ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პოლონეთის საგარეო პოლიტიკა - ცეკვა დიდ მოთამაშეებთან“


„პოლონეთის საგარეო პოლიტიკა - ცეკვა დიდ მოთამაშეებთან“

25 ნოემბერს ჟურნალ „ეკონომისტში“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც პოლონეთის ახალ საგარეო პოლიტიკას მიმოიხილავს.

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ჟურნალ „ეკონომისტში“ 25 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიით სათაურით „პოლონეთის საგარეო პოლიტიკა: ცეკვა დიდ მოთამაშეებთან,“ რომელშიც ვკითხულობთ:

„პოლონეთის საგარეო პოლიტიკის როგორც მხარდამჭერები, ისე კრიტიკოსები ერთ რამეზე თანხმდებიან - რუსეთთან ურთიერთობა ბოლო სამი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაგრამ როგორ?"

კრიტიკოსებისთვის ვარშავაში რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ვიზიტი გულუბრყვილობისა ან ცინიზმის გამოხატულებას წარმოადგენს. მათთვის პოლონეთი საკუთარი ეროვნული ინტერესების საზიანოდ დიდი ქვეყნების , სახელდობრ რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად იქცევა. ყოფილი პრემიერ მინისტრისა და ოპოზიციის ერთერთი ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, პოლონეთი რუსეთისა და გერმანიის ერთობლივ მფლობელობად გადაიქცა.

მაგრამ პირველად ქვეყნის ისტორიაში პოლონეთი გერმანიასთან, რუსეთთან და ამერიკასთან ერთდროულად კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს. ოპოზიციური წრეებისთვის ეს ღალატის კიდევ ერთ დადასტურებას წარმოადგენს.თუმცა ნამდვილად ძნელია იმის მტკიცება, რომ ცუდი ურთიერთობები ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო იქნება.

მთავრობის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიმართ უფრო წყნარმა განწყობამ მნიშვნელოვანი დათმობების გარეშე, ბოლო სამ წელიწადში ორმხრივი ვაჭრობა თითქმის ორჯერ გაზარდა. ერთადერთი შესამჩნევი ნაკლოვანება ის გახლავთ, რომ საბჭოთა ისტროიის მიმართ, რუსეთის ნოსტალგიურ დამოკიდებულებას პოლონეთში საჯაროდ ნაკლებად აკრიტიკებენ. მაგრამ ამასაც გარკვეული შედეგი მოჰყვა, რადგან ორივე მხარემ მიაღწია შეთანხმებას ისტორიული დოკუმენტების შემსწავლელი ერთობლივი კვლევითი ცენტრის დაარსების შესახებ.

პოლონეთის პოლიტიკა რუსეთისადმი კვლავინდებურად საკმაოდ მკაცრია. ამერიკის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, პოლონეთმა კრაკოვში სექტემბერში გამართულ დემოკრატიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ დაპატიჟა.

პოლონეთის მთავრობა სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე სარჩელის განხილვას აფინანსებს, რომლის მიხედვითაც კატინში დაღუპული 20, 000 პოლონელი ოფიცრის ოჯახები და ნათესავები, რუსეთის მთავრობისგან მასიურ ხოცვა-ჟლეტაზე პაუსიხმგებლობის აღებას ითხოვენ. ხოლო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ სიკორსკი მხარს უჭერს ვიზების გაცემაზე აკრძალვის დაწესებას იმ პირებისთვის, ვინც რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიცკის მკვლელობაშია მხილებული.

ნატოს ჩრდილო-აღმოსავლეთის ფლანგის დაცვაში პოლონეთი მთავარ როლს შეასრულებს. ოფიციალური პირები აღნიშნავენ იმასაც, რომ მალე პოლონეთში ამერიკელი სამხედროების ახალი დისლოცირების შესახებ განცხადება გაკეთდება.

წელს ამერიკისა და პოლონეთის სამხედრო ძალებმა პირველად ბალტიის პირეთის რეგიონში სერიზული სამხედრო მანევრები ჩაატარეს. იგეგმება უფრო მეტი მსგავსი ღონისძიება. ყოველივე ეს წარმოადგენს საკადრის პასუხს, 2009 წელს რუსეთის სამხედრო მანევრებზე, რომელიც პოლონეთის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის სიმულაციით დაგვირგვინდა.

ამდენად პოლონეთი უფრო პრაგმატული და ნაკლებად რომანტიული გახდა. პოლონეთი აღარ აღმერთებს ამერიკას. ვარშავას აღარ ჰგონია, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავისუფლების, სამართლიანობისა და კეთილდღეობის მესიანური კონსოლიდაციის საქმეში, მას რაღაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის.

პოლონეთის საგარეო პოლიტიკას ახლა მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესები განსაზღვრავს და რუსეთთან ‘გადატვირთვა’ სწორედ ამ მიზანს ემსახურება.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვასრულებთ ჯექსონ დიელის სტატიით „თურქული 11 სექტმბერი,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 6 დეკემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„თურქეთი ნატოს წევრია და იქ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებია განლაგებული, რომლებიც ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ოპერაციებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს. ამას გარდა თურქეთი ამერიკისგან ბევრ სამხედრო შეიარაღებას იძენს. მაგრამ რამდენად შესაძლებელია იმის მტკიცება, რომ თურქეთი კვლავინდებურად მოკავშირე ქვეყანაა? ვებ გვერდ ‘ვიკილიქსზე’ გამოქვეყნებული სახელმწიფო დეპარტამენტის გასაიდუმლოებული მიმოწერით რომ ვიმსჯელოთ, ამ საკითხზე პასუხის გაცემა ორ ადმინისტრაციას ძალიან გაუჭირდა.

თურქეთი წარსულში ავტორიტარული მაგრამ დასავლეთთან უპირობოდ მოკავშირე სახელმწიფო გახლდათ. ახლა ეს ქვეყანა აყვავებული ეკონომიკის მქონე დემოკრატიას წარმოადგენს, რომელსაც გარკვეული გეოპოლიტიკური ამბიციები გააჩნია. სახალხო მხარდაჭერამ თურქეთის პრემიერ მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს იმდენი გამბედაობა მისცა, რომ მან ირანის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკას ძირი გამოუთხარა, სუდანისა და სირიის ანტი-ამერიკულად განწყობილ მუსლიმ დიქტატორებთან ურთიერთობები განავითარა და ისრაელი თითქმის მტერ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ყოველივე ამის პარალელურად, თურქეთმა ქაბულში თურქული ჯარი გაგზავნა და იმის იმედიც აქვს, რომ შეერთებული შტატები ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებში, თურქულ სამხედრო ძალებს დახმარებას გაუწევს.

საბოლოო ჯამში თურქეთი ევროპასთან სავაჭრო კავშირებსა და ევროპულ ინვესტიციებზეა დამოკიდებული. ანკარას დემოკრატიული ერაყი სურს. მას არ სურს, რომ ირანმა ბირთვული შეიარაღება შეიძინოს.

თურქეთს ავღანეთში ნატოს წარმატების იმედი აქვს. ანკარა ისრაელის სახელმწიფოებრიობას კვლავინდებურად აღიარებს. მაშასადამე, ეს არის ნამდვილი მუსლიმანური დემოკრატია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან ურთიერთობა შეიძლება უფრო რთული იყოს, მაგრამ იმავდროულად როგორც მოკავშირე ის ალბათ უფრო საიმედო იქნება ვიდრე წინათ.“

XS
SM
MD
LG