ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ლიბიაში საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება


მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ლიბიაში საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება
მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ლიბიაში საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება

დასავლეთ ლიბიასთან შედარებით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ამ მხრივ პრობლემები არ შეინიშნება.

ლიბიაში მძვინვარე კონფლიქტის გამო მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ თვით ლიბიაში საწვავის დეფიციტი შეინიშნება, თუმცა, მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ აღმოსავლეთ რეგიონებში საწვავის ფასი დაბალი რჩება და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის საწვავით მომარაგებას ეფექტურად ახორციელებს.

ლიბიის ქალაქი მისრატა კადაფის მომხრე ძალების მიერ ძალიან დაზარალდა. თითქმის ყოველდღიურად აქ ჭურვები და რაკეტები ფეთქდება. მუდმივი სამხედრო საფრთხის ქვეშ მყოფ მისრატელებს საწვავის ნაკლებობა დიდად არ ადარდებთ.

ტრიპოლიში გამაგრებული ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი კვლავინდებურად აცხადებს, რომ ლიბიის მოსახლეობა ყოველდღიური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფილია. თუმცა სახელმწიფო ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებში ჩანს, რომ ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომანქანების გრძელი რიგები დგას.

დასავლეთ ლიბიასთან შედარებით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ამ მხრივ პრობლემები არ შეინიშნება.

ტაქსის მძღოლი აუადი, რომელიც ქალაქ ბენღაზის სამხრეთით მდებარე დასახლება ღაურაშადან ქალაქ აჯდაბიამდე მიმავალ გზატკეცილზე მუშაობს, აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც თებერვალში ამბოხება დაიწყო ამ რეგიონში საწვავის ნაკლებობა არ შეინიშნება.

უფრო მეტიც, აქ საწვავის ფასი ძალიან დაბალია. დიდი დისტანციებისა და უხვი ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადოების მქონე ქვეყანაში, ბენზინის ერთი ლიტრი 12 ცენტად იყიდება. მზარდი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების ფონზე პოლკოვნიკმა კადაფიმ თავდაპირველად სახალხო რისხვის დასაშოშმინებლად ერთი ლიტრი ბენზინის ფასი კიდევ უფრო შეამცირა და 8 ცენტი გახადა.

ბენზინის ფასი იმდენად იაფი იყო, ხოლო კადაფის წინააღმდეგ მიმართული რისხვა კი იმდენად მაღალი, რომ აჯანყების დასაწყისში ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე მეამბოხეებს საწვავს უფასოდ აძლევდნენ. ფარაჯ ფაითური ბენღაზიში მდებარე ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონე გახლავთ.

ფაითური აღნიშნავს, რომ ახლა იგი მემაბოხეებისგან ისევე როგორც სხვა მომხარებლებისგან ფულის გადახდას ითხოვს, რადგან მას საწვავის მომწოდებლებისგან მიღებული ანგარიშების გასტუმრება უხდება.

ბენღაზის საწვავი ძირითადად ქალაქ თობრუქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნიდან მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ ქალაქი თობრუქი ეგვიპტის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ადრე ბენღაზის საწვავი სამხრეთით მდებარე ქალაქ სარირიდან მიეწოდებოდა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ იქ განლაგებული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა კადაფის ძალებმა დაბომბეს. ჩვეულებრივი საწვავის გარდა, ლიბიის აღმოსავლეთ რეგიონებში თავისუფლად იყიდება დიზელი.

ბენზინგასამართი სადგურები ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მუშაობენ და ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მსხვილი ქალაქები საწვავით უზრუნველყოფილები არიან. ერთადერთ გამონაკლისს ქალაქი აჯდაბია წარმოადგენს, სადაც ახლა ფრონტის ხაზი გადის.

XS
SM
MD
LG