აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამჟამად მასაჩუსეთსის შტატის დაბა მარტას ვინიარდში ატარებს თავის შვებულებას. თუმც უნდა ითქვას, რომ თეთრ სახლს ამ დროს უხდება იმაზე თავის ტეხა, თუ როგორ უნდა გაანეიტრალოს ბოლო დროს რესპუბლიკელების მიერ გაჩაღებული კამპანია, რომელშიც მოიაზრება ობამას ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკა. ალბათ ყველაზე მკვეთრი განცხადება კლივლენდში გააკეთა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა ჯონ ბენერმა. თუმც აქვე უნდა ითქვას, რომ ბენერს ახალი არაფერი უთქვამს. თვეების განმავლობაში იგი და სხვა რესპუბლიკელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ობამას ადმინისტრაციის ეკონომიკური პოლიტიკის გამო. საგულისხმოა ის, რომ ბენერი აქტიურ კამპანიაშია ჩაბმული, რათა იგი გახდეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი იმ შემთხვევაში თუ რესპუბლიკელები კონგრესში შუალედურ არჩევნებში, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი საკუთარ ხელში აიღებენ წარმომადგენელთა პალატის კონტროლს. მის სიტყვაში ბენერმა გააკეთა მოწოდება ეკონომიკის დარგში პრეზიდენტის მრჩევლების გადადგომის შესახებ. მისივე თქმით ნოემბრის არჩევნები ფაქტობრივად რეფერენდუმი იქნება ობამას პოლიტიკაზე:
-„ პრეზიდენტმა ობამამ უნდა მოითხოვოს და შემდეგ დააკმაყოფილოს მისი ეკონომიკური გუნდის წევრების თხოვნა გადადგომაზე და პირველ რიგში ეს უნდა შეეხოს ბატონ გაიტნერს და ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელს ლერი სამერსს. ეს რა საკვირველია რეფერენდუმის ფუნქციას ვერ შეასრულებს ობამას პოლიტიკის ირგვლივ, რომელიც სინამდვილეში სამუშაო ადგლების შემცირებას ემსახურება. ამ საკითხს თავის დროზე ჩვენ დავაყენებთ ამერიკელი ხალხის წინაშე. თუმც ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია თვეების განმავლობაში უმოქმედობა, სანამ ობამა თავისი წარუმატებელი პოლიტიკის განტევების ვაცებს მონახავს “-აღნიშნა ჯონ ბენერმა.
ამაზე პასუხად ობამას საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დენ ფაიფერმა ბრალად დასდო ბენერს იმავე ძველი არაეფექტური პოლიტიკის გამოცოცხლება, რომელმაც ამერიკის ეკონომიკა პრობლემებამდე მიიყვანა. აი რა რეაქცია მოახდინა ბენერის განცხადებაზე თეთრი სახლის პრეს-მდივნის მოადგილემ ბილ ბარტონმა:
-„ბენერს რომ შეეძლოს დაკავებული პოსტებიდან დღესვე გაათავისუფლებდა იმ ხალხს, ვინც გადამწყვეტად იმოქმედა და მუხლჩაუხრელად იშრომა, რათა ჩვენი ეკონომიკა ისევ განვითარდეს სწორი მიმართულებით.“
ეკონომიკური საკითხების გარდა ბენერის სიტყვა აგრეთვე მოიცავდა დღეს ამერიკაში საკმაოდ პოპულისტურ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანტი-ვაშინგტონურ რიტორიკას. აი რა თქვა მან იმის თაობაზე თუ რის გაკეთებას აპირებს იგი, თუ გახდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი:
-„სრულიად განსხვავებულად ვაპირებ წარმომადგენელთა პალატის მუშაობის მიმართვას და ამ ფრაზაში არ ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რასაც დღეს დემოკრატები აკეთებენ იქ. აქ იმასაც ვგულისხმობ, თუ როგორ ართმევდნენ თავს წარსულში ამ მოვალეობებს ორივე დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. ამაში მოვიაზრებ იმის გარდაქმნას თუ რაც უდევს საფუძვლად ვაშინგტონის ოფიციოზის საქმიანობას. იმის ერთხელ და სამუდამოდ გამოსწორებას, რაც წლების განმავლობაში აღშფოთების საგანია ყველა ამერიკელისა“.
ბენერის განცხადებაზე ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურ პასუხში ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პროგნოზი გააკეთა იმის თაობაზე, რომ კონგრესში ნოემბრის არჩევნებისას ამერიკელები კიდევ ერთხელ უარს იტყვიან რესპუბლიკელთა ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელმაც თავის დროზე სავალალო შედეგები მოიტანა ამერიკის ეკონომიკისა და ამერიკის საშუალო ფენისათვის. აი რა თქვა მან:
_“უნდა გითხრათ, რომ ამ პოლიტიკის შედეგად მილიონობით ამერიკელმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა მათი დანაზოგი თანხების, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების დაკარგვის სახით. როგორც სჩანს ბატონ ბენერს იმ დღეების ნოსტალგია მოეძალა, თუმც ამერიკელ ხალხს არ სურს ამ უბედურების დაბრუნება. მათ სურთ წინსვლა.“
საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად ობამას პოპულარობა 41%-მდე დაეცა. აქედან გამომდინარე არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ დემოკრატები ყველა ღონეს მიმართავენ, რათა რესპუბლიკელები წარმოაჩინონ როგორც უპასუხისმგებლო პოლიტიკური მიდგომის დამცველები, რომელთაც სურთ უკუქცევა მოუხდინონ იმ თუნდაც მცირეოდენ ეკონომიკურ წინსვლას, რომელსაც ამერიკამ ობამას ადმინისტრაციის ხელმძღანელობით მიაღწია.