ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში მედიკამენტებზე ფასები 3-ჯერ გაიზარდა


საქართველოში მედიკამენტებზე ფასები 3-ჯერ გაიზარდა

ჰოსპიტალური პროგრამის მიხედვით, საქართველოში 2013 წლამდე 150 ახალი საავადმყოფო უნდა ამოქმედდეს

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, 2011 წლის დეკემბრიდან ახალი 2012 წლის იანვრის ჩათვლით, საქართველოში 40 თანამედროვე აღჭურვილობით, ხელმისაწვდომობაზე და ხარისხზე ორიენტირებული ახალი საავადმყოფო ამოქმედდება.

2007 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ დაიწყო ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ეროვნული პროგრამა, რომელიც ”100 ახალი საავადმყოფოს” მშენებლობას ითვალისწინებს. ჰოსპიტალური პროგრამის მიხედვით, სულ საქართველოში 2013 წლამდე 150 ახალი საავადმყოფო უნდა ამოქმედდეს.

ახალი საავადმყოფოების ამოქმედების პროცესი დაწყებულია, თუმცა ხელმისაწვდომობის საკითხი კვლავ რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ.

10 იანვარს საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელმა ოთარ ხუფენიამ მოძრაობის გეგმები წარადგინა დაკავშირებით ჯანდაცვის სისტემასთან. კითხვაზე, მოსახლეობისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ოთარ ხუფენია პასუხობს:

”შემიძლია დაგისახელოთ შემაშფოთებელი ციფრი. 2009 წელს საქართველოს მოსახლეობას ჯიბიდან ჯანმრთელობის დაცვისათვის გადაიხდილი აქვს 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი. აქედან დაახლოებით 800 მილიონამდე გადახდილია მედიკამენტებში. 7-8 წლის წინ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები შეადგენდა დაახლოებით 250 მილიონს. გაზრდილია 3-ჯერ. რის ხარჯზე?! ჯანმრთელობის სფეროს ხელოვნური მონოპოლიზაციის ხარჯზე,. ფიზიკურად მედიკამენტს ჩვენი მოსახლეობა რიცხოვნობის კლების ფონზე მეტს არ ღებულობს, ანუ პირდაპირი მაჩვენებელია ის, რომ საშუალოდ 3-ჯერ არის გაზრდილი ხელოვნური მონოპოლიის შედეგად მედიკამენტებზე ფასები. სოციალური პოლიტიკა დღევანდელი ხელისუფლების უსისტემო იმიტომაც არის, რომ, როცა ნოვაციას სთავაზობ, მიზანი არ არის განსაზღვრული და მერე მიზნის შეფასების კრიტერიუმები. ჩვენი მიზნის შეფასების კრიტერიუმები იქნება ასევე კლასიკა. მაგალითად ჯანდაცვის სფეროში ხელმისაწვდომობა, საყოველთაობა და სამართლიანობა. საპენსიო უზრუნველყოფის დარგში არა წყალობა ხელისუფლების, არამედ გამომუშავებული სადაზღვეო შენატანის საფუძველზე.

მინდა გითხრათ, პატარა სამხრეთ ირლანდიაში, რომელიც ეკონომიკურად თავის პოტენციალით ჩვენზე ბევრად უფრო ღარიბია,15 წლის წინ მინახავს 30 წამში დანიშნული პენსია. როცა ადამიანი თავის პერსონაფიცირებულ ნომერს კარნახობს ცენტრს და ავტომატურად ენიშნება პენსია. და არც პრემიერს ეკითხება ვინმე ამას სამხრეთ ირლანდიაში, არც პრეზიდენტს და არც არავის, მხოლოდ და მხოლოდ კანონს. ჩვენ ასეთი სისტემა გვინდა, მხოლოდ ასეთი.

არავინ იფიქროს, რომ აქ დავჯექით ჯგუფი და ვქმნით რაღაც ახალ ველოსიპედებს.არა. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს შესწავლილი მსოფლიოს გამოცდილება. მსოფლიოში არსებობს 42 კლასიკური დაფენიცია რა არის პენსია. არცერთ მათში პენსიის ქართული ცნება არ ჯდება. და რატომ?! ჩვენ კანონმდებლობში გვიწერია, რომ გასაცემი პენსიის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონმდებლობით. ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ რამდენი იქნება პენსია დამოკიდებულია ბიუჯეტზე და არა კანონზე. ეს არის უსისტემობა და მეტი არაფერი”.

ჯანნდაცვის რეფორმაზე საუბრისას ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ:

”მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთავრობამ ახალი საავადმყოფოების მშენებლობისთვისთვის 2 წლიანი ვადა დაადგინა. შემდგომში მსოფლიო ბანკის მოთხოვნით მოხდა ერთი წლის დამატება. თუმცა არსებობს ევროპული სტანდარტები, რომლის თანახმად, ახალი საავადმყოფოს აშენების და აღჭურვისთვის საჭიროა მინიმუმ 5-6 წელი. მშენებლობის ტემპის, ინვესტორთა შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად გამოიყენება მთლიანად უგულვებელყოფს მსოფლიო ბანკის რეკომენდაციას. ამჟამად ინვესტორები სატენდერო წინადადებებში ერთმანეთს ეჯიბრებიან მშენებლობის ვადებში, რაც სათუოს ხდის საავადმყოფოების ხარისხს და მდგომარეობას, რაც ბუნებრივია ბადებს კითხვას, რამდენად ფიქრობს მთავრობა ახალი საავადმყოფოების ხარისხზე”.

XS
SM
MD
LG