ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარემოს დამცველთა ახალი თაობა


გარემოს დამცველთა ახალი თაობა
გარემოს დამცველთა ახალი თაობა

დედამიწის გარშემო მოგზაურობისას ემილი ჰანთერი ბევრ თანატოლ ახალგაზრდას შეხვდა, რომლებიც, მისი თქმით, გარემოს დაცვის მეთოდოლოგიაში გადატრიალებას ახდენენ.

„ჯეიმი ჰენმა, სხვების მსგავსად ინტერნეტში გვერდი შექმნა: 350.com” და უამრავი ადამიანის გაერთიანება და მობილიზება შეძლო. ტანია ფილდისნაირი ადამიანებიც მრავლად არიან. ის აფრო-ამერიკული წარმოშობის ქალბატონია, მარტოხელა დედა ნიუ იორკის ბრონქსის უბნიდან. მან ურბანული ფერმა გააშენა და მის წამოწყებას დღეს მრავალი მიმდევარი ჰყავს. ტანიამ პატარა კლასიც გახსნა. მის მომცრო ბაღში მთელი უბნის ქალები იკრიბებიან და საკუთარი ხელით მოყვანილი ხილ-ბოსტნეულით ხარობენ.“

თავად ემილი გარემოს დამცველების ოჯახში გაიზარდა. მისი მშობლები ორგანიზაცია „გრინფისის“ დამაარსებლები იყვნენ. მამა, რობერტ ჰანთერი, ის ადამიანი იყო, რომელმაც პირველმა ატეხა განგაში და მასშტაბური კამპანია წამოიწყო ვეშაპებზე ნადირობის წინააღმდეგ, ბირთვული იარაღის გამოცდის და კლიმატის ცვლილების სავარაუდო შედეგების შესახებ. ჟურნალმა „თაიმსმა“ მას მეოცე საუკუნის „ეკო-გმირიც“ კი შეარქვა.

ემილი ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში დრო შეიცვალა და გარემოს დამცველთა ბრძოლის მეთოდოლოგიამაც შესაბამისი ადაპტირება განიცადა. „ჯერ ერთი შეიცვალნენ თვითონ აქტივისტები. მათი სახეები და ხმებიც უფრო მრავალფეროვანია“, აღნიშნავს ემილი. ადრე მათ რიგებში ძირითადად მდიდარი თეთრკანიანები იყვნენ. დღეს კი იქ ყველა რასის და სოციალური სტატუსის ადამიანია გაერთიანებული. გაფართოვდა გეოგრაფიული არეალიც და მოძრაობამ მსოფლიოს ყველა კუთხეში შეიძინა გულშემატკივარი და აქტიური მომხრე.

ემილიმ თავის 22 ახალგაზრდა თანამებრძოლს სთხოვა საკუთარ თავზე პატარა მოთხრობა დაეწერა და მათ ნაშრომს ახლა ერთ წიგნში აერთიანებს. მათ შორის 24 წლის კენიელი, კევინ ოჩინგიც, არის, რომლის წამოწყებამ 5 000 კენიელი გააერთიანა. ისინი კენიის მთის მწვერვალზე ერთობლივ ალპინისტურ სვლას აწყობენ და სურთ მთავრობას კლიმატის ცვლილების შესახებ ხმა მიაწვდინონ და აიძულონ შესაბამისი რეფორმა გაატაროს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, კენიის მთა აფრიკის ყველაზე მაღალ, კილიმანჯაროს მთასთან, შედარებით ბევრად უფრო რთული დასაპყრობია.

ერთ-ერთი მოთხრობის ავტორი უენ ბო ჩინელია. „სხვათა შორის, ისიც ქალია“, ამბობს ემილი და აღნიშნავს, რომ ქალების როლი გარემოს დაცვის საქმეში დღითი-დღე იზრდება.

„ელისაბედ რედმონდი გამომგონებელია. მან ისეთი იატაკი გამოიგონა, რომელიც ენერგიის გენერირებას მასზე სიარულით, მოძრაობის ინტენსიურობით ახდენს. მის მიერ შექმნილი კომპანია „ფაუერლიფი“ ფიაეზოელექტროობას ნერგავს. დენის ეს წყარო სიარულით, ცეკვით და სირბილით აგროვებს ენერგიას და რაც ყველაზე მთავარია, მისი შენახვა და მომავალში მოხმარებაც შეიძლება “. - ამბობს ემილი.

ემილი თვლის, რომ ბრძოლის ძველი მეთოდების იგნორირება არ შეიძლება. თუმცა კედელზე ფურცლის მიკვრა ისე ეფექტურად აღარ მუშაობს, როგორც 30-40 წლის წინ. ინტერნეტი, სოციალური ქსელები და სხვადასხვა ტიპის ვებ-გვერდები ახლა გაცილებით უფრო ეფექტურად აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან, ვიდრე სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალება. გარემოს დამცველთა ასაკიც გაახალგაზრდავდა. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დროს მოვერგოთ, ამბობს ემილი და ყველა ახალგაზრდას მოუწოდებს საკუთარ წრეში გარემოს დაცვისთვის მცირე ცვლილებები მაინც განახორციელოს.

XS
SM
MD
LG