ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არასამთავრობო სექტორის ობიექტურობა


არასამთავრობო სექტორის ობიექტურობა

არამომგებიანი და 400 000 პროფესიული ასოციაცია მოქმედებს, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მსგავსად 90-ან წლებში შეიქმნა.

რამდენიმე წელიწადში უცხოელი დონორების მიერ საქართველოს არასამთავრობო სექტორის დაფინანსება შემცირდება, თვლის ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროგრამების დირექტორი ნინო ხატისკაცი. მისივე აზრით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის შიდა რესურსების მობილიზება და სამინისტროებისთვის არასამთავრობოებზე გრანტების გაცემის ნებართვის მინიჭება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ფუნქციონირებს. მაგალითად აშშ-ში დღესდღეობით 800, 000 საზოგადოებრივი, არამომგებიანი და 400 000 პროფესიული ასოციაცია მოქმედებს, რომელთა უმრავლესობა საქართველოს მსგავსად 90-ან წლებში შეიქმნა. საქართველოში 3000-ზე მეტი არამომგებიანი, საზოგადოებრივი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რომელთა რიცხვი დღითი-დღე იზრდება.თავდაცვისა და უშიშროების სამოქალაქო საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი მჭედლიშვილი სამოქალაქო სექტორის რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებით ამბობს:

”რაც შეეხება ორგანიზაციების რეგისტრირებას და ორგანიზაციის რეალურ ფუნქციონირებას, აქ არის ძალიან დიდი ზღვარი. სამწუხაროდ ძალიან მცირე პროცენტი, სულ რამდენიმე პროცენტი ფუნქციონირებს აქტიურად. ამის მიზეზი ბევრია, ძალიან რთულია მხარდაჭერის მოძიება, რომელიც იქნება ლეგალური და ამავე დროს არ იქნება კომერციული. ანუ სწორედ ისეთი, როგორიც სჭირდება სამოქალაქო საზოგადოებას. ამ ორგანიზაციებს აქვთ ენთუზიაზმი, მაგრამ იმის გამო, რომ არ აქვთ სახსრები, ვერ ახერხებენ თავიანთი ფუნქციონირების გაგრძელებას. ეს ერთი მიზეზი. არის მეორე მიზეზი: თვითონ საინიციატივო ჯგუფები ვერ ახერხებენ თავიანთი ინიციატივის ბოლომდე მიყვანას, თანმიმდევრულად ვერ ახერხებენ თავიანთი მიზნების რეალიზაციას”.

დემოკრატიის განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას ენიჭება. დაფინანსების შეწყვეტის, თუ შემცირების შემთხვევაში როგორ შეძლებს სამოქალაქო სექტორი მოღვაწეობას? ირაკლი მჭედლიშვილის თქმით, არასამთავრობო სექტორი მსოფლიოში, არა მხოლოდ საქართველოში ფინანსდება, როგორც კერძო, ასევე სამთავრობო სტრუქტურებიდან:

” რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივებს, ბუნებრივია დაფინანსება ადრე თუ გვიან დაიწყებს შემცირებას, მაგრამ მე არ მგონია ეს რამდენიმე წელიწადში იყოს. ასეთ პროგნოზს მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ ადრე თუ გვიან ის დაიწყებს შემცირებას. ქართულმა არასამთავრობო სექტორმა უნდა მონახოს არსებობის საშუალებები. კომერციული შეკვეთის დროს საქმიანობას გიკვეთავს სხვა, თუ რა საქმე გააკეთო, როგორი ანგარიში დაწერო, რა შეფასებები მისცე. ხოლო არასამთავრობო სექტორი ფულს იღებს იმაში, რასაც თვითონ აკეთებს, და არა იმაში, რასაც უკვეთავენ, ე.ი. საჩუქარს გაძლევენ სწორედ იმაში, რომ შენი საქმე უკეთ აკეთო."

- თქვენ თავდაცვის სფეროში მუშაობთ, თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება?

"ამ სექტორს თავისი სპეციფიკა აქვს. როგორც წესი ეს სექტორი დაფინანსებას იღებს არა იმდენად კერძო შემოწირულობებიდან, არამედ უფრო მთავრობისგან. მთავრობას რატომ შეიძლება აინტერესებდეს ასეთი დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელსაც რატომღაც ფულს უხდის, რომელიც მის შეკვეთებს არ ასრულებს და არ ემორჩილება მის ინსტრუქციებს?! საქმე იმაშია, რომ როდესაც არასამთავრობო სექტორია ჩართული ასეთ სფეროში, ის აკეთებს მონიტორინგს სიტუაციის. მაგალითად, ჯარისკაცთა უფლებების შესახებ. უნდა ობიექტური ანგარიში დაწეროს, ირღვევა ჯარისკაცთა უფლებები, თუ არ ირღვევა. რაში შეიძლება აწყობდეს ეს მთავრობას? მთავრობას ეს აწყობს სწორედ იმიტომ, რომ მან მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, თავისივე სტრუქტურებიდან ჭირს ობიექტური სურათის დანახვა, ამიტომ ეყრდნობა რა ობიექტურ, გარეშე შეფასებას, ის მერე ცდილობს უკეთესი გახადოს თავისი შიდა სტრუქტურები. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთავრობას უღირს ეს ფული გადაუხადოის სწორედ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც მისცემს ობიექტურ შეფასებას სახელმწიფო სტრუქტურებში არსებულ ვითარებას”.

XS
SM
MD
LG