ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადამეტებული მოლოდინი თუ ორმხრივი ურთიერთობების ახალი ერა?


გადამეტებული მოლოდინი თუ ორმხრივი ურთიერთობების ახალი ერა?

რუსეთისა და პოლონეთის გენერალურმა პროკურორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მათ უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.

ორშაბათს , 6 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პოლონეთში პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკის მიწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად რუსეთმა და პოლონეთმა თანამშრომლობის შვიდი ხელშკერულება გააფორმეს. რუსეთისა და პოლონეთის გენერალურმა პროკურორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მათ უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.

მოსკოვი და ვარშავა თვლიან, რომ რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს.

„მხარეები აღიარებენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მნიშვნელობას, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს და რუსეთ-ევროკავშირის თანამშრომლობას ვაჭრობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დამყარებულ ინვესტიციების მოზიდვის სფეროში გააფართოვებს “ - აღნიშნულია დეკლარაციაში ეკონომიკის მოდერნიზაციის თაობაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს ხელი მოეწერა.

რუსეთის ფედერაციისა და პოლონეთის პრეზიდენტები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ ისინი სმოლენსკის მახლობლად, აპრილში მომხდარი საჰაერო კატასტროფის გამოძიებაზე პირად მეთვალყურეობას დააწესებენ.როგორც ცნობილია, ხსენებულ ავიაკატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი დაიღუპა:

„ჩვენ მზად ვართ ბოლომდე მივიყვანოთ გამოძიება, რომელიც ამჟამად სმოლენსკის კატასტროფის მიზეზებს იკვლევს" - აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

მედვედევმა პოლონეთში თავის ვიზიტს რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობების ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა:

„სამწუხაროდ ჩვენი ურთიერთობები გაუარესდა, მაგრამ ახლა ჩვენ რეალური შესაძლებლობა მოგვეცა, რათა ორმხრივ ურთიერთობებს ახალი განწყობა შევმატოთ და თანამშრომლობის ახალი ეტაპი დავიწყოთ “ - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვიდრე მედვედევი პოლონეთში ჩავიდოდა, მან პოლონეთის საინფორმაციო სააგენტოებს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც კერძოდ აღნიშნა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ავიაკატასტროფის გამოძიებისას, რუსეთის მხარემ მაქსიმალური გამჭვირვალეობა გამოიჩინა და ვარშავას გამოძიების მსვლელობის შესახებ ამომწურავი მასალები მიაწოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიიღო საგანგებო განცხადება, რომელიც კატინში პოლონელი ოფიცრების მასობრივ დახვრეტას გმობს, როგორც სტალინის რეჟიმის დანაშაულს. დუმას განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ რუსეთი პოლონეთს მეგობრობის ხელს უწვდის.

ამასობაში პოლონეთის პრემიერ მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მართალია მედვედევის ჩამოსვლა ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპისკენ მიგვითითებს, ორმხრივ ურთიერთობებში კვლავინდებურად გარკვეული სირთულეები შეინიშნება.

საგარეო პოლიტიკის სფეროში პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის წამყვანი ექსპერტის მაქსიმ მინაევის აზრით, მედვედევის ვიზიტი მოსკოვსა და ვარშავას შორის განახლებული დიალოგის მწვერვალს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ორმხრივი დიალოგი მიმდინარე წლის დასაწყისში პრემიერ მინისტრებმა დონალდ ტუსკმა და ვლადიმირ პუტინმა წამოიწყეს:

„თუ ჩვენ ბრონისლავ კომოროვსკის დღევანდელ პოზიციას კარგად დავუკვირდებით, უდავოდ შევამჩნევთ იმას, რომ მოსკოვის მიმართ დამოკიდებულება უფრო პრაგმატული გახდა, რაც მედვედევის ვიზიტის მსვლელობისას გამოიხატა კიდეც. ხოლო სახელმწიფოთა შორის დიალოგის დონეზე რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა ან მიღწევა, არ დაფიქსირებულა “ - აღნიშნა რუსმა ექსპერტმა.

ექსპერტების ყურადღება აგრეთვე რუსეთის სამთავრობო დელეგაციის უპრეცედენტო წარმომადგენლობითმა შემადგენლობამაც მიიპყრო. რუსეთის პრეზიდენტთან ერთად პოლონეთის დედაქალაქში გენერალური პროკურორი იური ჩაიკა, იუსტიციის მინისტრი ალექსანდრე კონოვალოვი, ეკონომიკის მინისტრი ელვირა ნაბიულინა, „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი და „ლუკოილის“ პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი ჩავიდნენ. კომოროვსკისთან შეხვედრის დროს მედვედევმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განავითარონ და მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას ხელი შეუწყონ.

მაქსიმ მინაევს მიაჩნია, რომ ვიზიტის დროს პოლიტიკურ სფეროში და განსაკუთრებით კი სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების კუთხით, რაიმე მნიშვნელოვანი მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელი იყო.ორმხრივი დიალოგის განმტკიცების მთავარი წყარო ეკონომიკური საკითხების განხილვა გახდა.

„პოლონეთი ამჟამად სამხედრო-ტექნიკურ კავშირებს მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და გერმანიასთან ანვითარებს. პოლონეთის სამხედრო ძალების მოდერნიზაცია სწორედ ამ კავშირებს ეფუძნება. შეერთებული შტატები პოლონური არმიის მოდერნიზაციაში მნიშვნელოვან სახსრებს აბანდებს “ - დასძინა მაქსიმ მინაევმა.

მინაევის პროგნოზის თანახმად, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორმხრივ ურთიერთობებში დღევანდელ აღმავლობას მალე გარკვეული ჩავარდნა შეცვლის.

XS
SM
MD
LG