ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დაუცველი საზღვრები


კობა არაბულის აზრით, საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა და კლიმატი აქვს, თუმცა ტურიზმიდან დივიდენტების მიღებამდე ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

თემაზე ”რაჭის დღევანდელობა. პრობლემები და მოგვარების გზები” საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აკადემიკოსი თენგიზ ონიანი უძღვებოდა და სადაც აღინიშნა, რომ რაჭაში დღეისათვის ცხოვრობს სულ 23 ათასამდე ადამიანი, (გასულ, მე-20 საუკუნეში მოსახლეობის რაოდენოდა რაჭაში 80 ათას აღწევდა); რომ რაჭაში წელიწადში მხოლოდ 152-153 - მდე ბავშვი იბადება.

”ნებისმიერი ხელისუფლება უნდა დავარწმუნოთ, რომ რაჭა უნდა გადარჩეს”- ამბობდნენ გამომსვლელები და მიაჩნიათ, რომ რაჭის გადარჩენის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ტურიზმი .

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთიანი რეგიონების პრობლემების კვლევების მუდმივმოქმედი კომისიის წევრი. ექსპერტი ტურიზმის განვითარების საკითხებში კობა არაბული თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა და კლიმატი ახასიათებს, ტურიზმიდან დივიდენტების მიღებამდე ბევრი რამ არის ჯერ გასაკეთებელი:

იმიტომ რომ მოისმენდით, როგორი სურათი დაიხატა დღეს დემოგრაფიული, სტრუქტურული, ეკონომიკური.. ბუნებრივია კითხვა, თუ ასეთ სურათს ვხატავთ, მაშინ ტურისტს სად ვეპატიჟებით?! სადაც მე თვითონ ვერ ვჩერდები, იქ ტურისტის მიყვანა მინდა?! ლოგიკა სად არის?! ამდაგვარი გადასახედიდან მინდა დავინახო არა მხოლოდ რაჭის პრობლემა, ნებისმიერი რეგიონის, განსაკუთრებით მთიანი რეგიონების. ჩემთვის ეს ახლობელია, მე თვითონ წარმოვადგენ მთის ყველაზე დაღუპულ ( შეიძლება ასე ითქვას) ხევსურეთის რეგონს . იმიტომ რომ დღეს ხევსურეთის მდგომარეობა კატასტროფას გადაცილებულია, დიდი ხანია იქ დემოგრაფიული და ყველანაირი კატასტროფა გვაქვს სახეზე. ტერიტორიაზე, სადაც 7-8 ათასი კაცი ცხოვრობდა თავის დროზე და მერე ბუნებრივად ბარისკენ უშვებდა მოსახლეობის ზედმეტ ნაწილს, დღეს იქ 200-250 ადამიანია დარჩენილი."

- რამდენი წელია, რაც ასეთი მდგომარეობაა?

"ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, თავისთავად. კატასტროფას საფუძველი 60-ან წლებში ჩაეყარა, მთა გამოცხადდა არაპერსპექტიულ და არაპრესტიჟულ ზონად, ითქვა, რომ იქ ცხოვრება არ არის საჭირო. დასავლეთ საქართველოს ეს ნაკლებად შეეხო, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი თითქმის დაცალეს. იძულების წესით გამოასახლეს მოსახლეობის 75-80%-ი. მერე იყო 80-ან - 90-ან წლებში რაღაც მცდელობები უკან დაბრუნების, იმდროინდელი პარტიული ლოზუნგებიც ”მთას დაუბრუნდა მთიელი”, მაგრამ მთას მთიელი არ დაბრუნებია. მაშინ ეს იყო შირმა, ვითომ რაღაცა იცვლებოდა, შატილში კოშკების რესტავრაცია მიმდინარეობდა, შატილობა და მსგავსი ღონისძიებები იმართებოდა. მაგრამ ეს ისეთივე ბუტაფორია აღმოჩნდა, მერე დრომაც დაადასტურა, როგორც ბევრი სხვა რამ... ასე რომ, დღეს გვაქვს კატასტროფა მთიან რეგიონებში და ეს რეგიონები არა მხოლოდ მაღალი ზონაა, უნიკალური ჰაერით, სამკურნალო წყლებით .. ქვეყნის საზღვარია პირველ რიგში, რომელიც დაიცალა მთლიანად.

მანამ, ვიდრე ჩვენ ადგილობრივ, შიდა ტურიზმს ფეხზე არ დავაყენებთ, იქ ინფრასტრუქტურა თავისით არ შეიქმნება. ჩვენ დღეს წარმოდგენა არ გვაქვს, რას ითხოვს მაღალგადამხდელი ტურისტი და ვეპატიჟებით. ბევრი დოკუმენტი მაქვს წაკითხული კატეგორიული ტონით დაწერილი, რომ ჩვენთან უნდა ჩამოვიდნენ მხოლოდ პირველი ათეული ქვეყნების თითქმის მილიონერი ტურისტები. ისინი რომ ჩამოვიდნენ, ქუთაისური ანეკდოტის არ იყოს, მერე რა გვეშველება?! ხომ შევრცხვებით, იმათ მოთხოვნებიც აქვთ ადეკვატური.”

"განვითარებული ტურიზმის შესანიშნავ მაგალითს შოტლანდია წარმოადგენს" -ამბობს ბ-ნი კობა არაბული :

” მქონდა საშუალება მენახა ტურიზმის განვითარების ტენდენციები, ნოვაციები შოტლანდიაში. იქ ყოფნა დაემთხვა ფილმის ”მამაცი გულის” გამოსვლის შემდგომ პერიოდს და მქონდა საშუალება მენახა ეს ფილმი იქ რეალობაში.ვნახეთ, როგორ უვლიან და უფრთხილდებიან შოტლანდიელები საკუთარ ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას, როგორ აქვთ ეს მოქცეული ტურიზმში. რატომ არის მათი ძეგლი ტურისტული ობიექტი და რატომ არ არის საქართველოში ძეგლი ტურისტული ობიექტი, მე ვნახე საკუთარი თვალით. უილიამ უოლასის ლეგენდას ამდენი ხანი ინახავენ (1280 წლიდან ), 4,5 მილიონი ტურისტი ჩადის ყოველ წელს საშუალოდ იმ ზონაში. ეს ლეგენდა კარგად იყიდება, კარგად არის შეფუთული, ყველაფერს უოლასი ახატია იქ. არ დამავიწყდება, ციხე - სიმაგრე, სადაც ბრძოლა მოხდა ბრიტანელებთან, სადაც დამოუკიდებლობა მიიღეს და ა.შ. იმ ადგილს ეფოფიებიან.. მილიონ ნახევარი ფუნტი სტერლინგი იხარჯებოდა ციხე-სიმაგრის გარე განათებაზე. როცა ამას ახალგაზრდა არქიტექტორი გვიხსნიდა, ეტყობა მე სახეზე დამეხატა გაოგნება, წარმოვიდგინე, მაშინ ჩვენთან მხოლოდ ჯვრის მონასტერი იყო განათებული 5 ცალი პროჟექტორით. მკითხა, გაგიკვირდაო? მე ვუპასუხე , კი. იციო, ეს როგორ უნდა ენთოსო? მეთქი როგორ უნდა ენთოს? ლონდონიდან რომ გამოიხადავენო, უნდა ჩანდეს! ეს ერთი სახელმწიფოა, ერთი ქვეყანაა, არავის არ შეურაცხყოფენ, მაგრამ ამაყობენ!”.

XS
SM
MD
LG