ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტია ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს


საერთაშორისო ამნისტია ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს

ანგარიშში მსოფლიოს გარშემო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროშ არსებული მდგომარეობაა შეფასებული.

საერთაშორისო არასამთავრობო სამართალდამცავმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტიამ“ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა

არასამთავრობო სამართალდაცავი ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ ახლახან გამოქვეყნებულ ყოველწლიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ზოგადად გასული წელი საერთაშორისო სამართლის სფეროში მიღწევების თვალსაზრისით ისტორიულ ეტაპს წარმოადგენდა. მაგრამ მოხსენებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ გარკვეული სახელმწიფოების მთავრობები კვლავინდებურად უგულვებელყოფენ ადამიანის უფლებების დაცვას. „საერთაშორისო ამნისტიის“ განცხადებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხალხი სიღარიბისგან და რეპრესიებისგან იტანჯება.

მსოფლიო სამწუხაროდ არ განიცდის სიღარიბისა და ადამიანთა დამცირების ნაკლებობას. მაგრამ „საერთაშორისო ამნისტიის“ ახლახან გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანთა უფლებების დამრღვევები, როგორც იქნა, სამართლის წინაშე წარსდგნენ.

ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი კლაუდიო კორდონე აღნიშნავს:

„ჩვენ ძალიან გვაიმედებს ის, რომ, მაგალითად, ლათინურ ამერიკაში გაასამართლეს პერუს, ურუგვაისა და არგენტინის ყოფილი სახელმწიფო მეთაურები.“

მაგრამ კორდონემ აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა საერთაშორისო სამართალს ხელს უწყობს მხოლოდ მაშინ, როცა ამას მთავრობებისთვის პოლიტიკური სარგებელი მოაქვს. მისი თქმით:

„ჩვენ კვლავინდებურად ვხედავთ, რომ ზოგიერთი მთავრობა საკუთარ ინტერესებს კანონის ზემოთ აყენებს. ამის ერთ-ერთი გამოხატულება ის გახლავთ, რომ ზოგი მთავრობა არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ქვეყნები მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ოცეულში შედიან. ამას გარდა, ჩვენ იმასაც ვაფიქსირებთ, რომ ზოგი მთავრობა საკუთარ პოლიტიკურ მოკავშირეებს საერთაშორისო მართლმსაჯულებისგან იცავს.“

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები არ აღიარებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. კორდონე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ადამიანთა უფლებების დარღვევების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში უაღრესად მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით კორდონემ აღნიშნა:

„სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ მიიღოს სათანადო ზომები მაშინ როცა მთავრობებს არ სურთ ან შეუძლიათ გარკვეული პირების გასამართლება.“

„საერთაშორისო ამნისტიამ“ გააკრიტიკა შეერთებული შტატები იმის გამო, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები კვლავინდებურად გუანტანამოს საპყრობილეში იმყოფებიან მიუხედავად პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაპირებისა, რომ ხსენებული სატუსაღო მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა დახურულიყო.

კორდონემ აგრეთვე განაცხადა, რომ რეპრესიები მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ამ მხრივ მან გამოყო ირანის მთავრობის მოქმედებები გასული წლის ივნისში ქვეყანაში გამართული სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მისი თქმით:

„ხალხს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იჭერდნენ და აწამებდნენ. თვით მთავრობამაც აღიარა ის, რომ პატიმრობაში მყოფი ქალები გააუპატიურეს.“

„საერთაშორისო ამნისტიის“ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების მსხვერპლნი ყველაზე ხშირად ღარიბი ქალები არიან.

ვაზმა ფრუღმა ავღანელი ქალების უფლებების დაცვას 13 წელი შეალია. მისი თქმით, ავღანეთის ქალაქებში მცხოვრებ ქალებს ახლა უფრო მეტი უფლება აქვთ, მაგრამ ისინი კვლავინდებურად ძალადობის მსხვერპლნი არიან. ვაზმა ფრუღი დასძენს:

„თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებები, მთავრობისა და საერთაშორისო კოალიციური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეები და საფრთხის სხვა წყაროები - ყოველივე ეს მოსახლეობის იმედს აბათილებს და შიშის ატმოსფეროს ქმნის.“

„საერთაშორისო ამნისტიის“ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მთავრობებმა უფრო დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ქალების თანასწორუფლებიანობის საკითხს, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG