ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი ისრაელისგან ბოდიში მოხდას ითხოვს


ერდოღანი ისრაელისგან ბოდიში მოხდას ითხოვს
ერდოღანი ისრაელისგან ბოდიში მოხდას ითხოვს

პარასკევს გაერომ უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ ინციდენტთან დაკავშირებით.

შარშან ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ თურქეთის 9 მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ისრაელის ხელისუფლებას ბოდიშის მოხდა და დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა.

ამ განცხადების საპასუხოდ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ საბოდიშოს ვერაფერს ხედავს. დაპირისპირებამ მკვეთრად გააუარესა წარსულში ახლო მოკავშირეების თურქეთის და ისრაელის ურთიერთობები. ბატონი ერდოღანის განცხადებით, სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს. მისი თქმით:

“თუ ისრაელი ბოდიშს არ მოიხდის, არ გადაიხდის კომპენსაციას და არ მოხსნის ღაზას სექტორზე დაწესებულ ემბარგოს, თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები ვერ გაუმჯობესდება.“

პარასკევს გაერომ უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ ინციდენტთან დაკავშირებით. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავითოღლუს განცხადებით, ვაშინგტონიც და ისრაელიც საქმის კურსში არიან იმ სანქციების შესახებ, რომლებსაც თურქეთი ისრაელის წინააღმდეგ შემოიღებს ამ უკანასკნელის მხრიდან ბოდიშის არ მოხდის შემთხვევაში.

როგორც პოლიტოლოგი სოლი ოზელი ამბობს, ანკარას რამდენიმე გადაწტვეტილების მიღება შეუძლია:

"თურქეთს ისრაელთან ურთიერთობების გაცივების პარალელურად პალესტინური სახელმწიფოს აღიარება შეუძლია. ანკარას უფლება აქვს ისრაელის პოლიტიკოსებს და სამხედროებს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს. ამის გამო ამერიკელები ძალზე შეშფოთებულნი არიან და ფიქრობენ, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს.“

ისრაელის და თურქეთის მედიის ინფორმაციით, ამერიკელების წინადადება მსუბუქი ფორმის ბოდიშის მოხდის სანაცვლოდ ისრაელის და თურქეთის ურთიერთობების მოგვარების შესახებ უკვე უარყო ისრაელის ხელმძღვანელობამ. თურქი პოლიტოლოგის სემი იდიზის განცხადებით, ვაშინგტონის შეშფოთება იმაზე მეტყველებს, რომ თეთრ სახლში კარგად ესმით არეულობით მოცულ ახლო აღმოსავლეთში თურქეთის პოლიტიკური გავლენის გაზრდის ფაქტი. მისი თქმით:

“ახლა ახლო აღმოსავლეთში სულ სხვა სიტუაციაა შექმნილი. თურქეთის გავლენა იზრდება აღნიშნული რეგიონის ქვეყნების მთავრობებში თუ არა ამ რეგიონის ხალხებში მაინც. ასე რომ, თურქეთისთვის არცთუ ისე მნიშვნელოვანია ისრაელთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება.“

როგორც საერთაშორისო მიმომხილველი სოლი ოზელი აცხადებს, რაც არ უნდა მოხდეს ისრაელსა და თურქეთს შორის მაინც შენარჩუნდება მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა კი 3 მილიად დოლარს აღწევს, რაც არ გულისხმობს სამხედრო თანამშრომლობას.

ამ კარტის გათამაშება კი ისრაელს კარგად შეუძლია, რადგან თურქეთი დამოკიდებულია ისრაელისგან უახლესი შეიარაღების შეძენით, რომელიც მას ქურთ მეამბოხეებთან საბრძოლველად ჭირდება. ისრაელი თურქეთს უპილოტო თვითმფრინავებით ამარაგებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ამ იარაღის ალტერნატიული მიმწოდებელი მხოლოდ ვაშინგტონი შეიძლება იყოს, მაგრამ შეერთებული შტატები თავად განიცდის ამგვარი დრონების ნაკლებობას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთისთვის ამ იარაღის მიწოდება შეძლოს.

როგორც პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, ბატონ ერდოღანს მისი პოლიტიკური ამბიციების გამო მანევრირების საშუალება არ გააჩნია, ასე რომ ანკარასთვის ისრაელის მიერ ბოდიშის მოხდა საერთაშორისო პრესტიჟის ამბავია, ამის გამო მსოფლიო თანამეგობრობა შექმნილი სიტუაციიდან კომპრომისული გზით გამოსავალის მოძებნას ცდილობს.

XS
SM
MD
LG