ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი "ვიკილიკსის" საქმის გამოძიებას იწყებს


ადმირალი მაიკლ მალენი მკაცრად აკრიტიკებს "ვიკილიკსის" ხელმძღვანელობას

შეერთებულ შტატებში საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საკუთარი გამოძიება დაიწყო.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის განცხადებით მან პირადად მიმართა გამოძიების ფედერალურ ბიუროს საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გაჟონვის საქმეში ჩართულიყო.

რობერტ გეითსმა და შეერთებულიოშტატების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდიმარემ ადმირალმა მაიკლ მალენმა ამ თემაზე ხუთშაბათს პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს. რამდენიმე დღით ადრე „ვიკილიკსის“ ვებ-გვერდზე ათასობით საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა ავღანეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

პენტაგონის შეფმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ობამას ადმინისტრაციისთვის ცნობილი იყო ამ დოკუმენტებში ავღანეთის ომთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ.

თუმცა ბატონმა გეითსმა ამ დოკუმენტების გამოქვეყნების შედეგად მიყენებული ზარალის შესახებაც ილაპარაკა, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება კონტექსტიდან ამოვარდნილი ცალმხრივი ანალიზისის მაგალითებს.

რობერტ გეითსის განცხადებით:“აღნიშნული დოკუმენტების სააშკარაოზე გამოტანა პოტენციური დარტყმის ქვეშ აყენებს ავღანეთში მეომარ ამერიკელ და მათი მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცებს, რამაც მსოფლიოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას შესაძლოა დიდი ზარალი მიაყენოს.“

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი შიშობს რომ ამ დოკუმენტების მეშვეობით მოწინააღმდეგისთვის ცნობილი გახდება ამერიკელთა დაზვერვის მუშაობის და სამხედრო ტაქტიკის დეტალების შესახებ. გარდა ამისა საფრთხე დაემუქრება იმ ავღანელთა სიცოცხლეს, რომლებიც ამერიკელებს ეხმარებიან.

რობერტ გეითსის განცხადებით:“ ყველაზე უარესი ის არის, რომ ამიერიდან შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ჩვენდამი ნდობის საკითხი. კიდევ გვენდობა ის ხალხი ვისი საიდუმლო მონაცემებიც ამ დოკუმენტებში იყო შეტანილი? ან გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას იმ ქვეყნების სპეცსამსახურები, რომლებიც სადაზვერვო ინფორმაციებს გვაწვდიდნენ?“

თავის მხრივ ადმირალმა მაიკლ მალენმა მკაცრად გააკრიტიკა „ვიკილიკსის“ ხელმძღვანელები ამ დოკუმენტების პუბლიკაციის გამო. განსაკუთრებით მწვავე კრიტიკა აღნიშნული ვებ-გვერდის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟის დაატყდა თავს. ადმირალ მალენის განცხადებით:“ ბატონი ასანჟი რასაც უნდა იმას იტყვის საკუთარი კეთილი მიზნების შესახებ, მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ავღანეთში დაღუპული ზოგიერთი ახალგაზრდა ჯარისკაცის სიცოცხლე შესაძლოა სწორედ მის კისერზე იყოს.“

თავად ასანჟი აცხადებს, რომ „ვიკილიკსის“ მესვეურებს ძალზე უჭირთ საკუთარი წყაროების დაცვა. აღსანიშნავია, რომ რობერტ გეითსმა პირდაპირი პასუხი არ გასცა ჟურანალისტის შეკითხვას, დაიწყებოდა თუ არა გამოძიება უშუალოდ ამ ვებ-გვერდის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით ბატონმა გეითსმა ასე განაცხადა:“ ჩემის აზრით გამოძიება ყველა მიმართულებით უნდა წარიმართოს.“

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი როებრტ გეითსი აცხადებს რომ პენტაგონმა უკვე მიიღო შესაბამისი ზომები მომავალში მსგავსი ინციდნეტების თავიდან ასაცილებლად.

XS
SM
MD
LG