ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი რუსი მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს


პუტინი რუსი მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს

რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებდა. მან დუმილი სატელევიზიო გადაცემის ეთერში დაარღვია და მაყურებლის კითხვებს პირდაპირ ეთერში გასცა პასუხი.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის საპროტესტო დემონსტრაიების მსვლელობას ხელს არ შეუშლის. თუმცა, ამ განცხადების გაკეთებისას მას მომიტინგეების მიმართ ცინიზმი არ დაუფარავს.

პუტინის თქმით, დემონსტრაციის მონაწილეების დიდი ნაწილი ქუჩაში გამოსვლისთვის ფულს იღებს და ოპოზიციის ლიდერებს ბრმად ემორჩილება. აქციების ორგანიზატორები კი რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ „სხვა ქვეყნების ინტერესებს იცავენ“ და მათგან ფულის მიღებას ცდილობენ.

პუტინი აცხადებს, რომ როდესაც საპროტესტო აქციების ვიდეო მასალას პირველად უყურა, ცოტა არ იყოს დაიბნა, რადგანაც თავიდან ეგონა, რომ აქციის მონაწილეები შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის მხარდამჭერები იყვნენ.

„თავიდან მეგონა კონტრაცეპტიული საშუალებები ეკიდათ გულზე და ვერ მივხვდი ასე გაუგებრად რატომ ჰქონდათ დაკეცილი. მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი ვნახე, რომ რაღაც სხვა იყო.“

საპროტესტსო დემონსტრაციები რუსეთში 10 დღის წინ დაიწყო, როცა საპარლამენტო არჩევნების დროს, უხეში დარღვევები და გაყალბების ფაქტები დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, მართველმა პარტიამ პარლამენტში მანდატების ნახევარი მოიპოვა. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ გაყალბების გარეშე პუტინის პარტია მანდატების ერთ მესამედსაც კი ვერ მოიგებდა.

სატელევიზიო გამოსვლის დასაწყისში, პუტინმა განაცხადა, რომ ისინი ვინც არჩევნებში აგებენ, ყოველთვის გაყალბებას აბრალებენ დამარცხებას:

„ოპოზიცია ყოველთვის იტყვის რომ არჩევნები გაყალბებულია. ეს ყველა ქვეყანაში ხდება. მთავარი ისაა, თუ რა ფორმით იქნება უკმაყოფილება გამოხატული. ეს კი პოლიტიკური კულტურის საკითხია.“

გაყალბების ბრალდების გამოძიებაზე საუბრისას, პუტინმა რუსეთის სასამართლოებს დარღვევების „ენერგიულად და ობიექტურად“ განხილვა დაავალა. საპრეზიდენტო არჩევნებზე მსგავსი ბრალდებების თავიდან ასაცილებლად, მან საზოგადოებას თითოეულ საარჩევნო ოლქში ანუ 90 ათას საარჩევნო უბანზე ვიდეო კამერების დამონტაჟება შესთავაზე.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების წაგების შემთხვევაში, ის ხელისუფლებიდან წავა და 12 წლიან მმართველობას დაასრულებს. მიუხედავად ამ განცხადებისა, მან პოლიტიკურ ბრძოლაში კომპრომისების დაშვებაზე მინიშნებაც კი არ გააკეთა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი განცხადებებიც კი გააკეთა.

ის ამომრჩეველს დაპირდა, რომ წინააღმდეგობას გაუწევს კანონის მიღებას, რომელიც რუსეთში საპენსიო ასაკის გაზრდას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ხელფასს გაუზრდის პოლიციელებს სამართალდამცავ სისტემაში არსებული კორუფციის აღმოსაფხვრელად და შექმნის „ეთნიკური ჯგუფების სამინისტროს“, რომელიც რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს დაიცავს. პუტინი ასევე აპირებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანოს და ხალხს მეტი ძალა მისცეს იმ მხრივ, რომ გუბერნატორებისა და პარლამენტის ზედა პალატის წევრების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდეს.

პრემიერ მინისტრმა ანტი-ამერიკულ განცხადებებზე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა. მან განსაკუთრებით სენატორი ჯონ მაკეინი გააკრიტიკა, რომელმაც გასულ კვირას მოკსოვში მიმდინარე დემონსტრაციებსა და არაბულ გაზაფხულს შორის პარალელები გაავლო.

პუტინმა მაყურებელს მაკეინის კრიტიკის თავისებური ინტერპრეტაცია შესთავაზა:

„ეს რუსეთთან მიმართებაში იყო ნათქვამი და არა ჩემს წინააღმდეგ. არსებობს ხალხი, რომლებსაც რუსეთის გვერდზე გაწევა სურთ. მათ არ უნდათ, რომ რუსეთმა მსოფლიოს ბატონობაში ხელი შეუშალოს. და ძალიან ეშინიათ ჩვენი ბირთვული არსენალის. სწორედ ამის გამო გვაქცევენ გადამეტებულ ყურადღებას.“

პუტინის თქმით, ამერიკელ ხალხს აღარ სურს „მსოფლიოს ჟანდარმი“ იყოს. ეს განცხადება მან ამერიკელი ჯარისკაცების ერაყიდან გამოყვანას დაუკავშირა.

ტვიტერსა და ფფეისბუქზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, რუსეთის ახალგაზრდებს - ეგრეთ წოდებულ ინტერნეტ თაობას პრემიერის გამოსვლა არ მოეწონა. მისი სატელევზიო მარათონის მსვლელობისას იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მომდევნო საპროტესტო აქციაში მონაწილებას გეგმავენ უპრეცედენტოდ გაიზარდა და 22 ათასს მიაღწია.

XS
SM
MD
LG