ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობა ოპოზიციაზე ცხინვალში


ძალადობა ოპოზიციაზე ცხინვალში

დაკავებულია ასევე ჯიოევას ერთ–ერთი მომხრე პოლიციის მაღალჩინოსანზე თავდასხმის ბრალდებით.

ცხინვალში ვითარება კვლავ დაძაბულია, ოპოზიციური საიტების უმეტესობა კი ბლოკირებული. ოპოზიციის ლიდერი და გასული წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა ამ დროისთვის ცხინვალში საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშია. მისი ახლობლები ამკიცებენ, რომ ჯიოევას ფიზიკურად გაუსწორდნენ სახლში შეჭრილი შეიარაღებული პირები, ომონისა და შსს სამინისტროს თანამშრომლები, 9 თებერვალს, საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე.

რუსული საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში ალესია ჯიოევა, ალა ჯიოევას და, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს:

„ის ნაცემი იყო, ხსეულზე ნაიარევები ეტყობოდა. ირინა გაგლოევა, რომელიც ძალიან პატივსაცემი ადამიანია ცხინვალში, ამბობს, რომ ალას ირგვლივ იყო ხალხი, რომელმაც დაინახა, რომ მას თავში ურტყამდნენ.“

ალესია ჯიოევამ ისიც განაცხადა, რომ საავადმყოფოს მთავარი ექიმი, რომელშიც ალა ჯიოევა ამჟამად იმყოფება, ედუარდ კოკოითის, ყოფილი პრეზიდენტის ახლო ნათესავია. „იქ არავის არ უშვებენ ახლა, ამდენად გაუგებარია რა წალმებს უკეთებენ ოპოზიციის ლიდერს,“– თქვა მან.

საავადმყოფოს ადმინისტრაციას განცხადებაც კი აქვს გამოკრული, რომელიც იტყობინება, რომ უახლოესი ორი დღის მანძილზე პაციენტებს ვერ მიღებენ.

ადგილობრივი უფლებადამცველის ფატიმა მარგიევას ცნობით, დაკავებულია ასევე ჯიოევას ერთ–ერთი მომხრე პოლიციის მაღალჩინოსანზე თავდასხმის ბრალდებით. ფატიმა მარგიევა ამბობს:

„იქ იმყოფებოდა მერაბ ფუხაევი, შსს მინისტრის მოადგილე და ითქვა, თითქოს მას ვინმე ახრჩობდა, სინამდვილეში არავინ არავის ახრჩობდა, ეს ტყუილია, რაც მათ დაწერეს, მაგრამ ვინმეს ხომ უნდა დაბრალდეს? ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ალა ჯიოევას ცემეს შსს მინისტრის მოადგილის თანდასწრებით.“ – ამბობს ფატიმა მარგიევა. ციტატის დასასრული.

ვალერი კაბოლოვი, მოსკოვის ოსური საზოგადოების წარმოამდგენელი ერთ–ერთ ინტერვიუში აცხადებს: „ვითარება იქ ძალიან რთულია და ყველაფერი მოსალოდნელია. ვერავინ იტყვის, რომ დაპირისპირება გამორიცხულია. ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები მზად არიან, ბოლომდე იბრძოლონ. ჯიოევას მთავარი დანაშაული ისაა, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა. ჯიოევას დაკავების მომენტში მის გვერდით იმყოფებოდა ჩვენი ორგანიზაციის წევრი, და მე იმ დროს მასთან სატელეფონო კონტაქტი მქონდა. ჯიოევას სახლში ნიღბიანები შეიჭრნენ. ჩვენ გვინდა გაირკვეს, ვინ მიიღო მონაწილეობა ამაში და დაისაჯონ. საქმე ისაა, რომ ომონის რაოდენობა სამხრეთ ოსეთში, სადაც 30 ათასი მოსახლეა, სამჯერ აღემატება ჩრდილო ოსეთის ომონს, ანუ ომონი უნდა განვიხილოთ, როგორც ის სამართალდამცველი სტრუქტურაა, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. ჯიოევა იყო მოსკოვში ჩამოსული და სცადა პრეზიდენტამდე და პრემიერ მინისტრამდე მიეტანა ამბავი ცხინვალის შესახებ. ჩვენც ვეცადეთ დავკავშირებოდით მათ. დღეისთვის ვფიქრობ, არსებობს გარკვეული ტიპის საშუალო ჩინოვნიკების დერეფანი, შემიძლია მოურიდებლად დავასახელო მათი გვარებიც, ესენი ვინოკუროვი და გასუმიანოვი არიან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. არ არსებობს არანაირი დიდი პოლიტიკა და არც საფრთხობელა საზღვარგარეთიდან არ არსებობს, რის შესახებაც ჩვენ გვიყვებიან. არის მხოლოდ ერთი მიზეზი: არსებობენ გარკვეული ჩნოვნიკები რუსეთში, რომლებიც იკვებებოდნენ რუსეთის ბიუჯეტიდან გადმოგზავნილი ფულით კოკოითისთან და ბროვცევთან ერთად. ის თანხა, რაც გადმოირიცხა, საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბულდოზერით გასწორებული სამხრეთ ოსეთი ხელახლა აშენებულიყო. ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ რუსეთი და ვინოკუროვ–გასუმიანოვი, ეს სრულიად სხვადასხვა რამ არის,“– ამბობს კაბოლოვი. ციტატის დასასრული.

„ამერიკის ხმა“ ესაუბრა ცხინვალის ერთ–ერთ მაცხოვრებელსაც, რომელიც ამჟამად, პოლიტიკური ვითარების გამო იძულებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ იცხოვროს. მისივე თხოვნით და უსაფრთხოების მიზეზით, ჩვენი ინტერვიუერის დასახელება არ შეგვიძლია. ის ამბობს:

„მე ვფიქრობ, რომ ჯიოევას მომხრეები კვლავაც ბევრნი დარჩნენ. მის გვერდით იდგა უამრავი ადამიანი, ყინვაში, დღისით და ღამით. ისინი არაფრით არ დათმობენ საკუთარ არჩევანს. გარდა ამისა, ჩვენთან ქალები მეტია, ვიდრე კაცები როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. ჯიოევას გვერდით უმარავი ქალია, რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ და მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ. დღევანდელი ხელისუფლების სათავეში ოსეთში, ნამდვილად კრემლის კაცია, ბროვცევს ვგულისხმობ და მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მიაღწიონ დესტაბილისზაციას და მიიყვანონ ოსი ხალხი ქაოსამდე. მე იმედი მაქვს, მეორე მხრიდან აღმოჩნდება ვინმე, ვინც ამას ხელს შეუშლის. მე არ ვამბობ, რომ მთელს რუსეთს უნდა ასე. უბრალოდ ვისაც ბროვცევი ემორჩილება, ისინი ასე არიან მიჩვეულები, ეს რუსეთის ისტორიაა,“– ამბობს ცხინვალელი ქალბატონი. ციტატის დასასრული.

ალა ჯიოევას ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება ედება ბრალად. მის სახლში განხორციელებული სპეცოპერაციის კადრები youtube–ს საშუალებით გავრცელდა.

XS
SM
MD
LG