ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატკო მლადიჩის საქმის განხილვა მალე დაიწყება


რატკო მლადიჩის საქმის განხილვა მალე დაიწყება
რატკო მლადიჩის საქმის განხილვა მალე დაიწყება

ტრიბუნალის მიერ განხილულ საქმეებს შორის, დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანს ყოფილი იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმის განხილვა გახლდათ.

ყოფილი ბოსნიელი სერბი სამხედრო ლიდერი გენერალი რატკო მლადიჩი სულ მალე ჰააგაში გაეროს სამხედრო დანაშაულების ტრიბუნალის წინაშე წარსდგება.

გაეროს უშიშროების საბჭომ ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი 1993 წლის მაისში დააარსა. ტრიბუნალს 1992-1995 წლებში ბოსნიის კონფლიქტის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში მხილებული პირების გასამართლება დაევალა. ბოსნიის ომს დაახლოებით 100,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო საბრძოლო მოქმედებების გამო ორმა მილიონმა პირმა სახლ-კარი დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ნაცისტური გერმანიის ლიდერები 1945-1949 წლებში ნიურბერგის სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, ხოლო იაპონელი ოფიციალური პირები ტოკიოში 1946-1948 წლებში გაასამართლეს, ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა გაერომ სამხედრო დანაშაულების გამოძიების მიზნით საგანგებო ტრიბუნალი შექმნა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნიურბერგისა და ტოკიოს სასამართლო პროცესებისგან განსხვავებით, ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი ბოსნიაში მძვინვარე კონფლიქტის დროს შეიქმნა.

დევიდ კაიე ლოს ანჟელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ექსპერტი გახლავთ. მას მიაჩნია, რომ გაერომ იუგოსლავიის ტრიბუნალი ომის დროს განგებ შექმნა სამხედრო დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.

„თავდაპირველი განზრახვა გახლდათ ის, რომ ამგვარი სამართლებრივი მექანიზმის შექმნით შესაძლებელია სამხედრო დანაშაულში მხილებული პირების გასამართლება, რაც ადგილობრივ სამხედრო მეთაურებსა და პოლიტიკურ ლიდერებს დააფიქრებს რადგან თუ ისინი მსგავს დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მყისვე ბრალდებებს წაუყენენ და ჰააგაში გაასამართლებენ,“ აღნიშნა ამერიკელმა საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა.

ლონდონის კინგსტონის უნივერსიტეტის ბალკანეთის რეგიონის ექსპერტი მარკო ჰოარე იუგოსლავიის ტრიბუნალის დაფძუნებას სხვაგვარად ხსნის.

„ტრიბუნალი შეიქმნა მაშინ როცა დასავლეთსა და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობას იქ მშვიდობის მიღწევა გაუჭირდა. კონფლიქტი მძვინვარებდა და ომს ბოლო არ უჩანდა. ამდენად ტრიბუნალის შექმნა გარკვეულ ალტერნატივას წარმოადგენდა - თუ სამხედრო დანაშაულების აღკვეთა სამხედრო ძალის გამოყენებით შეუძლებელი იყო, ტრიბუნალი ამ დანაშაულების ჩამდენთა დასჯის პერსპექტივას იძლეოდა. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ტრიბუნალის შექმნა სამხედრო ძალის გამოყენების ალტერნატივა გახლდათ,“ აღნიშნა მარკო ჰოარემ.

ტრიბუნალის მიერ განხილულ საქმეებს შორის დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანს ყოფილი იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმის განხილვა გახლდათ, რომელსაც გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის წარმართვის კანონებისა და წესების უხეში დარღვევის ბრალდებები წაუყენეს.

მარკო ჰოარეს თქმით, მილოშევიჩმა ჰააგის ტრიბუნალი პროპაგანდის გავრცელების მიზნით გამოიყენა.

„ტრიბუნალში იგი ბრალდებებისგან თავს არ იცავდა. მას არანაირი სამართლებრივი სტრატეგია არჩეული არ ჰქონდა. იგი სასამართლოს პოლიტიკური ხასიათის გამოსვლებისთვის იყენებდა. მილოშევიჩი სასამართლო მოსმენების წარმართვას განგებ აფერხებდა და ტრიბუნალს საერთოდ მასხარად აგდებდა. შედეგად სასამართლო პროცესი იმდენად გაიწელა, რომ მილოშევიჩი ამ პერიოდის მანძილზე გარდაიცვალა და სასამართლო პროცესი დაუმთავრებელი აღმოჩნდა,“ დასძინა მარკო ჰოარემ.

დაარსებიდან იუგოსლავიის ტრიბუნალმა ბრალდებები 161 პირს წაუყენა და 126 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაასრულა. მათ შორის 64 პირი დამნაშავედ სცნეს, ხოლო 13-ს ბრალდებები მოუხსნეს.

XS
SM
MD
LG