ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები თუ ინაუგურაცია?


არჩევნები თუ ინაუგურაცია?

ცხინვალში კვლავ აქციებია, მიტინგებს თეატრალურ მოედანზე ამჯერად დე–ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური ვებგვერდი აშუქებს. „25 მარტის არჩევნები – გზა აყვავებისა და სტაბილურიბისკენ“– ასეთია მომიტინგეთა მთავარი ლოზუნგი. კომპარტიის ლიდერის, ალბერტ ვალიევის განცხადებით, იმდენად, რამდენადაც ეს აქციები პატრიოტულია, 25 მარტის არჩევნები კი ძალიან აუცილებელი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, მომიტინგეებს ცხელი ჩაით გაუმასპინძლდებიან. აქციების ორგანიზება „სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრივმა პალატამ“ უზრუნველყო. ანალოგიური მიტინგი ხვალისთვისაც იგეგმება.

25 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდამჭერი მიტინგების წამოწყება ცხინვალში ერთგვარი პასუხია ალა ჯიოევასთვის, ოპოზიციის ლიდერისა და გასული წლის ბოლოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული კანიდადატისთვის, რომელიც გადაწყვეტილებას არ იცვლის და ხვალისთვის დაგეგმილი ინაუგურაციის გამართვისთვის ემზადება. მან მოსაწვევებიც კი დაგზავნა როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე აფხაზეთში და ჟურნალისტებს აკრედიტაციის გაკეთება ურჩია დე–ფაქტო ადმინისტრაციის ინფორმაციის დეპარტამენტში. დღეს სწორედ ამ უკანასკნელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯიოევას ინაუგურაციაზე აკრედიტაციას არ გასცემს და მასთან საერთო არაფერი აქვს.

ჯიოევა საკუთარი მომხრეების დიდმა ნაწილმა მიატოვა. მისი მარჯვენა ხელი ანატოლი ბარანკევიჩი მას ინაუგურაციის იდეაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლისღვრას წინასწარმეტყველებს. ჯიოევას ჯემალ ჯიგკაევიც განუდგა, რომელიც მისი საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე იყო. რამდენიმე დღის წინ ჯიოევას საარჩევნო შტაბის წინ გამართულ მიტინგზე გამოსულმა ცხინვალელმა პოლიტიკოსმა ტარზან კოკოითიმ კი დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი შეიტანა. ანატოლი ბარანკევიჩი, ჯიოევას ყოფილი თანაგუნდელი ამბობს:

„მე მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ საკუთარი შეხედულება ინაუგურაციის შესახებ. ვფიქრობ, რომ ინაუგურაცია, არ უნდა გაიმართოს. მიმაჩნია, რომ ამან შეიძლება მიგვიყვანოს დესტაბილიზაციამდე და სისხლისღვრამდე, ვიმეორებ, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია და თავს არავინ მახვევს. ინაუგურაცია კი სისხლად არ ღირს. რა უნდა აკეთოს ახლა ოპოზიციამ? ახლა ირგვლივ უნდა შემოიკრიბოს მომხრეები არა მხოლოდ აქ, არამედ, ჩრდილო ოსეთშიც და მოემზადოს არჩევნებისთვის, თავიდან აიცილოს დესტაბილიზაცია და სისხლისღვრა. მე ვიდექი ამ ოპოზიციის შექმნის სათავეებთან. ღმერთმა არ ქნას, თუ სისხლი დაიღვრება, ამაში ჩემი პასუხისმგებლობაც იქნება. მივმართავ მოსახლეობას, არ აჰყვეს პროვოკაციას და გამოიჩინოს სიბრძნე,“– განაცხადა ანატოლი ბარანკევიჩმა. ციტატის დასასრული.

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის საინტერესო ფიგურები გამოჩნდნენ. მათ შორისაა რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის ელჩი დიმიტრი მედოევი და უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი. პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კრემლის ცალსახა ფავორიტი თებერვლის ბოლოს გამოიკვეთება. ხვალინდელ დღეს იგი ღია დაპირისპირებას არ პროგნოზირებს, რადგან ოსურ საზოგადოებაში ამან ანტირუსული განწყობები შეიძლება უფრო გაზარდოს. ექსპერტი ამბობს, რომ დაპირისპირების შემთხვევაში, შესაძლოა ქართული კვალის თემამ ტრადიციული აქტუალობა შეიძინოს, მიუხედავად იმისა, რომ გზა ახალგორისკენ ამჟამად გადაკეტილია. „გზას ყოველთვის კეტავენ, როცა რაღაც არის მოსალოდნელი. ეს აქეთ მხრიდანაც ასეა და იქიდანაც, აქედან, მაგალითად, 26 მაისთვის გადაკეტეს გზა,“– ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ჯიოევა ხვალ უახლოესი გარემოცვის მხარდაჭერით შეეცდება ინაუგურაციის გამართვას. მისი წერილები ცერემონიისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფის თაობაზე ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა. ამ დროისთვის გატეხილია თითქმის ყველა ოპოზიციური საიტი, რომელიც ჯიოევას განცხადებების გავრცელებას „ონლაინ“ რეჟიმში უზრუნველყოფდა.

რამდენიმე საათის წინ, ჯიოევას შტაბ-ბინაში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა. ყოფილი კანდიდატი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ხვალ, 10 თებერვალს ცხინვალში მისი ინაუგურაციის ცერემონია უნდა გამართულიყო, რომელიც თავად ჯიოევამ დანიშნა.

XS
SM
MD
LG