ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიოევა ხელისუფლების მაფიაზე საუბრობს


ჯიოევა ხელისუფლების მაფიაზე საუბრობს

მეორე ოპოზიციური ფრონტი ცხინვალშია გახსნილი.

ოპოზიციის ლიდერმა ცხინვალში, ალა ჯიოევამ საკუთარი ინაუგურაციის თარიღი დაასახელა. გუშინ გამართულ მიტინგზე მან საზოგადოებას განუცხადა, რომ 10 თებერვალს მისი ინაუგურაცია შედგება, სადაც მოიწვევს სტუმრებს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებიდან, აფხაზეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან. ჯიოევას ცხინვალში ყინვისა და თოვლის პირობებში მხარდამჭერების ღია ცის ქვეშ შეკრება არ უჭირს. მიტინგზე, ძირითადად ანტირუსული ტრანსპარანტები იყო გამოტანილი მესიჯებით სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობის შესახებ. „რუსეთო, დაიცავი საკუთარი მოქალაქეების კანონიერი არჩევანი სამხრეთ ოსეთში. ჩვენ გვინდა ჯიოევა და სხვა არავინ“; „რუსეთო, თედეევს თუ ასე მოექეცი, ჩვენ რაღას გვიზამ“,– ეწერა ტრანსპარანტებზე. მიტინგზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსაც მიმართეს.

„აწიეთ ხელი ყველამ, ვინც რუსეთის მოქალაქე ხართ, მეც ვითვლები მათ შორის. ესაა მიმართვა რუსეთის ფედერაციის, ანუ საკუთარი პრეზიდენტისადმი, რომ მან დაიცვას საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის თედეევის უფლებებიც. ჩვენ ყველანი რუსეთის მოქალაქეები ვართ და ვთხოვთ მას დაგვიცვას სამართალდამცავების ძალმომრეობისგან რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.“ ციტატის დასასრული. მიმართვას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი ხელი 720–მა მოქალაქემ მოაწერა. მიმართვის ტექსტში ოსური საზოგადოება კიდევ ერთხელ ცდილობს შეახსენოს მედვედევს, რომ ცხინვალში განვითარებული მოვლენები გამოწვეულია მთელი რიგი არაკანონიერი ქმედებებსგან, რომლებიც უკავშირდება ყოფილი პრეზიდენტის, გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეების სახელებს.

ჯიოევას გამოსვლაში თედეევის თემამ კვლავაც გაიჟღერა. მან განაცხადა, რომ ყველამ კარგად უწყოს, რაც დამართეს ჯამბოლათს, რომელმაც მთელს ქვეყანაზე გაუთქვა სახელი რუსეთსა და ოსეთს. „მაინც რის გამო მოვტყუვდი? აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რუსეთის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, რომელიც შუამავალი იყო ჩვენი შეთანხმების საქმეში, თუ ასე ისარგებლებდა ჩვენი დაღლილობით და ასეთ წამგებიან შეთანხმებაზე მოგვაწერინებდა ხელს. წამგებიანზე, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის. თანაც იგი არათუ არ შესრულდა, არამედ ახლაც კი არ გვაქვს ჩვენ, აქ შეკრებილებს უსაფრთხოების გარანტია. რადგან, რაც ამ კვირაში მოხდა მოსკოვში, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა მაფიოზური ქცევის ფორმისა და არამც და არამც არ ჯდება სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების ჩარჩოში. რატომ ვაძლევ თავს ამის თქმის უფლებას? ჯამბოლათ თედეევზე ბევრი ითქვა, მაგრამ არავის აღუნიშნავს, რომ ის ბოლო წლების მანძილზე ერთდერთი ოსი იყო, რომელმაც მოუტანა დიდება რუსეთს და ოსეთს. ბოლო პერიოდში სულ მეკითხებოდნენ, რატომ აკეთებთ ისეთ რამეს, რომ საკუთარი თავი დაღუპოთო? როდესაც ამ კითხვაზე ვფიქრობდი, ვუკირკიტებდი რის გამო ხდება ეს? ჩვენი მენტალიტეტია ასეთი? ჩვენი არსია ასეთი? მაგრამ არა, დღეს რომ აქ გხედავთ, ეს ადასტურებს, რომ ნორმალურ ოს ადამიანში სინდისისა და ნამუსის გაგება ისევ ცოცხალია და ცოცხალი იქნება, სანამ ჩვენ ვიცოცხლებთ.“ განაცხადა ჯიოევამ მიტინგზე.

შეგახსენებთ, რომ ჯამბოლათ თედეევი, რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც გასული წლის ნოემბერში დანიშნულ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენება სცადა, 25 იანვარს მოსკოვში დააკავეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა და ხუთი საათის მანშილზე დაკითხვაზე ჰყავდათ. ოსური ოპოზიციის ლიდერად სწორედ ჯამბოლათ თედეევი ითვლება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მან განაცხადა, რომ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას პრეზიდენტის პოსტზე 25 მარტისთვის დაგეგმილ არჩევნებშიც აპირებს. მეორე ოპოზიციური ფრონტი ცხინვალშია გახსნილი. ალა ჯიოევა ცდილობს შედგეს ინაუგურაცია მანამ, სანამ არჩევნების მესამე ტურის გამართვის დრო დადგება. სიტუაცია თუ იმ სცენარით განვითარდა, რასაც ოპოზიცია გეგმავს, მმართველობა ცხინვალში მათ ხელში აღმოჩნდება, რაც დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის მფარველს, რუსეთის ფედერაციას ხელს არ აძლევს. 2008 წლის ომის შედეგების სალიკვიდაციოდ კრემლიდან გამოყოფილი თანხა საკმაოდ მსხვილი ლუკმა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მისი გადახარშვა იოლი იყოს. ექს–პრეზიდენტის კოკოითს, თანდათანობით მისი მომხრეების დიდი ნაწილი დაუპირისპირდა. ყველა მათგანი აცხადებდა, რომ რუსეთიდან გამოყოფილი თანხა გაქრა. მათ შორის, პარლამენტის ყოფილი ვიცე სპიკერი ტარზან კოკოითიც, რომელიც გუშინდელ მიტინგზე ჯიოევას გვერდით გამოჩნდა, ამას ამტკიცებდა.

ჯიოევამ მიტინგზე ასევე განაცხადა, რომ ცენტალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების მეორე ტურის შემდეგ იქნა გამოტანილი, სასამართლოს არ გაუბათილებია, ამდენად ის ითვლება კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG