ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა როლს ასრულებს სოციალური მედია სირიაში მიმდინარე მოვლენებში?


რა როლს ასრულებს სოციალური მედია სირიაში მიმდინარე მოვლენებში?

უკვე შვიდი კვირის მანძილზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ სირიაში სახალხო აჯანყება მძვინვარებს. სახალხო მოძრაობების მიერ ტუნისსა და ეგვიპტეში დიქტატორული რეჟიმების დამხობამ ავტორიტარული რეჟიმით უკმაყოფილო ახალგაზრდა სირიელები შეაგულიანა. საპროტესტო აქციებისთვის მომზადება სირიელებმა ჯერ ინტერნეტზე, სოციალური მედიის საშუალებით დაიწყეს, ხოლო შემდგომში კი მათ ქუჩებში გადაინაცვლეს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი მარგარეტ ბეშირი მეზობელი ლიბანიდან.

ინტერნეტსა და ფიჭურ სატელეფონო ქსელებზე პერიოდული შეფერხებების მიუხედავად, ახალგაზრდა სირიელი აქტივისტები ფიჭვურ ტელეფონებსა და კომპიუტერებს ინტენსიურად იყენებენ. სოციალურ მედია ვებ გვერდ „ფეისბუქზე“ ინფორმაციის განახლების, „თვითერზე“ ახალ-ახალი გზავნილების განთავსებისა და „იუთიუბზე“ ვიდეო მასალების ატვირთვის მეოხებით ისინი სირიის საზღვრებს გარეთ მოღვაწე უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას უწყვეტლივ აწვდიან. სწორედ სირიელი აქტივისტების დაუღალავი საქმიანობის გამო მსოფლიო სირიაში შექმნილ მდგომარეობაზე ახალ ამბებს იგებს რადგან დამასკომ უცხოელი ჟურნალისტების უმრავლესობას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

აქტივისტები აღნიშნავენ, რომ სოციალური მედიის ისეთი საშუალებები როგორც „ფეისბუქი“ და „თვითერი“ სირიაში რამდენიმე თვის წინ ფართოდ ცნობილი არ იყო. ეგრეთწოდებული „არაბული გაზაფხულის“ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გავრცელების ფონზე, სირიის ახალგაზრდობამ სოციალური მედიის როლის შესახებ შეიტყო. ახლა ათასობით ახალგაზრდა სირიელი სოციალურ მედიას აქტიურად იყენებეს.

სირიელი აქტივისტი რამი ნახლე ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ლიბანში ცხოვრობს. მშობლიურ სირიაში მას დაპატიმრება ემუქრება. რამი ნახლეს თქმით, სახალხო აჯანყებისთვის მზადება ახალგაზრდებმა ჯერ ინტერნეტზე დაიწყეს, ხოლო შემდეგ კი საპროტესტო აქციები ქუჩებში მოაწყვეს, რომელშიც მათ სხვადასხვა ასაკის ხალხი ჩართეს.

„ეს არის ჭეშმარიტად სპონტანური რევოლუცია. სწორედ ასე აღვწერდი მე მას. მას ახალგაზრდები უძღვებიან. მოსახლეობას საპროტესტო დემონსტრაციების მოწყობისკენ ხომ სწორედ ახალგაზრდები მოუწოდებდნენ. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, უფროსი თაობის წარმომადგენლები სახლებში დარჩებოდნენ. როცა უფროსმა თაობამ მეჩეთებსა და ქუჩებში დემონსტრაციები დაინახა, ჩვენ შემოგვიერთდა. სწორედ ასე მოხდა ეს. ყოველივეს ორგანიზებას ახალგაზრდები უწევდნენ,“ აღნიშნა სირიელმა აქტივისტმა.

დემონსტრანტები მთავრობისგან რეპრესიული საგანგებო მდგომარეობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ. ისინი აგრეთვე პოლიტიკური პარტიების დაკანონებისა და კორუმპირებული ოფიციალური პირების მოხსნის მოთხოვნებით გამოვიდნენ.

დემონსტრანტების მოთხოვნებს პრეზიდენტმა ასადმა რეფორმების ჩატარების დაპირებით უპასუხა. 21 აპრილს სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გააუქმებს კანონს, რომლის თანახმადაც პირების დაკავება დაპატიმრების ორდერის გარეშე დაშვებული იყო. თუმცა ყოველგვარი ოფიციალური განცხადებების ან გაფთხრილების გარეშე, სირიის უსაფრთოხების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. შედეგად ასობით ახალგაზრდა აქტვისიტი დააკავეს და ზოგი რეპრესიებს შეეწირა კიდეც.

სირიელი აქტივისტი ხალედ ელ ეხეიტარი აღნიშნავს, რომ ვინაიდან მთავრობამ სირიაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება აკრძალა, მსოფლიო არეულობის შესახებ დემონსტრანტებისგან იგებს.

„ისინი, ვინც დემონსტრაციებს აწყობენ, საპროტესტო აქციებს ვიდეოკამერაზე იღებენ და მათ ხშირად რეალური ფიზიკური საფრთხე ემუქრებათ. გადაღების შემდეგ მათ ვიდეო მასალების ინტერნეტზე ატვირთვა უხდებათ. ამდენად გამოდის ისე, რომ ისინი ყველაფერს თვითონ აკეთებენ,“ აღნიშნა ხალედ ელ ეხეიტარმა.

აქტივისტები და ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სირიაში სამშვიდობო პროტესტების უკან აშკარად გამოკვეთილი ლიდერები არ დგანან.

ბეირუტში საერთაშორისო არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოტჩის“ წარმომადგენლობის დირექტორი ნადიმ ჰური ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დემონსტრანტების ორგანიზების დონე საკამოდ არაფორმალურია. ამას გარდა, ანტი-სამთავრობო აქტივისტთა რიგებში შედიან როგორც საერო და ლიბერალური ორიენტაციის ადამიანები, ისე უფრო ტრადიციული და კონსერვატიული მსოფლმხედველობის მქონე სასულიერო პირები, შეიხებისა და იმამების ჩათვლით.

„ეს ზემოდან მართვადი ძალისხმევა როდია. ეგვიპტისა და ტუნისის მსგავსად, მოძრაობა სპონტანურად წარმოიქმნა. სირიის შემთხვევაში, ყველაფერი ქალაქ დარააში ადგილობრივი მოთხოვნებით დაიწყო რადგან იქ საიდუმლო სამსახურს განსაკუთრებულად სასტიკი ადამიანი უძღვებოდა. შემდეგ კი აქტივისტებმა ინფორმაცია გაავრცელეს და დემონსტრაციები გახშირდა,“ დასძინა ნადიმ ჰურიმ.

XS
SM
MD
LG