ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ხდება პარტიების დაფინანსება აშშ-ში?


როგორ ხდება პარტიების დაფინანსება აშშ-ში?

გასულ კვირას უმაღლესმა სასამართლომ საარჩევნო კამპანიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი კანონი მიიღო.

ზუსტად ორი წლის წინ, შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ განიხილა საარჩევნო კამპანიების დაფინანსების საქმე, სახელწოდებით „გაერთიანებული მოქალაქეები“ (Citizens United). სასამართლოს გადაწყვეტილებით კანდიდატების დაფინანსება კორპორაციების და პროფკავშირების მხრიდან მკაცრად შეიზღუდა. თუმცა, მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, იგივე უფლება ინდივიდუალურ იურიდიულ პირებს არ ჩამოერთვა.

ექსპერტების ნაწილი ამ დადგენილების მიღებას დიდ წინააღმდეგობას უწევდა. მათ მიაჩნდათ, რომ ის ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ ფუნდამენტურ უფლებას -სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგებოდა.

დადგენილებამ გზა ე.წ. „სუპერპაკს“ გაუხსნა, რომელიც იშიფრება, როგორც პოლიტიკურ ქმედებათა სუპერ კომიტეტი (Super PAC). კანონის მიხედვით, მსგავსი ორგანიზაციები კამპანიებისგან დამოუკიდებლად და კანდიდატების მხრიდან კოორდინირების გარეშე უნდა მოქმედებდნენ. თუმცა, ძალიან ხშირად მათი ქმედების დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დგება, რადგან „სუპერპაკის“ ხელმძღვანელები ისევ კანდიდატების ყოფილი თანამებრძოლები, ან მათი თანაშემწეები არიან.

რესპუბლიკელთა შორის მიმდინარე საპრეზიდენტო ნომინაციის მარათონზე ეს ხარვეზი მთელი სიცხადით წარმოჩნდა. პრეზიდენტობის კანდიდატის, ნიუტ გინგრიჩის მიერ აიოვას შტატის არჩევნების წაგება ამის საუკეთესო მაგალითი იყო. გინგრიჩი უმაღლეს სასამართლოში იმ გადაწყვეტილების თავგამოდებული მომხრე იყო, რომელიც დღეს მის წინააღმდეგ შემობრუნდა და კანდიდატმა საკუთარ თავზე იწვნია საარჩევნო კანონის არასრულყოფილების შედეგი.“ეს ალბათ შეცდომა იყო“ - აცხადებს დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი. აიოვას შტატში არჩევნებამდე გინგრიჩი გამოკითხვების ერთპიროვნული ლიდერი იყო, მიტ რომნის მხარდამჭერი „სუპერპაკის“ მიერ გავრცელებული სატელევიზიო ანტირეკლამის შემდეგ კი, მან არჩევნები მეოთხე ადგილით დაასრულა.

ნიუ იორკის ქალაქის საბჭოს წევრი, დემოკრატი ჩარლზ ბარონი სიტუაციას ბედის ირონიას უწოდებს:

„გინგრიჩზე უკეთესი კანდიდატი ამ შემთხვევაში სხვა არავინ იქნებოდა. სწორედ მან შეუწყო ხელი და გაუხსნა გზა მდიდარ ამერიკელებს ნებისმიერი თანხით შეეწყოთ ხელი კამპანიებისთვის. და მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა ის კანონი, რომლის მიღებასაც ასეთი მონდომებით ცდილობდა, ისევ თვითონ იზარალა ყველაზე მეტად“.

ნიუ იორკის ქალაქის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შესწორების შეტანას აპირებს. იგივე მოხდა ამერიკის ზომით მეორე დიდ ქალაქში, ლოს ანჟელესში, სადაც ანალოგიური რეზოლუცია მიიღეს.

გასულ კვირას უმაღლესმა სასამართლომ საარჩევნო კამპანიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი კანონი მიიღო. უარყოფილი იქნა საკანონმდებლო შესწორება უცხოური ფირმებისთვის ამერიკის საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობის შეზღუდვის მოხსნის შესახებ.

საზღვარგარეთულ კომპანიებს, ისევე როგორც ინდივიდუალურ იურიდიულ პირებს, ძველებურად ეკრძალებათ შეერთებული შტატების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. გამონაკლისს მხოლოდ ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც ამერიკაში იმიგრირებულები არიან და აქ მუდმივად ცხოვრობენ.

XS
SM
MD
LG