ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემა შეჩერდა


რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემა შეჩერდა
რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემა შეჩერდა

არცერთი სახელმწიფო არ დარჩენილა საქართველოს გარდა, სადაც დაზარალებულებს ღირსეული, სახელმწიფოს შესაძლებლობებისა და ხელისუფლების სინდისის მიხედვით კომპენსაცია არ მიეღოთ.

რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქციამ ”ერთობა სამართლიანობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების და რეპრესირებულების მონაწილეობით ღია სხდომა ჩაატარა.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში რეპრესირებულთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხი ჯერ კიდევ 90-ან წლებში მოაგვარეს. სომხეთში ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია 12 მინიმალური ხელფასის ოდენობით განისაზღვრა, ბელარუსმა ფულადი კომპენსაცია თავისუფლების აღკვეთის ყოველ თვეზე მინიმალური ხელფასის ნახევარით განსაზღვრა, ყირგიზეთში დაწესდა კომპენსაცია მინიმალური ხელფასის 10-ჯერადი ოდენობით...

არცერთი სახელმწიფო არ დარჩენილა საქართველოს გარდა, სადაც დაზარალებულებს ღირსეული, სახელმწიფოს შესაძლებლობებისა და ხელისუფლების სინდისის მიხედვით კომპენსაცია არ მიეღოთ, განაცხადა ფრაქციის სხდომაზე ჯონდი ბაღათურიამ :

” დარჩა მხოლოდ საქართველო.. საქართველოში, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კანონი გვაქვს ისეთი მიღებული, რომ მთლიანად ინსპექცია რაოდენობის განსაზღვრის სასამართლოზეა გადაცემული და სასამართლოს მიერ 100-დან - 200 ლარამდე მაქსიმუმ არის შეფასებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.ეს არის სირცხვილი. რამდენად პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს ხელისუფლება, ეს აისახება ასევე პენსიის რაოდენობაზე. ჩვენ გვყავს ცალკე კატეგორია პოლიტრეპრესირებული პენსიონერების, რომლებიც იღებენ 55 ლარს და არცერთი, არც 10 ლარიანი, არც ახლა 15 ლარიანი მატება მათ არ შეეხოთ. მხოლოდ და მხოლოდ 55 ლარს იღებენ. ასეთი საქართველოში სულ გვყავს 2000 პენსიონერი .”

უახლოეს პერსპექტივას გამოსავლის თვალსაზრისით ვერ ხედავს ადვოკატი ლია მუხაშავრია და მიიჩნევს, რომ რეპრესირებულების საკითხი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სპექტრისთვის ერთ-ერთ საპროგრამო საკითხათ უნდა იქცეს :

” გამოკვეთილია, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ რეპრესირებულების კომპენსაცია იყოს სამართლიანი, ადეკვატური და ღირსეული. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სასამართლო და მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი და არ ემსახურება სამართლიანობას. ამიტომ ის გადაწყვეტილებები, რაც სასამართლომ რამდენიმე პირველ საქმეზე უკვე გამოიტანა ცხადყოფს, რომ სასამართლო არის ძალიან მიკერძოებული. ამ ქვეყანაში უფრო ადვილია კანონში შევიდეს ცვლილება, ვიდრე შეიცვალოს სასამართლო სისტემა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს საკითხი უნდა გადავაქციოთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საპროგრამო საკითხად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებისთვის. საერთაშორისო ასპარესზე უნდა გავიდეს ეს ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რას გააკეთებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, თუ ისინი იქნებიან საკმარისად აქტიურები, შესაძლოა პოლიტიკური ნება გაჩნდეს”.

ფრაქციის წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, მას შემდეგ, რაც შესაბამის კანონში შეტანილი ცვლილებებით რეპრესირებულებისთვის კომპენსაციის გაცემის ოდენობის გამსაზღვრა სასამართლოს დაეკისრა, კომპენსაციის თანხა 100-200 ლარს ვერ ასცდა. მისივე თქმით, არცერთ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში სასამართლო კომპენსაციის ოდენობის დამდგენი არ ყოფილა:

” კანონით უნდა იყოს განსაზღვრული, როგორც მინიმუმ მინიმალური ზღვარი გასაცემი ერთჯერადი კომპენსაციის, რაც იქნებოდა ღირსების აღდგენის რეალური საფუძველი იმ პირთა მიმართ, რომელთა რაოდენობა საქართველოში შეადგენს 20 ათასზე მეტს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენმა ხელისუფლებამ მოიშველია სრულიად არაარგუმენტირებული დასაბუთება, თითქოს სასამართლო ორგანო არის დამოუკიდებელი და რომ ის სამართლოს პრეროგატივაში არ აპირებს ჩაჭრას. თუ რა გადაწყვეტილებები მიიღო სასამართლომ, ჩვენ ამაში დავრწმუნდით იმ რამდენიმე საქმისა განხილვის შედეგად, როდესაც ერთჯერადი კომპენსაციის სახით , მათ შორის დახვრეტილი პირების მიმართ, განისაზღვრა 100-დან - 400 ლარამდე კომპენსაცია. ეს არის სამარცხვინო აქტის დემონსტრირება ხელისუფლების მხრიდან. უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩვენ გამოვიტანთ ამ საკითხს საგანგებო რეჟიმში და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან პასუხებს”.

XS
SM
MD
LG