ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოპულარობის რეიტინგი დაეცა


პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოპულარობის რეიტინგი დაეცა

ამერიკელების უმრავლესობა ლიბიაში შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია.

ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოპულარობა დაეცა და რომ ამერიკელების უმრავლესობა ლიბიაში შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია, იუწყება ვაშინგტონიდან "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯიმ მალონი.

ქვინიპიაკის უნივერსიტეტის ყოველთვიური საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ამომრჩევლების 47 პროცენტი ლიბიაში შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია, თუმცა იმავე გამოკითხვამ ცხადყო ისიც, რომ გამოკითხულთა 65 პროცენტი ლიბიელი სამოქალაქო პირების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენების მომხრეა.

აღსანიშნავია, რომ ქვინიპიაკის გამოკითხვა წინ უსწრებდა ორშაბათს პრეზიდენტ ობამას გამოსვლას, რომელიც ლიბიაში შექმნილ მდგომარეობას დაეთმო.

ქვინიპიაკის უნივერსიტეტის თანამშრომელმა პიტერ ბრაუნმა "ამერიკის ხმას" მოახსენა, რომ გამოკითხვის შედეგების თანახმად ცხადია, რომ პრეზიდენტს კიდევ ბერვი ძალისხმევა დასჭირდება რათა ამერიკულ საზოგადოებაში ლიბიაში შეერთებული შტატების ჩარევის მხარდაჭერის დონე გაიზარდოს.

„არსებითად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მას მნიშვნელოვანი განმარტებითი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, თუ შეერთებული შტატების ძალისხმევას ამ მიმართულებით გაგრძელება უწერია “ - აღნიშნა პიტერ ბრაუნმა.

ამ გარემოების გათვალისწინებით, ბატონი ობამა ყურადღებას ამახვილებს ლიბიაში შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო ჩარევის აუცილებლობაზე. ორშაბათს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში გამოსვლის გარდა, ამ მხრივ გამოირჩეოდა აგრეთვე პრეზიდენტის მიმართვა სამშაბათს ნიუ იორკში, რომლის დროსაც მან კერძოდ განაცხადა:

„ლიბიაში ჩვენ ყველას ვაჩვენებთ იმას თუ რა არის შესაძლებელი როცა ჩვენ ვალდებულებებს პასუხისმგებლობითა და გაბედულობით ვასრულებთ.“

პიტერ ბრაუნი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე შეერთებული შტატების სამხედრო მოქმედებების ფონზე ამერიკული საზოგადოება ომისგან დაიქანცა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ავღანეთში, ერაყსა და ახლა ლიბიაში ჩვენი მონაწილეობის გამო ბევრ ამერიკელს ამგვარი პოლიტიკის წარმართვის კეთილგონივრულობაში ეჭვი ეპარება" - აღნიშნავს ამერიკელი ექსპერტი.

პრეზიდენტის პოლიტიკამ ლიბიასთან მიმართებაში შეერთებული შტატების კონგრესში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

კონგრესის ზოგიერთი რესპუბლიკელი წევრი პრეზიდენტისგან უფრო გაბედული ზომების მიღებას ითხოვს რათა ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ხელისუფლებიდან წავიდეს. თუმცა ამ მხრივ ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ კადაფის რეჟიმის დამხობა საერთაშორისო კოალიციის საბოლოო ამოცანას არ წარმოადგენს.

არიზონას შტატის სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

„თუ ჩვენი სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა და კადაფიმ ძალაუფლება შეინარჩუნა, მაშინ არსებობს იმის რისკი, რომ შეიმქნება სისხლიანი გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა დიდ ხანს გასტანს.“

უნდა აღინიშნოს, რომ რესპუბლიკელებს შორის აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოიმოქმედოს შეერთებულმა შტატებმა ლიბიასთან მიმართებაში. ამის საპირისპიროდ დემოკრატების უმრავლესობა პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს. თუმცა არიან ისინიც, ვისაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ლიბიაში არ უნდა ჩარეულიყო. მათ რიცხვს ოჰაიოს შტატის კონგრესმენი დენის კუსინიჩი მიეკუთვნება.

„ქვეყანაში ისედაც რთული მდგომარეობაა შექმნილი ჩვენ კიდევ მსოფლიოში ურჩხულებს ვებრძვით “- აღნიშნავს კონგრესმენი კუსინიჩი.

ქვინიპიაკის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას საერთო პოპულარობის რეიტინგი ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც 2009 წლის იანვარში იგი პრეზიდენტი გახდა. გამოკითხვაში მონაწილე ამერიკელი ამომრჩევლების 48 პროცენტი პრეზიდენტის მიერ ჩატარებულ სამუშაოს უარყოფითად აფასებს, ხოლო 42 პროცენტი კი დადებითად. ამას გარდა, გამოკითხულთა 50 პროცენტი ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევის წინააღმდეგია, ხოლო 41 პროცენტი კი ობამას მეორე ვადით არჩევას მიესალმება.

გამოკითხვამ აგრეთვე ცხადყო, რომ პრეზიდენტ ობამას მიერ ჩატარებულ სამუშაოს ეკონომიკის, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში ამერიკელები უაყროფითად აფასებენ.

XS
SM
MD
LG