ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ტრეფიკინგი ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნის


აშშ-ში ტრეფიკინგი ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნის
აშშ-ში ტრეფიკინგი ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნის

კრიმინალური ელემენტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეერთებულ შტატებში კაცების, ქალებისა და ბავშვების უკანონოდ ჩაყვანას ცდილობენ

გაეროს გამოანგარიშებით, ყოველ წელს საერთაშორისო საზღვრებზე დამნაშავეებს უკანონოდ გადაჰყავთ დაახლოებით 900,000 კაცი, ქალი და ბავშვი. ბევრი სამშობლოს ტოვებს იმის გამო, რომ მათ საზღვარგარეთ კარგ სამუშაოს ჰპირდებიან. მაგრამ ცრუ დაპირებების სანაცვლოდ, საზღვარგარეთ მოხვედრის შემდეგ, მათ ხშირად მეძავეობას და სხვა სახის იძულებით სამუშაოს აძალებენ.

შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი ოფიციალური პირების განცხადებით, თანამედროვე მონობის ეს ამაზრზენი ფორმა ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნის. ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემის ცნობიერება ამაღლდეს. აღსანიშნავია, რომ გასული თვე პრეზიდენტ ბარაკ ობამას განკარგულებით, მონობასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის ეროვნულ თვედ გამოცხადდა, იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი მარიამა დიალო.

კრიმინალური ელემენტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეერთებულ შტატებში კაცების, ქალებისა და ბავშვების უკანონოდ ჩაყვანას ცდილობენ. სამწუხაროდ, ამ პრობლემას ამერიკაში სათანადო ყურადღებას არ უთმობენ, აღნიშნავს შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დირექტორი ჯონ მორტონი:

„როცა ხალხი იგებს იმას, თუ რა ხდება, რომ ბავშვებს საშინელ პირობებში ამუშავებენ, ხოლო გოგონებს ან ახალგაზრდა ყმაწვილებს მეძავეობას აძალებენ, ეს ყველას აშფოთებს, რადგან ჩვენ ხომ მამები ვართ, გვყავს ძმები ან დები. ხალხს ესმის, რომ ეს დაუშვებელია “ - აღნიშნა მორტონმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, კრიმინალურ ელემენტებს შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ტრეფიკინგის მეშვეობით, დაახლოებით 17,000 პირი შემოჰყავთ. ესენი ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. მორტონი აღნიშნავს, რომ ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი პირების გასამართლება მრავალ სირთულეს უკავშირდება:

„ტრეფიკინგის ამა თუ იმ მსხვერპლის ამოცნობა საკმარისი როდია, რადგან საჭიროა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ეს კი უწინარეს ყოვლისა ნიშნავს იმას, რომ მსხვერპლი ჩვენებების მიცემაზე უნდა დათანხმდეს. მაგრამ ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ჩვენებების მიცემა ძნელია. მათ კრიმინალური ელემენტების ძალიან ეშინიათ. ამას გარდა, საჭიროა ადამიანთა ტრეფიკინგის ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრა “ - აღნიშნა მორტონმა.

ანდრეა ბერტონე ტრეფიკინგის საკითხის ექსპერტია. მის მიერ დაარსებული ვებ გვერდი ტრეფიკინგის პრობლემას ეძღვნება. ბერტონე საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ძალისხმევას აფასებს, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლნი უფრო მეტ დახმარებას იმსახურებენ:

„ჩვენ ეთნიკურ სათვისტომოებთან კავშირი უნდა გავაუმჯობესოთ. ხელისუფლება სათვისტომოების საქმიანობაში ჩარევას ერიდება, მაგრამ ეთნიკურ სათვისტომოებში მიმდინარე პროცესების შესწავლა მონობისა და სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა ამოცნობაში უდავოდ დაგვეხმარება “- აღნიშნავს ანდრეა ბერტონე.

ანდრეა ბერტონე და ჯონ მორტონი აღნიშნავენ, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობა აზიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან არიან.

შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გასულ წელს სამსახურმა ადამიანთა ტრეფიკინგთან დაკავშირებული 650-ზე მეტი საქმე გახსნა და 300 დაპატიმრება განახორციელა, რაც სამსახურის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG