ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალური ასამბლეა რამდენიმე დღეში მუშაობას იწყებს


გენერალური ასამბლეა რამდენიმე დღეში მუშაობას იწყებს

გასულ წელს ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, გენერალურ ასამბლეაზე იმედი გამოთქვა, რომ პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკება გაღრმავდებოდა.

მსოფლიოს ლიდერები გაეროში ყოველწლიურ ასამბლეაზე იკრიბებიან. ბევრი რამ შეიცვალა დედამიწაზე გასულ სექტემბერს მათი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ. ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში პოლიტიკურ ძალთა ხელახალი გადანაწილება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩაიშალა პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკებები. ეს თემები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დომინანტური იქნება.

ასამბლეა ყველაზე მეტ დროს პრო-დემოკრატიულ პროტესტთა სერიას დაუთმობს, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში დაწყო და იემენამდე თითქმის მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიცვა. როდესაც მარტის დემონსტრაციებზე რამდენიმე ათეული იემენელი მოკლეს, ქვეყნის წარმომადგენელი გაეროში -აბდულა ალსაიდი- თანამდებობიდან გადადგა. დღეს ის ნიუ იორკში საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია. ბატონი ალსაიდი თვლის, რომ ამ ქვეყნებს ყველაზე მეტად საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა დემოკრატიის გარდამავალი პერიოდი მათთვის შედარებით უმტკივნეულო იყოს.

„ზოგიერთ სახელმწიფოს ეკონომიკური მხარდაჭერა დასჭირდება. სავარაუდოდ ეს იქნება სირია და იემენი. ზოგს კი - არა, მაგალითად ლიბიას, რომელსაც დიდი რაოდენობით ნავთობის მარაგი გააჩნია. მაგრამ ყოველ მათგანს დასჭირდება პოლიტიკური თანადგომა, კერძოდ - დიდი ხნის დიქტატორული რეჟიმის შემდეგ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის სახით“.

გასულ წელს ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, გენერალურ ასამბლეაზე იმედი გამოთქვა, რომ პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკება გაღრმავდებოდა და მომავალ წელს გაეროს სხდომაზე პალესტინის წარმომადგენლობა გამოჩნდებოდა:

„ისრაელის მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ებრაული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის დამოუკიდებელი პალესტინის არსებობა აუცილებელია და მასში პალესტინელებს ღირსეულად უნდა შეეძლოთ ცხოვრება“.

მაგრამ ისრაელის მიერ განხორციელებულმა სამოსახლოების გაფართოების პროგრამამ სამშვიდობო მოლაპარაკებების სრული კოლაფსი გამოიწვია. ახლა პალესტინა ქვეყნის 1967 წლის 4 ივნისის საზღვრებში აღიარებას და გაეროში სრულ წარმომადგენლობას ითხოვს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი -ვიქტორია ნულანდი- აცხადებს, რომ თუკი გაეროს უშიშროების საბჭო ამ საკითხს კენჭისყრაზე დააყენებს, ვაშინგტონი მას დაბლოკავს:

„აქ დამსწრეთაგან არავის უნდა უკვირდეს, რომ შეერთებული შტატები პალესტინის მცდელობას ხელს შეუშლის. პალესტინის სახელმწიფოს დაფუძნება მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული მოლაპარაკების შედეგად შეიძლება. ასე რომ - დიახ, თუკი საქმე უშიშროების საბჭოში კენჭისყრამდე მივა, ამერიკა ვეტოს უფლებას გამოიყენებს“.

ყველაფრის მიუხედავად იემენის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში, ბატონი ალსაიდი, თვლის, რომ პალესტინას დასაკარგი არაფერი აქვს. ისინი მაინც შეეცდებიან გაფართოებული საზღვრებით აღიარების მოპოვებას გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე.

გაერო გარკვეულ დროს რამდენიმე სხვა საერთაშორისო საკითხის განხილვასაც დაუთმობს. მათ შორის: აფრიკაში მიმდინარე გვალვებს, ავღანეთის ომს და ბირთვულ გაუვრცელებლობას.

XS
SM
MD
LG