ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმომხილველები ვაშინგტონში: საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა


შეერთებული შტატების ადმინისტრაცის ყოფილი და ახლანდელი წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, რათა მოსკოვმა რეგიონში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს. ამ საკითხებზე მათ გასულ კვირას „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ტრამპის ადმინისტრაცის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის მოლაპარაკებეში კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს მოსკოვს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი განაგრძობს სიტუაციის დესტაბილიზაციას უკრაინაში.

“თქვენ ხედავთ ახალ სანქციებს ყოველ ერთ-ორთ თვეში “, - განაცხადა ვოლკერმა. მისი თქმით, სანქციების მიზანია ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე კონფლიქტის გადაწვეტისთვის.

ვოლკერს ეთანხმება ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ. ის საუბრობს იმაზე, რომ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების და სტაბილურობის შესანარჩუნებლად საჭიროა რუსეთის მიმართ მტკიცე პოლიტიკა.

„რუსები უფრო აგრესიულ მეთოდებს მიმართავენ, იქნება ეს ოკუპაცია, დეზინფორმაცია თუ კიბერ-შეტევები. ნატოს და ევროკავშირს მეტის გაკეთება შეუძლიათ, რათა საქართველოს თავდაცვის გაუმჯობესებაში დაეხმარონ. უფრო მტკიცედ უნდა მივუდგეთ რუსეთს. ვფიქრობ, სანქციები ხშირად გამოყენებული, მაგრამ ეფექტური იარაღია. თუ რუსები უარს იტყვიან კომპრომისზე იქნება ეს საქართველოს ოკუპაციის კუთხით თუ აღმოსავლეთ უკრაინაში, მათთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ“, - ამბობს ვერშბოუ.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და არა პირიქით, - ამბობს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი.

„ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ მეოცე საუკუნის ყოფილი ტუსაღი ქვეყნები, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა 21-ე საუკუნეში მძევლები არ გახდნენ. ეს ქვეყნები, რომლებსაც სურთ დასავლეთის და მისი ინსიტუტების ნაწილი გახდნენ, და რუსეთის ოკუპაციის მძევლები არიან, უნდა განვიხილოთ როგორც დასავლეთის ნაწილი და წარმოვიდგინოთ მათი მომავალი დასავლეთში. უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს, დღესაც კი ტერიტორიის ოკუპაციის მიუხედავად, შეუძლია მისი მისწრაფებების მიღწევა და ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველი ხალხთის გვერდით ამ მცდელობაში“, - განაცადა უილსონმა.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

„ნატოს უკანასკნელმა სამიტმა საქართველოს მისცა ყველაზე მტკიცე და ნათელი ნიშანი დღემდე იმისა, რომ ალიანსი რჩება ნატოში საქართველოს მომავლის ერთგულად. საქართველომ უფრო მეტ პროგრესს მიაღწია თავდაცვის განვითარების კუთხით, ვიდრე ნებისმიერმა სხვა აპირანტმა ქვეყანამ უახლოეს წარსულში. ეს პროცესი ერთ ღამეში ვერ დასრულდება. საჭიროა რეფორმების გაგრძელება, მათ შორის თავდაცვის სექტორში. თუმცა ჩვენ ვრჩებით ღია კარის პოლიტიკის ერთგული“, - თქვა მან.

ვაშინგტონში საქართველოს პროგრესზე საუბრობენ. თუმცა თბილისს დემოკრატიული კურსის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ეს, საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის ფუნდამენტური წინაპირობაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG