ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეფექტურია თუ არა რუსეთზე დაწესებული სანქციები


ვალუტის გადაცვლის პუნქტი მოსკოვში

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციების ბოლო რაუნდი, 2018 წლის შუალედურ არჩევნებზე ჩარევის მცდელობისთვის დაუწესა. სანქციების სერია 2014 წელს დაიწყო, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის და ყირიმის ანექსიის შემდეგ. კრემლის დამოკიდებულება მას შემდეგ, დრამატულად არ შეცვლილა. როგორ მოქმედებს და საერთოდ, რამდენად ეფექტურია კრემლისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები?

2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთი განსაკუთრებით აგრესიული გახდა. უკრაინაში შეჭრის და ყირიმის ანექსიის გარდა, იყო სკრიპალების მოწამვლის გახმაურებული საქმე ბრიტანეთში, თუ სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის არაერთი მცდელობა.

სექტემბრის მიწურულს, ვაშინგტონმა მოსკოვს ეკონომიკური სანქციების კიდევ ერთი რაუნდი დაუწესა. ამან მართალია, რუსული რუბლის კოლაფსი და ეკონომიკური განვითარების შენელება გამოიწვია, მაგრამ ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთის ქცევა საერთაშორისო არენაზე არ შეცვლილა. ამასობაში კი დასავლეთს კრემლზე ზეწოლის ბერკეტები ეწურება.

ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში, ჯონ ჰანტსმანი „უოლ-სტრიტ ჯორნალში“ წერს: „საგარეო პოლიტიკაში არასწორი საქციელის გამო, სანქციებით გაფრთხილება ჩვენთვის ჩვეულ პრაქტიკად იქცა“, მაგრამ ამას ყოველთვის სასურველი შედეგი არ მოაქვს. ზოგი თვლის, რომ პრობლემა არა სანქციებში, არამედ დანერგვის გზებშია. მათ შორისაა ივოლ უებერი, კენანის ინსტიტუტის მკვლევარი.

„როცა შეერთებულ შტატებს ირანში ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარების შეწყვეტა აინტერესებდა, უზარმაზარი რაოდენობით სანქციები დაუწესეს, გრანდიოზული წნეხის კამპანია დაიწყეს ამ ერთ საკითხზე. რუსეთის შემთხვევაში, ეს საგარეო პოლიტიკის თითოეული მიმართულებით მოხდა: ინტერვენცია უკრაინაში, ყირიმის ანექსია, შეჭრა სირიაში, სკრიპალის მოწამვლა - სხვადასხვა საკითხებზე სანქციები ცალ-ცალკე დაწესდა.

ასე რომ, ინდივიდუალურად ეს დიდი ზეწოლაა. თუმცა კოლექტიურად, მთელი საგარეო პოლიტიკის ერთიანად დასჯის გრანდ-სტრატეგია პრეზიდენტ პუტინის და რუსეთის მიმართ, არაეფექტური იქნებოდა, რადგან პუტინს ეს არანაირ გამოსავალს არ დაუტოვებდა“ - აღნიშნავს ივოლ უებერი.

კრემლი ბრალდებების უმეტესობას უარყოფს. მოსკოვი ისევ ამტკიცებს, რომ არც არჩევნებში ჩარეულა და არც ბრიტანეთის მოქალაქეების, სკრიპალების მოწამვლაში მიუღია რუსეთის დაზვერვას მონაწილეობა. თუმცა, არც იმის თქმა შეიძლება, რომ სანქციები არ მოქმედებს. რუსული რუბლის კოლაფსის გარდა, სწორედ ეკონომიკური სანქციებმა გამოიწვია 2014-15 წლების ფინანსური კრიზისი, რომელიც რუსეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეეხო.

„მოსახლეობამ ყველაზე მეტად იზარალა... სანქციები რომ არა, რუსეთის ეკონომიკა გაცილებით სწრაფად გაიზრდებოდა, პირველ ეტაპზე მაინც“ - აღნიშნავს რიჩარდ უეიტსი, ჰადსონის ინსტიტუტის სამხედრო-პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი.

სანქციებმა პრეზიდენტ პუტინს საშუალება მისცა შიდა წრე კიდევ უფრო შეევიწროებინა და ამერიკის მტრის ხატად წარმოჩენის ხარჯზე, არაპოპულარული შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები გაემართლებინა. კრემლი სულ აცხადებდა, რომ სანქციები კონტრპროდუქტიულია და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

ანალიტიკოსების აზრით, ამერიკის ბოლო ორი პრეზიდენტის ადმინისტრაციას სანქციების მიმართ, ცოტა განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. ივოლ უებერის თქმით, „პრეზიდენტ ობამას დროს, სანქციები უფრო ფართო იყო. ფართო - არამარტო მიზნების, არამედ ინდივიდების შერჩევის მხრივაც. პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების სტილი პირველ რიგში იმით განსხვავდება, რომ არ წესდება ისე სწრაფად, როგორც ამას კანონი ითხოვს. საბოლოო ჯამში, ორივე ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა უფრო როგორც ლეგალური პასუხისმგებლობა და გამოაცალა მას პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი - მთავარი არსი“.

გამოდის, რომ ამერიკის ვერცერთმა ადმინისტრაციამ ვერ მიაღწია რუსეთის ქცევის შეცვლას საერთაშორისო არენაზე. ხომ არ დადგა დრო, ამერიკელმა კანონმდებლებმა მოითხოვონ გაცილებით ეფექტური ზომები, ან შეიცვალოს მიზნები, რისთვისაც კრემლს მომავალში სანქციებს დაუწესებენ? აშკარაა, რომ ეს საკითხი სერიოზულ გადახედვას მოითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG