ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ასადის რეჟიმი რეფორმების გატარებას ეწინააღმდეგება


ალ-ასადის რეჟიმი რეფორმების გატარებას ეწინააღმდეგება

სირიის პრეზიდენტის პარლამენტში გამოჩენა საკმაოდ სიმბოლური იყო

პარლამენტის შენობის გარეთ სირიის არმია ტანკებისა და იარაღის გამოყენებით საკუთარ მოქალაქეებს არბევდა, ხოლო თვით პარლამენტის შენობაში ალ-ასადის მისამართით ხოტბა-დიდება ისმოდა, ზოგი კანონმდებელი კი სიხარულისაგან ცრემლებს ვერ იკავებდა. არავინ მოელოდა 11 წლის წინ ასეთ სურათს, როდესაც პრეზიდენტის პოსტი დაიკავა დასავლეთში განათლება მიღებულმა ბაშარ ალ-ასადმა. ბეირუთში ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტმეცნიერების პროფესორს ჰილალ ჰაშანს მიაჩნია, რომ ბაშარ ალ-ასადი ვერ შეცვლის იმ პოლიტიკურ ტრადიციას, რომელიც მისმა წინაპრებმა ჩამოაყალიბეს:

„შეუძლებელია ხელის ერთი მოსმით წინა წლების შედეგების მორღვევა. ბაშარი საზოგადოებას მისმა მამამ წარუდგინა. თვით ბაშარი კი გაიზარდა ოჯახში, რომელსაც მამამისი ჰაფეზ ალ ასადი სირიის მფლობელად მიაჩნდა.“

ჰაფეზ ალ ასადი სირიას 30 წლის განმავლობაში უმკაცრესი მეთოდებით მართავდა. მან ხელისუფლებას კონსოლიდირება მოუხდინა იმით, რომ საკვანძო მნიშვნელობის მქონე სამთავრობო პოსტებზე მისი უშუალო ოჯახის წევრები ან შიიტთა სექტის ალავიტის მიმდევრები დანიშნა. მან გაანადგურა მისი ოპონენტები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია 1982 წელს ჰამაში მომხდარი აჯანყება, რომლის ჩახშობისას ათასობით და ზოგის ვარაუდით ათი ათასობით ადამიანის სისხლი დაიღვარა. დღეს განსაზღვრულწილად ბაშარ ალ-ასადი აგრძელებს მისი ოჯახის ტრადიციას. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და სადაზვერვო სამსახურში მნიშვნელოვან პოსტებზე მან მისი ძმა და სიძე დანიშნა.

ასადის იდეოლოგია მთლიანობაში საერო ხასიათისაა. თუმც განსაზღვრული ერთობა არსებობს შიიტებთან ირანში და ლიბანში ბაზირებულ ჰეზბოლასთან. ისრაელის თემა სირიაში განსაზღვრულწილად მიძინებული იყო მას შემდეგ რაც სირიამ გოლანის მთები დაჰკარგა 1967 წელს. თუმც ამ ცოტა ხნის წინ ეს თემა ისევ წამოიწია წინ მას შემდეგ, რაც ნება დართეს პალესტინელ ლტოლვილებს შესულიყვნენ გოლანის რაიონში. აშშ-მ ამ ფაქტს სირიის მხრივ ცინიკური სვლა უწოდა, რათა ყურადღება შინაგანი პრობლემებიდან ამ ფაქტზე გადაეტანა. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენ ხანს შეიძლება იარსებოს სისტემამ, რომელიც ჩამოყალიბდა იმ პერიოდში, როდესაც ინფორმაციის მკაცრი კონტროლი შესაძლებელი იყო და რომელსაც დღეს არეულობა უთხრის ძირს. აი რა მოსაზრება გამოთქვა ამის თაობაზე ბრიტანელმა საერთაშორისო მიმომხილველმა ნადიმ შეჰადეჰმა:

„შეუძლებელია სირიის მსგავსი სისტემის მისადაგება რეფორმებთან. ჩემის აზრით რეჟიმს შეუძლია დიდხანს იარსებოს, თუკი მოსახლეობა დარწმუნებულია საკუთარი კეთილდღეობისათვის რეჟიმის არსებობის აუცილებლობაში, მაგრამ თუკი ერთხელ მაინც მოხდა რეჟიმის საფუძვლების მორყევა და თუ მოხდა რეჟიმის კანონიერების დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მოქცევა, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება რეჟიმისათვის მისთვის სასურველი ფასადის შენარჩუნება. „

XS
SM
MD
LG