ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიოევას მოულოდნელი ულტიმატუმი


ჯიოევას მოულოდნელი ულტიმატუმი

ჯიოევამ ჩაშლილად გამოაცხადა შეთანხმება.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს გუშინ წერილობით მიმართა საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ და ხელისუფლების გადაცემა მოსთხოვა.

ჯიოევა საკუთარ მიმართვაში ბროვცევს ვადასაც უთქვამს - ეს 23 იანვარია. მისი ულტიმატუმის თანახმად, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალობის შემსრულებელმა ამ დრომდე უნდა უზრუნველყოს ჯიოევასთვის ხელისუფლების გადაცემა. ამავდროულად, ჯიოევას შტაბი აქვეყნებს ცნობას ცხინვალში აქციების განახლების თაობაზე, რომელიც შაბათს, 21 იანვარს უნდა დაიწყოს.

ჯიოევამ ჩაშლილად გამოაცხადა შეთანხმება, რომელიც გასული წლის დეკემბერში ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, აქციების ფონზე შედგა მასსა და ექს პრეზიდენტს კოკოითს შორის, რუსეთი ფედერაციის მიერ წარგზავნილი შუამავლის, სერგეი ვინოკუროვის მონაწილეობით.

შეთანხმება ითვალისწინებდა პრეზიდენტის გადადგომას, აგრეთვე გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის თანამდებობის ჩამორთმევას, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა განთავისუფლებასა და დროებითი ადმინისტრაციის შექმნისას ჯიოევას კადრების გათვალისწინებას. ჯიოევას მომხრეები მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ აცხადებდნენ თანხმობას მოეწოდებინათ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის დაბრუნებულიყვნენ სახლებში. ოპოზიციამ საკუთარი პირობა შეასრულა, ხალხი სახლში გაუშვა.ხელისუფლებამ კი ნაკისრი ვადლებულებებიდან მხოლოდ ერთი პირობა დააკმაყოფილა, რაც კოკოითის მიერ საპრეზიდენტო სკამის დატოვებაში გამოიხატა.

„მივმართავ ბატონ ბროვცევს და მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გადმომცეს ხელისუფლება, როგორც ხალხისგან არჩეულ ლიდერს. ახლა ცხადია, რომ სურთ ჩვენი დაშლა, რათა ადვილი იყოს შემდგომში მართვა. რა ნაბიჯებს გადავდგამთ მომავალში? ცხადია, მუშტებზე ცქერას არ დავიწყებთ. ჩვენ ღია ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, მაგრამ არა ისე, რომ თავით ჩაგვაყუდონ სიბინძურეში, რომ თან ვისუნთქოთ ეს შემზარავი ორთქლი და თან ვიძახოთ, რა კარგი სუნი აქვსო“ – ამბობს ალა ჯიოევა.

ჯიოევას შტაბმა არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მათი ლიდერი შეთახმებიდან ხელმოწერას უკან გამოითხოვდა, რადგან მათთვის მიცემული დანაპირებიდან არაფერი შესრულდა. ვადიმ ბროვცემვა უარი თქვა სერგეი ბარანკევიჩისთვის, ჯიოევას ერთ–ერთი წარმომადგენლისთვის ხელისუფლებაში თანამდებობა მიეცა და ისიც კი განაცხადა, რომ მოცემული მომენტისთვის ვაკანტური თანამდებობა არ ჰქონდა. ჯიოევა მოსკოვშიც ჩავიდა და პრესკონფერენცია გამართა, სადაც შეეცადა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა იმაში დაერწმუნებინა, რომ ცხინვალში სინამდვილეში, კორუფცია ჰყვავის, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები ფულს ფლანგავენ და რომ თავად სულაც არ იქნება ცუდი ხელმძღვანელი, თუმცა მოსკოვმა ცრემლების არც ამჯერად დაიჯერა.

ვლადიკავკაზში კვლავ გაგრძელდა ჯიოევას მომხრეთა დაპატიმრებები. ომონმა იქ 30 დეკემბრის აქციაც დაშალა და შეკრებილი მონაწილეები, ძირითადად ქალბატონები, რომლებიც საგამოძიებო იზოლატორის წინ უკანონოდ დაპატიმრებულთა მხარდაჭერას აპირებდნენ, თავადაც დააპატიმრა.

„მშვიდობიანი შეკრება არაა ნებადართული? ჩვენ მხოლოდ მივალთ საგამოძიებო იზოლატორთან და იქ დავდგებით, არ გაქვს ტრანსფარანტები, არც მოწოდებების წარმოთქმას არ ვაპირებთ. ჩრდილო ოსეთში სუნთქვა ნებადართულია? ფედერალური კანონის მიედვით, თქვანი შეკრება არაა სანქცირებული. სამ–სამი ადამიანი გავივლით, ერთად არ შევჯგუფდებით. აი, დაიწყო, ახლა დაიწყო დაკავებები,“ – ვლადიკავკაზში გამართული მშვიდობიანი მსვლელობიდან, ციტატის დასასრული.

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მარტამდე ცხინვალში ექსცესებს არ პროგნოზირებს. „იქ ყველა ელოდება მომავალ არჩევნებს. ალბათ უფრო გონივრულიც იქნება, რომ მოიცადონ ამ დრომდე და არჩევნებზე აჩვენონ შედეგი“ – ამბობს ექსპერტი.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტსაა დაგეგმილი. ამ დრომდე 20–მდე პრეზიდენტობის მსურველი უკვე დარეგისტრირებულია.

XS
SM
MD
LG