იცის, რომ თვითგადარჩენაზე დამოუკიდებლად უნდა იზრუნონ.

შიდა ქართლის პოლიციის მთავარი სამართველოს უფროსი ვლადიმერ ჯუღელი, ისევე როგორც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქართული სპეც–დანაყოფები რუსეთის ჯარს წინ ვერ აღუდგებიან იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელთ ასეთი გადაწყვეტილება ექნებათ. ამიტომ განხილვა იმისა, საკმარისადაა წარმოდგენილი თუ არა ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული პოლიცია, დროის ფუჭი კარგვაა და მეტი არაფერი.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრებელებისთვის „ერთი–ორი გასროლა“, როგორც ამას თავად უწოდებენ, არაფერს ნიშნავს. იციან, რომ სროლის ხმები ცხინვალის მხრიდან მოდის და ამის სავარაუდო მიზეზი კრიმინალური გარჩევებია.

ერგნეთში მცხოვრები მაგული ოქროპირიძე ამბობს, რომ მუდმივად დაძაბულია, არ იცის, როდის რა დაიწყება, ამიტომ მიაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა და მედიის წარმომადგენლებმა ყოველთვის დიდი სიფრთხილით უნდა ისაუბრონ კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებით.

სოფელ ხვითის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ, გასაქცევი კი არსად აქვთ. „რამდენი ხანია გამნაღმველების შემოსვლას ვითხოვთ, მაგრამ უარს გვეუბნებიან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ამ ადგილების განაღმვის, აქ მუშაობის ეშინიათ,“– ამბობენ ხვითელები.

ნიქოზელები ამბობენ, რომ ვინც ოჯახებით ცხოვრობს, სიწყნარე უნდა, შფოთი და არეულობა კი მას აძლევს ხელს, ვინც ადგილობრივი არაა და ხელის მოთბობის სურვილი აქვს. ვანო დურგლიშვილი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის ზონის მეორე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასაც იგივე მოსაზრებები აქვს ამ საკითხის შესახებ.

ბატონი ერვანდი ჩალაჩიძე კულტურულობის აუცილებლობის შესახებ მსჯელობს. მიიჩნევს, რომ ქართველებმა ღირსეულობის ისეთი მაგალითი უნდა აჩვენონ ყველას, რომლის მსგავასად მოქცევის სურვილი მტერსაც გაუჩნდება. ბატონი ერვანდის ოჯახი სოფელ ერგნეთში საზღვართან ყველაზე ახლოს ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG