ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზბეკი ლტოლვილების მდგომარეობა საგანგაშოა


ეთნიკური შუღლის მიზეზები გადაუჭრელი რჩება და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძალადობამ შეიძლება კიდევ ერთხელ ამოფეთქოს.

ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონში ერთნიკური ძალადობის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა თავის სახლებს დაუბრუნდა. მაგრამ, როგორც მოსკოვში ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი იუწყება, ეთნიკური შუღლის მიზეზები გადაუჭრელი რჩება და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ძალადობამ შეიძლება კიდევ ერთხელ ამოფეთქოს.

მზარდ მოსახლეობაში სულ უფრო ხშირია კონფლიქტები მიწის ნაკვეთებისა და საირიგაციო წყლის გამო. რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე წასვლა მნიშვნელოვნად შემცირდა. ახლა კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა ივნისში მომხდარი ეთნიკური ძალადობის შედეგად 2,000 დაღუპული ადამიანისა და ათასობით გადამწვარი სახლის გამო.

სწორედ ეს არის ის სურათი, რომელსაც აღწერენ ექსპერტები, რომლებიც ყირგიზეთის ფერღანის ველს სწავლობენ. კეთლინ კუენასტი ამერიკელი ანტროპოლოგია, რომელიც ვაშინგტონში მდებარე შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში მუშაობს. კუენასტი აღნიშნავს, რომ რეგიონის მოსახლეობის ნახევარი 30 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შედის. მისი თქმით:

„ეს ნამდვილად ყველაზე ნოყიერი რეგიონია, სადაც ყველაფერი ხარობს და კარგად იზრდება. მაგრამ სწორედ ამ მიზეზების გამო ეს რეგიონი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია მთელს შუა აზიაში. შედეგად შეზღუდული რესურსების პირობებში მიწის ნაკვეთებზე მწვავე მოთხოვნილება არსებობს, რაც მუდმივ დაძაბულობას იწვევს.“

ბოლო წლებში უმუშევარი ახალგაზრდა მამაკაცები ხშირად 1,600 კილომეტრის მოშორებით, რუსეთში მიემგზავრებოდნენ, სადაც ნავთობზე მაღალი ფასების დროს ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა და სამუშაო უხვად იყო. მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთის ეკონომიკა მკვეთრად შემცირდა, სამშენებლო სამუშაოები გაჩერდა და ათასობის შუა აზიელი სეზონური მუშა შინ დაბრუნდა.

თომას ვუდი ევრაზიის საკითხების სპეციალისტია სამხრეთ კაროლაინას უნივერსიტეტში. მისი კვლევის ერთ-ერთი საგანი იყო ეკონომიკური ჩავარდნის გავლენა შუა აზიის რეგიონზე. ვუდი აღნიშნავს:

„ისევე როგროც დანარჩენი ევრაზია, ყირგიზეთი ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა, რომელიც უარესდება დაახლოებით ბოლო 10 წლის მანძილზე. სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე ყირგიზი მიგრანტი მუშები დიდი ხნის მანძილზე შეადგენდნენ რუსეთისა და ყაზახეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს. გლობალური ფინანსური კრიზისის გამო რუსეთსა და ყაზახეთში სამუშაო ადგილები მკვეთრად შემცირდა და ეს ხალხი ფერღანაში დაბრუნდა.“

ოცი წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შუა აზიამ დაკარგა გარე არბიტრი, რომელიც მიწის ნაკვეთების განაწილებასა და წყლის წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს გადაჭრიდა რეგიონში, რომელიც ახლა ოთხ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეიცავდა. მას შემდეგ საზოგადოებრივი მომსახურება თითქმის გაუჩინარდა, რაც განათლების დონის კატასტროფულ ვარდნასა და შიმშილში გამოიხატა.

ანტროპოლოგი კეთლინ კუენასტი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე სამხრეთ ყირგიზეთის მოსახლეობის უმრავლესობა უკეთესად იკვებებოდა და უკეთეს განათლებას ღებულობდა. ამასთან დაკავშირებით კუენასტმა აღნიშნა:

„ახალგაზრდობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. მშობლებთან შედარებით მათ განათლების ნახევარი თუ

სამუშაოს გარეშე ახალგაზრდა მამაკაცებს ცოლის მოყვანის საშუალება არ გააჩნიათ, რაც საერთო იმედგაცრუებას მნიშვნელოვნად აღვივებს.

შეერთებული შტატების მთავრობამ ყირგიზეთს საგანგებო დახმარების სახით 42 მილიონი დოლარი გამოუყო. ამ ფულის ლომის წილი ყირგიზეთის სამხრეთში ეთნიკური ძალადობით დაზარალებულ რაიონებში ახალგაზრდა მამაკაცების დასაქმებას მოხმარდება.

როგორც ცნობილია ყირგიზეთის დროებითი მთავრობა ხელისუფლებაში აპრილში მოვიდა დედაქალაქ ბიშკეკში მომხდარი სახალხო აჯანყების შედეგად. სამი თვის შემდეგ დროებითი მთავრობა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას სრულად ვერ აკონტროლებს. სამხრეთ ყირგიზეთში მცხოვრები უზბეკები აღნიშნავენ, რომ ყირგიზეთის დროებითი მთავრობისადმი ერთგული ჯარისკაცები მონაწილეობდნენ უზბეკ უბნებზე ორგანიზებულ თავდასხმებში. ამჟამად უზბეკების მხრიდან ყირგიზების მიმართ ეთნიკური უნდობლობის დონე მაღალია. უზბეკების ზოგიერთი ლიდერი ავტონომიის მოთხოვნითაც გამოვიდა. ამას გარდა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორივე მხარე აქტიურად იძენს შეიარაღებას.

შეერთებულ შტატებში ყირგიზეთის ყოფილმა ელჩმა ზამირა სიდიკოვამ განაცხადა, რომ მას ადარდებს ის, რომ სულ უფრო ხშირად გაისმის ლაპარაკი უზბეკური ავტონომიის შექმნის შესახებ. სიდიკოვამ აღნიშნა:

„არ არის გამორიცხული, რომ უზბეკური სათვისტომოები, უზბეკური კულტურული ცენტრები და ლიდერები ავტონომიის მოთხოვნას გააჟღერებენ. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ისინი შეეცდებიან ჩარევას ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობებში.“

მაგრამ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შუა აზიის საკითხების სპეციალისტი ერინ მაკგლინჩი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ავტონომიის რაიმე ფორმის შემოთავაზება შეიძლება იყოს ერთადერთი მეთოდი სამხრეთ ყირგიზეთში ყირგიზ-უზბეკური დაძაბულობის შესაჩერებლად. მაკგლინჩი დასძენს:

„სამხრეთში უკვე ისედაც არსებობს დე ფაქტო უზბეკური ავტონომიური რეგიონები. ეს მხოლოდ რეგიონალურ ტერიტორიებს არ ეხება. შერეული ეთნიკური მოსახლეობის ქალაქებში არსებობს გარკვეული უბნები, რომელიც სინამდვილეში სრულად ავტონომიურია. ამდენად გაისმის ბუნებრივი კითხვა: მივცემთ ჩვენ თუ არა ამ დე ფაქტო ავტონომიურ რეგიონებს იმ ლეგიტიმურობას, რომელსაც ისინი ითხოვენ, ან კი პირიქით, გააგრძელებს თუ არა მთავრობა ბრძოლას ამ რეგიონებზე კონტროლის შესანარჩუნებლად. ნაყოფიერი შედეგი იქნებოდა ამ ავტონომიის აღიარება, რასაც შემდგომში უნდა მოჰყვეს თანამშრომლობისთვის საჭირო საჩარჩო შეთანხმების

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ამერიკული და რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული. პირველად რუსეთის იმპერიის სამხედრო ძალები ყირგიზეთში 1876 წელს შევიდნენ, როცა მეფე ალექსანდრე II ახლანდელი ყირგიზეთის ტერიტორია იმპერიას შეუერთა. ხოლო 2001 წელს შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა აქ სატრანსპორტო ცენტრი გახსნეს, რომელიც ჩრდილოეთის მარშრუტით გავლით ავღანეთში დისლოცირებულ კოალიციურ ძალებს ამარაგებს.

ორივე სამხედრო ბაზა ყირგიზეთის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარეობს. მათ არეულობით მოცულ სამხრეთისგან მთაგრეხილი აშორებს.

XS
SM
MD
LG