ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაკეტსაწინაღო სისტემა პოლონეთში მთავარი საკითხი იქნება


რაკეტსაწინაღო სისტემა პოლონეთში მთავარი საკითხი იქნება
რაკეტსაწინაღო სისტემა პოლონეთში მთავარი საკითხი იქნება

2009 წლამდე პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ამერიკული ანტიბალისტიკური სარაკეტო ფარის განსალაგებელ ქვეყნებად მოიაზრებოდა.

პრეზიდენტ ობამას პირველ ვიზიტს პოლონეთის დედაქალაქში მოუთმენლად ელიან. შეერთებული შტატების ბოლო დროის თავდაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე, პოლონელებს ეჭვი აქვთ, რომ რეგიონში ამერიკის ინტერესი განელდა.

ვიზიტის ფარგლებში ბატონი ობამა პოლონეთის პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის და პრემიერ მინისტრს -დონალდ ტუსკს- შეხვდება. ამერიკის ლიდერი დღეს სხვა ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერებთან ერთად ვახშამზეა მიწვეული. სხვებთან ერთად მას გერმანიის, უნგრეთის და ბალტიის ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და მეზობელ ბელორუსში დემოკრატიული ფასეულობების სტიმულირებაზეც ისაუბრებენ. თუმცა, პოლონურ მხარეს შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მათ ქვეყანაში ყოფნის საკითხი უფრო აინტერესებს. მიხაილ ბარანოვსკი გერმანიის მარშალის ფონდის ვარშავის ოფისიდან ამ ინტერსს შემდეგნაირად ხსნის:

„აქ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ყოფნა ამერიკის ევროპით, კონკრეტულად კი პოლონეთით, დაინტერესების დამადასტურებელი იქნებოდა. ასე რომ პოლონელი პოლიტიკოსებისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ამბობს ის.

2009 წლამდე პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ამერიკული ანტიბალისტიკური სარაკეტო ფარის განსალაგებელ ქვეყნებად მოიაზრებოდა. შემდეგ ეს გეგმა ჩაიშალა.

ახლა უფრო მობილურ სისტემებზეა საუბარი, როგორიცაა SM-3 და F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები.

პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, იანუშ ონიშკევიჩი ვარშავის პოლიტიკურ ურთიერთობათა ცენტრიდან აცხადებს, რომ ეს ფაქტი პოლონური მთავრობისთვის დიდი იმედგაცრუების საგანი გახდა. მისი აზრით, ანტიბალისტიკური სარაკეტო ფარის გეგმის გაუქმებამ პოლონეთის პრესტიჟს უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე ქვეყნის რეალურ პოლიტიკას. ყოფილი მინისტრი რუსეთის ფაქტორსაც უსვამს ხაზს:

„რუსები, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძალთა დაბალანსების პრიორიტეტებით აზროვნებენ. მათ არ აინტერესებთ ქვეყნის უსაფრთხოება ურთიერთთანამშრომლობაზე, ნდობის და გამჭვირვალეობის საფუძველზე ააგონ. რუსეთი უფრო დათანხმდება საშუალო რადიუსის რაკეტების განლაგებაზე, მაგრამ ყველაფერი ის, რაც ამ ზომას აღემატება, მას საფრთხის შემცველად მიაჩნია“ - განაცხადა მან.

ბუშისდროინდელ ანტიბალისტიკური სარაკეტო ფარის პროექტს ბევრი ამერიკის მიერ რუსეთის გამოწვევად განიხილავდა, რომელიც პოლონეთის ხარჯზე უნდა მომხდარიყო. ამას ერაყის და ავღანეთის კონფლიქტებში ქვეყნის მონაწილეობის არაპოპულარობაც თან ერთვოდა.

საბოლოო ჯამში პოლიტიკურ წრეებში შეერთებულ შტატებს და პოლონეთს შორის ურთიერთობა ცალმხრივი პარტნიორობის კონტექსტში მოიაზრებოდა და ეს განწყობები ქვეყანაში ჯერაც არ განელებულა. ქვეყნის რიგით მოქალაქეებს კი ასევე რიგითი პრობლემები აწუხებთ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამერიკასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაა. ჩეხების და უნგრელებისგან განსხვავებით, შეერთებულ შტატებში მოსახვედრად პოლონელებს ჯერ კიდევ სჭირდებათ რთული სავიზო ბარიერების გადალახვა.

თეთრი სახლის ოფიციალურ პირთა განცხადებით პრეზიდენტ ობამას ვიზიტის მიზანია პოლონელი ხალხი დაარწმუნოს, რომ ამერიკა ევროპის უსაფრთხოებით კვლავაც დაინტერესებულია. შესაძლოა იმდენად არა, როგორც ადრე, და როგორც ეს პოლონელებს სურთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ევროპული უსაფრთხოების განმტკიცების საკითხი შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.

XS
SM
MD
LG