ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ მინისტრი სერჟ საქისიანი საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა, სომხეთის ოპოზიცის ლიდერი ამბობს, რომ ის მზად არის ქვეყანას უხელმძღვანელოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ვუხელმძღვანელოთ ჩვენს ქვეყანას“ - თქვა ნიკოლ პაშინიანმა, რომელიც პირველი იყო, ვინც მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სარქისიანის წასვლის შემდეგ, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის, ქვეყნის პარლამენტს კვლავ მმართველი რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს.

იმის პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები - რთულია, ამბობენ მიმომხილველები.

„ეს ჯერ დასაწყისია, ჯერ-ჯერობით ნათელი არაა, თუ როგორ დასრულდება ყველაფერი, არაა ნათელი ვინ იქნება შემდეგი პრემიერ-მინისტრი, თუმცა მე ვფიქრობ, საპროტესტო გამოსვლები გაართულებს მმართველი პარტიის საქმეს, მათ თუ ხელისუფლებაში დარჩენა სურთ, უფრო ინოვაციური კანდიდატის წარდგენა მოუწევთ “, - ამბობს პოლ სტრონსკი კარნეგის ფონდიდან. „ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში, მოუწევს სომეხი ხალხის მესიჯის გათვალისწინება, რათა ქვეყანას მათ უფრო ანგარიშვალდებული და უკეთესი მთავრობა ჰყავდეს“, - ამბობს ის.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ამ დროისთვის კარენ კარაპეტიანი ასრულებს, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების ძალაში შესვლამდე 2016-2018 წლებში პრემიერის პოსტს იკავებდა. იგი 2010-11 წლებში ერევნის მერი იყო და 2011 წლიდან ის გაზპრომში მუშაობდა. კარაპეტიანის რუსული კავშირები, სომხეთისთვის, სადაც ქვეყნის ელიტის უდიდესი ნაწილი მოსკოვთან კავშირშია- გასაკვირი არ არის.

სომხეთში განვითარებულ მოვლენებს და საპროტესტო გამოსვლებს მოსკოვის მხრიდან ფრთხილი რეაქცია მოჰყვა. თუ 2015 წელს „ელექტრო-ერევანის“ პროტესტებს რუსული მედია აშუქებდა, როგორც დასავლეთის მიერ „მაიდანის“ მოწყობის კიდევ ერთ მცდელობას, სარქისიანის გადადგომას კრემლი მიესალმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სომეხი ხალხი შეაქო. „სომხეთო, რუსეთი ყოველთვის შენთანაა“, - განაცხადა მან. ამასთან, კარაპეტიანი რუსეთის პრემიერს, დიმიტრი მედვედევს ესაუბრა. რუსული მედიის ინფორმაციით, მედვედევმა მასთან საუბარში ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის „მეგობრულ“ ურთიერთობას და აღნიშნა, რომ სიტუაცია „საკონსტიტუციო ჩარჩოში უნდა დარჩეს“.

რუსული ინტერესები სომხეთში გასული წლების მანძილზე რამდენჯერმე დადგა გამოწვევის წინაშე: უსაფრთხოების კუთხით, როდესაც გიუმრიში ოჯახის მკვლელობას რუსი ჯარისკაცის მიერ, მოსკოვისკენ მიმართული გამოსვლები მოყვ და ეკონომიკური ჰეგემონიის კუთხით, როდესაც ერევნის ქუჩებში მოსახლეობამ ენერგიაზე ფასების მატება გააპროტესტა.

სარქისიანის გადადგომაზე, რუსეთის პასიური რეაქციის უკან, ერევნის გეოპოლიტიკური ვექტორის შებრუნების შანსის ნაკლებობაა. ერევნისთვის მოსკოვი, თურქეთის და აზერბაიჯანის პირისპირ, უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია.

„აზერბაიჯანთან რთული ურთიერთობის, თურქეთთან დახურული საზღვრის და რუსეთზე დამოკიდებულების გათვალისწინებით, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში [სომხეთისთვის] ევროპისაკენ სრული შემობრუნება გამოწვევა იქნება“ , - ამბობს პოლ სტრონსკი.

უსაფრთხოების, ეკონომიკური და ფინანსური ინტერესებით სომხეთი მოსკოვზეა დამოკიდებული. ერევანი ევრაზიული კავშირის წევრია. მათ 2016 წელს რუსეთთან თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს. სომხეთი მასპინძლობს რუსეთის სამხედრო ბაზას, სადაც 3000 რუსი ჯარისკაცია განთავსებული. ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ელიტა, მოსკოვთან ახლო კავშირშია. ​მოსახლეობის ნახევარი რუსულ ტელევიზიას იყენებს და ქვეყანაში ORT მეოთხე ყველაზე ყურებადი ტელეარხია. თუმცა, როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, მოსახლეობაში რუსეთის მიმართ პოზიტიური განწყობები მცირდება. „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის მიხედვით, 2017 წელს სომხეთის მოსახლეობის 64% აღიქვამდა რუსეთს პოზიტიურად, მაშინ როცა 2013 წელს ამ მოსაზრებას მოსახლეობის 83% იზიარებდა.

სომხეთმა 2017 წელს ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში "ყოვლისმომცველ და ვრცელი პარტნიორობის შეთანხმებას (CEPA)" მოაწერა ხელი, რომელიც ბრიუსელსა და ერევანს შორის უსაფრთხოების, ეკონომიკურ თუ ადმინისტრაციულ საკითხებში კავშირის გაღრმავებას გულისხმობს. თუმცა, 4 წლით ადრე, ერევანმა ასოცირების ხელშეკრულებასთან მიერთებაზე უარი განაცხადა, და რუსეთის დაარსებულ "ევრაზიულ საბაჟო კავშირს" შეუერთდა. მიმომხილველები ამბობენ, რომ ერევანს სურს მიიღოს სარგებელი დასავლეთისგან ისე, რომ მოსკოვის აღშფოთება არ გამოიწვიოს. სომხეთის მომავალი ლიდერი, იქნება ეს კარაპეტიანი თუ სხვა ამ საგარეო პოლიტიკის კურსს შეინარჩუნებს, - ამბობს იუვალ ვებერი კენანის ინსტიტუტიდან.

„სომხეთის ნებისმიერი ლიდერი პრო-რუსულად უნდა იყოს განწყობილი... სომხეთს რუსეთი საკუთარი თავის დასაცავად სჭირდება აზერბაიჯანის წინააღმდეგ და მთიან ყარაბახზე კონტროლის შენარჩუნებისთვის. თვითონ ოპოზიციის ლიდერმა, პაშინიანმა თქვა, რომ არ იგეგმება სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ცვლილება“, - ამბობს ვებერი.

სომხეთის მოსახლეობას ქვეყანაში კორუფცია, ქვეყნიდან ემიგრაცია და სოციალური მდგომარეობა აწუხებთ. ოფიციალური მონაცემებით სიღარიბე 30 პროცენტს აღწევს და ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდება. კორუფცია ენდემურია და მას ხელს ელიტის რუსეთთან კავშირები კიდევ უფრო უწყობს. კენანის ინსტიტუტის მკლევარი, იუვალ ვებერი ამბობს, რომ სომხეთის ახალი პოლიტიკური მმართველების გამოწვევა სწორედ ამ საკითხებთან გამკლავებაა გეოპოლიტიკური სტაბილური კურსის შენარჩუნების ფონზე.

„სომხეთის პოლიტიკური ელიტის დავალებაა არ ავნოს რუსეთის ინტერესებს საპროტესტო გამოსვლებით, რომ რუსეთისთვის მოცემულობა გაგრძელდეს და ასევე აზერბაიჯანისთვის, მიუხედავად საომარი მდგომარეობისა და ცუდი ურთიერთობებისა. ორივე მხარისთვის მოცემულობა სტაბილურობას გულისხმობს. თუ სომხეთის ელიტა შეინარჩუნებს მოცემულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, მათ გაუჩნდებათ პოლიტიკური სივრცე შიდა ცვლილებებისთვის. ხალხი სწორედ ამ მიზეზით გამოვიდა ქუჩაში“, - აცხადებს ვებერი.

სომხეთის მშვიდობიანმა დემონსტრაციებმა თავდაპირველ მიზანს მიაღწია. სარქისიანი ხელისუფლებიდან წავიდა. მოჰყვება თუ არა მის გადადგომას სომხეთში პოლიტიკური სისტემის ცვლილება - ეს რთული სათქმელია.

თუმცა, ერევნის გამოსვლებმა რეგიონის ქვეყნებს აჩვენა, რომ მშვიდობიანი პროტესტით მიზნის მიღწევა შესაძლებელია, რაც მეზობელი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის შესაძლოა პრეცედენტად იქცეს, - ამბობენ მიმომხილველები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG