თეთრის სახლის პრეს-სამსახურის განცხადებით, პრეზიდენტმა ობამამ სპეციალურ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც სირიაში ადამიანის უფლებათა დარღვევაში და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაში დამნაშავე პირების წინააღმდეგ გარკვეული სანქციების შემოღებას ისახავს მიზნად.
ეს განკარგულება შეერთებულ შტატებს სპეციალურ უფლებებს ანიჭებს სირიის ოფიციალური ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ადამიანის უფლებათა დარღვევაში. რეპრესიებში მონაწილე სირიის სახელმწიფო მოხელეების ქონება და მათი პირადი ანგარიშები გაყინული იქნება შეერთებულ შტატებში, ასევე აკრძალული იქნება მათთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენა.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს სირიის ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და სირიის რეჟიმს და მის მხარდამჭერებს მოუწოდებს თავი შეიკავონ შემდეგომი ძალადობისგან. შეწყვიტონ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები, მათ შორის სირიის მოქალაქეების დასჯა პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის გამო.