რუსეთი კვლავაც ეწინააღმდგება შეერთებული შტატების გეგმებს, რომელიც ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო ფარის დამონტაჟებას აპირებს.
რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომელშიც რუსეთი და ჩინეთი არიან გაწევრიანებულნი?
წლების განმავლობაში რუსეთი ეწინააღმდეგებოდა ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო ფარის დამონტაჟებას. 2009 წელს პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვა თავისი წინამორბედის გეგმებზე, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთში 10 რადარის და ანტისარაკეტო სისტემების აგებას აპირებდა.
როგორც სამხედრო ექსპერტი ჯოზეფ კირინკიონე აცხადებს, ახალი გეგმა გაცილებით უფრო მოქნილია. მისი თქმით:
“შეერთებული შტატები ანტისარაკეტო სისტემებს სამხედრო ხომალდებსა და კრეისერებზე აყენებს. ზოგიერთ მათგანს კი ვარშავის პაქტის ყოფილ ქვეყნებში რუმინეთსა და პოლონეთში დაამონტაჟებენ და თუ მათ მართლაც ექნებათ იმის შესაძლებლობა, რისთვისაც არიან შექმნილნი, მაშინ ამ რაკეტებს რუსების ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაც შეეძლებათ, რაც რა თქმა უნდა მოსკოვის შეშფოთებას იწვევს.“
ვაშინგტონი ჯიუტად იმეორებს თავის ვერსიას, რომ ეს იარაღი არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მხოლოდ იმგვარი საფრთხის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, რომელიც შესაძლოა ირანის მსგავსი სახელმწიფოსგან მომდინარეობდეს.
როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტი აცხადებს, რუსეთს კიდევ ერთი მიზეზი აქვს, როდესაც ამ გეგმის წინააღმდეგ გამოდის. ბატონი კირიკიონეს განცხადებით:
“ რუსეთს არ მოსწონს საკუთარი საზღვრების მახლობლად ამერიკის ძლიერი შეიარაღებული დაჯგუფების ყოფნა. ამერიკელები არიან ავღანეთში ერაყში, სამხედრო სფეროში თანამშრომლობენ უზბეკეთთან და სხვა ქვეყნებთან. ამას ემატება პოლონეთთან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ამერიკელების მეგობრობა, რაც რუსეთის ტრადიციული, პარანოიდული აზროვნების პირობებში მოსკოვს დიდი შეშფოთების საბაბს აძლევს.“
რუსეთი შანხაის რეგიონალური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია, რომელშიც ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ჩინეთი არიან გაწევრიანებულნი.
ზოგიერთი ექსპერტი ამ ორგანიზაციას ნატოს საპირწონედ შექმნილ გაერთიანებად მოიაზრებს. ბოლო შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა ერთხმად დაგმეს ამერიკული რაკეტსაწინაღო ფარის დამონტაჟების გეგმა, რომელიც მათი აზრით სტრატეგიულ სტაბილობას და საერთაშორისო უსაფრთხოებას ემუქრება.
სტრატფორის კერძო ანალიტიკური ფირმის ექსპერტი მარკო პაპიჩი მიიჩნევს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა შეძლო პეკინის დაყოლიება ამ ანტიამერიკულ დოკუმენტზე მოეწერა ხელი.
ბატონი პაპიჩის აზრით:
“თავად ორგანიზაცია ბევრს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ჩინეთის პოზიცია, რომელიც ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო ფარის დამონტაჟებას მომავალში პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს, რადგან ის შესაძლოა გახდეს მოდელი, რომელიც ჩინეთის საზღვრების მახლობლადაც შეიძლება განათავსონ.“
მიუხედავად იმისა, რომ ნატო და რუსეთი ლისაბონის შეხვედრაზე ამ გეგმასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ, აშკარაა რომ მოსკოვი დღესაც ამ გეგმის წინააღმდეგია.
როგორც მოსკოვის ამერიკა-კანადის ინსტიტუტის ექსპერტი ვიქტორ კრემენიუკი აცხადებს, თუ მოსკოვი და ვაშინგტონი ვერ შეთანხმდნენ საერთო რაკეტსაწინაღო სისტემის შექმნაზე, მაშინ რუსეთი დახმარებისთვის ჩინეთს მიმართავს.